ფოტო: Reuters
ლატვიამ რუსეთიდან და ბელარუსიდან წიგნების, გაზეთებისა და სხვა ბეჭდური მასალების იმპორტი აკრძალა და გადაწყვეტილების მიზეზად „დეზინფორმაცია და ომის პროპაგანდა“ დაასახელა. ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორშაბათს AFP-ს განუცხადა.
ლატვიის საგარეო უწყების განცხადებით, იმპორტის აკრძალვა ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესების დაცვას და რუსეთთან და ბელარუსთან ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო შემცირებას ემსახურება, რადგან ორივე ქვეყანა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს აწარმოებს ან მხარს უჭერს.
ლატვია, რომელიც ევროკავშირისა და „ნატო“-ს წევრი სახელწიფოა, 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, კიევის ერთ-ერთი მტკიცე მხარდამჭერია. ლატვიის მთავრობის განცხადებით, ომის დაწყების შემდეგ, ქვეყანა მოსკოვის მხრიდან მუდმივი „ჰიბრიდული თავდასხმების“ სამიზნე გახდა.
წიგნების, გაზეთებისა და სხვა ტიპის ბეჭდური მასალების იმპორტზე აკრძალვა 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდა. ლატვიის ხელისუფლების ინფორმაციით, ეს ევროპის მასშტაბით რუსული სამომხმარებლო პროდუქციის წინააღმდეგ დაწესებული მსგავსი ტიპის პირველი შეზღუდვაა. წიგნებისა და ბეჭდური მედიის გარდა, აკრძალვა სხვა პროდუქციასაც, მათ შორის ტანსაცმელს, სათამაშოებსა და სპორტულ აღჭურვილობას, ეხება.
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, რუსეთიდან და ბელარუსიდან იმპორტი დაახლოებით 91%-ით შემცირდა. თუმცა, ამ კლების მიუხედავადაც, წიგნები და სხვა ბეჭდური მასალები კვლავ ერთ-ერთ უმსხვილეს სამომხმარებლო იმპორტის კატეგორიად რჩებოდა.









