ფოტო: Getty Images
კანადამ აშშ-ის პროდუქციაზე საპასუხო ტარიფები აამოქმედა, რაც ორ ქვეყანას შორის 18-თვიანი სავაჭრო დაპირისპირების კიდევ ერთ ესკალაციას წარმოადგენს. ახალი ტარიფები დაახლოებით $20 მილიარდის ღირებულების ამერიკულ საქონელს შეეხება და პროდუქციის მიხედვით 15%-დან 50%-მდე განაკვეთებს ითვალისწინებს.
მათ შორის, ტარიფები ვრცელდება ფოლადზე, ავეჯზე, ტანსაცმელსა და ელექტრონიკაზე. კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გასულ თვეში აშშ-თან სავაჭრო შეთანხმების მიღწევის მცდელობები ჩაიშალა.
კანადისა და აშშ-ის წარმომადგენლები მოლაპარაკებების ჩაშლაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. დაპირისპირება დამატებით გაურკვევლობას ქმნის აშშ-ს, კანადასა და მექსიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (USMCA) მომავალთან დაკავშირებით. შეთანხმება ყოველწლიურ გადახედვას ექვემდებარება მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მისი კიდევ ათი წლით გაგრძელებაზე უარი თქვა.
კანადური მხარის საპასუხო ზომებამდე, გასულ თვეში აშშ-მა კანადიდან იმპორტირებულ რიგ პროდუქტებზე ტარიფები დააწესა. ამერიკული ტარიფები ღვინოს, ავეჯს, რძის პროდუქტებს, ცემენტს, ტანსაცმელს, სათევზაო აღჭურვილობასა და ჰოკეის ინვენტარს შეეხო და დაახლოებით $20 მილიარდის საქონელს მოიცავს, რაც აშშ-ში კანადის ექსპორტის 5%-ს შეადგენს.
კანადის მთავრობის მონაცემებით, მიმდინარე წელს ქვეყნის მთლიანი ექსპორტის თითქმის 68% აშშ-ში გაიგზავნა. მათგან დაახლოებით 80% USMCA-ის ფარგლებში, ტარიფებისგან გათავისუფლებული იყო. თუმცა ახალი ამერიკული ტარიფები, რომლებიც აშშ-ის ძველი, 1930-იანი წლების კანონმდებლობის საფუძველზე დაწესდა, კანადას შეთანხმებით გათვალისწინებული გამონაკლისების გამოყენების შესაძლებლობას არ აძლევს.
დაპირისპირების ფონზე კანადაში იზრდება შეშფოთება ინვესტიციებისა და ეკონომიკური ზრდის პერსპექტივების მიმართ. ქვეყნის ეკონომიკა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული აშშ-ის ბაზარზე, რომელიც კანადის ეკონომიკაზე დაახლოებით 13-ჯერ დიდია.
კარნიმ გასულ კვირას განაცხადა, რომ მისი მთავრობა მზად არის, აშშ-თან ისეთი სავაჭრო შეთანხმება გააფორმოს, რომელიც ორივე ქვეყნისთვის სარგებლის მომტანი იქნება. თუმცა, კანადის მთავრობის წყაროს ცნობით, ამჟამად ორ ქვეყანას შორის მინისტრებისა და სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირების დონეზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.
ამასთან, ტრამპმა გასულ თვეში განაცხადა, რომ შესაძლოა კანადიდან იმპორტირებულ ყველა ავტომობილზე, სატვირთო ავტომობილსა და ავტონაწილზე ტარიფი 50%-მდე გაზარდოს. ახალი ტარიფების ამოქმედება 1-ელი იანვრიდან იგეგმება.









