ფოტო: yahoo.com
საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, დიდი ბრიტანეთი უკრაინას £100 მილიონის ღირებულების პაკეტს გადასცემს, რომელიც „პატრიოტის“ ტიპის რაკეტებისთვის დაფინანსებასაც ითვალისწინებს. მიზანი ზამთრის პერიოდში უკრაინის მხარდაჭერაა, რადგან კიევი რუსეთის მხრიდან ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების განახლებას ელის.
ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, პაკეტი საჰაერო თავდაცვის რაკეტებს, დიდი კალიბრის საარტილერიო ჭურვებსა და დრონებს მოიცავს. დახმარება უკრაინას NATO-ს უკრაინის პრიორიტეტული საჭიროებების ჩამონათვალის (PURL) მეშვეობით გადაეცემა.
გადაწყვეტილებას კიევში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ენდი ბერნჰემისა და თავდაცვის მინისტრის უეს სტრიტინგის ვიზიტები უძოდა წინ. ბრიტანული მხარის ცნობით, შეხვედრებისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ზამთრის მოახლოებამდე დამატებითი სამხედრო მხარდაჭერის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
„პრემიერ-მინისტრმაც და მეც, კიევში ჩვენი პირველი ვიზიტებისას, მოვისმინეთ, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერა ამ ზამთარს, რადგან პუტინი ზამთრის იარაღად გამოყენებას გეგმავს და მშვიდობიან მოსახლეობასა და ენერგეტიკულ ობიექტებზე ბარბაროსულ თავდასხმებს განაგრძობს“, – განაცხადა სტრიტინგმა.
ბრიტანეთმა მიმდინარე წელს უკრაინისთვის 120 000-ზე მეტი დრონის გადაცემის პირობა დადო. ამ დროისთვის დაახლოებით 25 000 დრონია მიწოდებული. მათ შორისაა რუსული დრონების გასანადგურებლად განკუთვნილი ინტერსეპტორი დრონები, სადაზვერვო და თავდასხმის სისტემები.
ლონდონმა უკრაინას დიდი კალიბრის საარტილერიო საბრძოლო მასალის მილიონი ჭურვი უკვე მიაწოდა და უახლოეს თვეებში დამატებით „ათობით ათასი“ შორ მანძილზე მოქმედი საარტილერიო ჭურვის გაგზავნას გეგმავს. საბრძოლო მასალების დაფინანსებაში ბრიტანეთთან ერთად გერმანია, დანია, ლიეტუვა, ნიდერლანდები, ნორვეგია და შვედეთიც მონაწილეობენ.
ახალი დახმარების პაკეტის შესახებ განცხადება უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის 36-ე შეხვედრის პარალელურად გაკეთდა. შეხვედრას, რომელსაც დიდი ბრიტანეთი და გერმანია თანათავმჯდომარეობენ, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამწევი თითქმის 50 ქვეყანა ესწრება.
ბოლო პაკეტს წინ უძღოდა ასევე შეთანხმება, რომლის საფუძველზეც ბრიტანულ თავდაცვის კომპანია MBDA-ს უფლება მიეცა, უკრაინულ მხარეს გაერთიანებული სამეფოს მიერ წარმოებული SCALP/Storm Shadow-ის შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტის კომპონენტებთან დაკავშირებული საიდუმლო ინფორმაცია გაუზიაროს. შეთანხმების მიზანი უკრაინაში ამ რაკეტების ადგილობრივი წარმოების ხაზების შექმნის ხელშეწყობაა.
გარდა ამისა, 24 აგვისტოს ბრიტანეთმა და უკრაინამ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზეც მიაღწიეს შეთანხმებას. მხარეები AI-ტექნოლოგიების გამოყენებით ახალი სამხედრო შესაძლებლობების განვითარებაზე იმუშავებენ.








