Instagram-ის ამოქმედებიდან 16 წლის შემდეგ პლატფორმის ყველაზე პოპულარული პერსონალური ანგარიშების აუდიტორია ასობით მილიონ ადამიანს აერთიანებს. 2026 წლის აგვისტოს ბოლოს მდგომარეობით, Instagram-ზე გამომწერების რაოდენობის მიხედვით შედგენილ რეიტინგში ფეხბურთის ორი სუპერვარსკვლავი ლიდერობს. პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ 679 მილიონი გამომწერით პირველ ადგილს იკავებს, მეორე პოზიციაზე კი არგენტინელი ლიონელ მესია 516 მილიონი გამომწერით.
აღსანიშნავია, რომ სტატიაში მოცემული რეიტინგი 20 ყველაზე პოპულარულ პერსონალურ ანგარიშს მოიცავს და ბრენდების ანგარიშებს არ ითვალისწინებს.
როგორც აღვნიშნეთ, კრიშტიანუ რონალდუს Instagram-ზე 679 მილიონი გამომწერი ჰყავს, რაც ლიონელ მესის მაჩვენებელს 163 მილიონით აღემატება. ამასთან, Instagram-ის ოფიციალურ ანგარიშს თუ არ ჩავთვლით, რონალდუ პლატფორმაზე ბრენდების ანგარიშების გათვალისწინებითაც ლიდერობს.
41 წლის პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ორ ათწლეულზე მეტი ხნის სპორტული კარიერა და სოციალური მედიის მასშტაბური აუდიტორია კომერციულ შესაძლებლობადაც აქცია. მისი ერთ-ერთი მთავარი შემოსავლის წყარო სპონსორული გარიგებებია. სხვადასხვა შეფასებით, რონალდუ თითოეულ დაფინანსებულ პოსტში 3 მილიონ დოლარზე მეტს იღებს, რაც მის არასაფეხბურთო შემოსავალსა და მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენის სტატუსს კიდევ უფრო აძლიერებს.
მესის Instagram-ზე 516 მილიონი გამომწერი ჰყავს. „ინტერ მაიამის“ კაპიტანმა სანაკრებო დონეზე, საერთაშორისო ფეხბურთში კარიერის დასრულების შესახებ Instagram-ზე ცოტა ხნის წინ განაცხადა, რასაც მსოფლიო მასშტაბით დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
მესის ეკუთვნის ასევე Instagram-ის ისტორიაში ყველაზე მეტი მოწონების მქონე პოსტი – 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის გამარჯვების აღსანიშნავი ფოტოების კოლაჟს 75 მილიონზე მეტი მოწონება აქვს.
ფეხბურთის ორი ლეგენდის შემდეგ რეიტინგში ამერიკელი ცნობილი სახეები დომინირებენ.
მათ შორის, მესამე ადგილზე სელენა გომესია 403 მილიონი გამომწერით. გომესმა კარიერა Disney Channel-ის მსახიობისა და მომღერლის როლში დაიწყო, მოგვიანებით კი სოციალური მედიის გავლენა საკუთარი კოსმეტიკური ბრენდის, Rare Beauty-ის, განვითარებისთვის გამოიყენა.
მეოთხე ადგილს 381 მილიონი გამომწერით მსახიობი დუეინ „The Rock“ ჯონსონი იკავებს. ამავე რაოდენობის გამომწერი ჰყავს კაილი ჯენერსაც, რომელიც რეიტინგში მეხუთე ადგილზეა.
Instagram-ის ყველაზე პოპულარულ ანგარიშებს შორის განსაკუთრებით თვალსაჩინოა კარდაშიან-ჯენერების ოჯახის წარმომადგენლობა. კიმ კარდაშიანს 344 მილიონი გამომწერი ჰყავს, ქლოი კარდაშიანს – 291 მილიონი, კენდალ ჯენერს – 277 მილიონი, ხოლო კორტნი კარდაშიანს – 209 მილიონი.
რეიტინგის მიხედვით, Instagram-ის ყველაზე პოპულარულ 20 პერსონალურ ანგარიშს შორის 14 ამერიკელებს ეკუთვნით. ამასთან, პლატფორმის ტოპ-20-ში, 2026 წლის მდგომარეობით, არცერთი პოლიტიკოსი ან ტრადიციული ბიზნესლიდერი არ შედის.
ვის ჰყავს Instagram-ზე ყველაზე მეტი გამომწერი? – ტოპ-20
| ადგილი | პიროვნება | გამომწერები (მლნ) | სფერო |
|---|---|---|---|
| 1 | კრიშტიანუ რონალდუ | 679 | სპორტსმენი |
| 2 | ლიონელ მესი | 516 | სპორტსმენი |
| 3 | სელენა გომესი | 403 | მსახიობი |
| 4 | დუეინ ჯონსონი | 381 | მსახიობი |
| 5 | კაილი ჯენერი | 381 | მედიაპერსონა |
| 6 | არიანა გრანდე | 363 | მსახიობი და მუსიკოსი |
| 7 | კიმ კარდაშიანი | 344 | მედიაპერსონა |
| 8 | ბიონსე | 299 | მუსიკოსი |
| 9 | ქლოი კარდაშიანი | 291 | მედიაპერსონა |
| 10 | ჯასტინ ბიბერი | 286 | მუსიკოსი |
| 11 | კენდალ ჯენერი | 277 | მედიაპერსონა |
| 12 | ტეილორ სვიფტი | 273 | მუსიკოსი |
| 13 | ვირატ კოჰლი | 272 | სპორტსმენი |
| 14 | ნეიმარი | 242 | სპორტსმენი |
| 15 | ჯენიფერ ლოპესი | 240 | მსახიობი და მუსიკოსი |
| 16 | კორტნი კარდაშიანი | 209 | მედიაპერსონა |
| 17 | მაილი საირუსი | 205 | მსახიობი და მუსიკოსი |
| 18 | კეტი პერი | 195 | მუსიკოსი |
| 19 | ზენდაია | 177 | მსახიობი |
| 20 | კევინ ჰარტი | 172 | მსახიობი |














