WSJ: ცუკერბერგმა, მასკმა და ჰუანგმა ტრამპი AI-ის მარეგულირებელი ორგანოს შექმნის წინააღმდეგ განაწყვეს

WSJ: ცუკერბერგმა, მასკმა და ჰუანგმა ტრამპი AI-ის მარეგულირებელი ორგანოს შექმნის წინააღმდეგ განაწყვეს

ფოტო: Getty Images

 

ტექნოლოგიური კომპანიების მილიარდერმა ხელმძღვანელებმა – მარკ ცუკერბერგმა, ილონ მასკმა და ჯენსენ ჰუანგმა – გასულ თვეში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ცალ-ცალკე ისაუბრეს და, The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, იგი დაარწმუნეს, მხარი არ დაეჭირა ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის მიერ დაფინანსებული მარეგულირებელი ორგანოს შექმნის ინიციატივისთვის.

WSJ-ის ცნობით, ცუკერბერგი, მასკი და ჰუანგი ეწინააღმდეგებოდნენ AI-ის ინდუსტრიის მიერ დაფინანსებული ზედამხედველობისა და სტანდარტების დაცვის ორგანოს შექმნის იდეას, რომელიც ფინანსური სექტორის მარეგულირებელი FINRA-ს მსგავსად იმუშავებდა. გამოცემის ინფორმაციით, სამივე მათგანის წინააღმდეგობა დაკავშირებულია შიშთან, რომ მსგავსი სტრუქტურის შექმნა, სავარაუდოდ, სამი წამყვანი ამერიკული AI ლაბორატორიის – OpenAI-ის, Anthropic-ისა და Google-ის DeepMind-ის – გავლენას კიდევ უფრო გაზრდიდა.

წაიკითხეთ ასევე: ცუკერბერგი და ჰუანგი AI-ის განვითარების შენელებისკენ მოწოდებას ეწინააღმდეგებიან

FINRA-ს მსგავსი AI-ის მარეგულირებელი ორგანოს შექმნის წინადადება Google-ის მთავარ მეცნიერ დემის ჰასაბისს ეკუთვნოდა, რომელიც ამავდროულად ტექნოლოგიური გიგანტის DeepMind-ის ხელმძღვანელიცაა.

გამოცემის ინფორმაციით, ცუკერბერგმა, მასკმა და ჰუანგმა ტრამპს თავიანთი პოზიციები ცალ-ცალკე საუბრისას გააცნეს, რის შემდეგაც პრეზიდენტს მარეგულირებელი ორგანოს შექმნის შესახებ წინადადებების მიმართულებით ნაბიჯები აღარ გადაუდგამს.

WSJ-ის თანახმად, აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები AI-ის ინდუსტრიის ხელმძღვანელებთან აცხადებენ, რომ თეთრ სახლში AI-ის რეგულირების საერთო ჩარჩოზე შეთანხმების მიღწევა რთულია, რადგან ინიციატივების მოწინააღმდეგე აღმასრულებელი ხელმძღვანელები ტრამპთან პირდაპირ კონტაქტს იყენებენ.

ტრამპის ადმინისტრაციაში AI-ის უსაფრთხოების საკითხზე განსხვავებული პოზიციებიც იკვეთება. მაშინ როდესაც პრეზიდენტი ბოლო პერიოდში ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საფრთხეებს ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს და ჩინეთთან ტექნოლოგიური კონკურენციის დაჩქარებას უჭერს მხარს, აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა Axios-ს განუცხადა, რომ ადმინისტრაცია „საერთო რისკების თავიდან აცილების საკითხზე დისკუსიისთვის ღიაა“.

ამავე დროს, AI-ის რეგულირების საჭიროებაზე საჯაროდ განსხვავებული პოზიციები დააფიქსირეს ცუკერბერგმა და ჰუანგმა. ცუკერბერგმა X-ზე ვრცელ პოსტში დაწერა, რომ კომპანიებს AI-ის უსაფრთხოებასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის „ძლიერი ბუნებრივი მოტივაცია“ აქვთ, რადგან მომხმარებლები არ გამოიყენებენ ისეთ AI-აგენტებს, რომლებიც მათ წინააღმდეგ მოქმედებენ ან მათ მოთხოვნებს არ ასრულებენ.

Meta-ს აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ მისი კომპანია მზად არის, AI-ის უსაფრთხოების მიმართულებით დამოუკიდებელ შემფასებლებთან და მრჩევლებთან ითანამშრომლოს. ამასთან, ცუკერბერგმა უარყო მოსაზრება, რომ AI-ის კომპანიებს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ერთმანეთთან კოორდინაცია ან განვითარების ტემპის ერთობლივად შენელება სჭირდებათ.

წაიკითხეთ ასევე: მასკი AI-ის საფრთხეებზე გაფრთხილებას „ფსიქოლოგიურ კამპანიას“ უწოდებს

Nvidia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ჯენსენ ჰუანგმა კი Salesforce-ის ყოველწლიურ ღონისძიებაზე Dreamforce განაცხადა, რომ AI-ის განვითარების სისწრაფესა და უსაფრთხოებას შორის არჩევანის გაკეთების აუცილებლობა „ცრუ დილემაა“. მისი თქმით, ორივე მიზნის ერთდროულად მიღწევა შესაძლებელია.

„ჩვენ არ გვჭირდება ახალი კანონები – ჩვენ არ გვჭირდება ახალი რეგულაციები“, – განაცხადა ჰუანგმა და აღნიშნა, რომ კომპანიებმა გადაწყვეტილებები ბაზრის რეაქციის გათვალისწინებით უნდა მიიღონ და ახალი AI-პროდუქტები მხოლოდ მაშინ გამოუშვან, როდესაც მათი უსაფრთხოებისა და მომხმარებლებისთვის ღირებულების შესახებ დარწმუნებულები იქნებიან.

ჰუანგმა ტრამპთან AI-ის თემაზე სატელეფონო საუბარიც გამართა. All-In Summit-ის სცენაზე გამოსვლისას, მან პრეზიდენტისგან ზარი მიიღო. ტრამპმა განაცხადა, რომ ადამიანები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა ცენტრების მშენებლობას ეწინააღმდეგებიან, ამით „სკეპტიკოსებისა და ჩინეთის ინტერესების მხარეს თამაშობენ“. ჰუანგი კი პრეზიდენტს დაეთანხმა და უპასუხა: „მართალი ხართ. ჩვენ ამას არ დავუშვებთ“.

რაც შეეხება ილონ მასკს, გასულ კვირას მან Anthropic-ის ყოფილი მკვლევრის, ჯეიკობ კოქსონის, მიერ X-ზე გამოქვეყნებული პოსტები გააკრიტიკა. კოქსონმა Anthropic-ი დატოვა და საზოგადოება AI-ის განვითარებასთან დაკავშირებული შესაძლო საფრთხეების, მათ შორის მომდევნო ათწლეულში ადამიანების გადაშენების რისკის შესახებ გააფრთხილა.

წაიკითხეთ ასევე: Anthropic-ის მკვლევარი: 10%-ზე მეტია ალბათობა, რომ AI-მ მომდევნო ათწლეულში კაცობრიობის განადგურება შეძლოს

მასკმა კოქსონის პოსტებს „დადგმული“ უწოდა და დაწერა, რომ ისინი შესაძლოა AI-ის წინააღმდეგ მიმართული ფსიქოლოგიური კამპანიის ნაწილი ყოფილიყო. თუმცა, როდესაც Anthropic-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დარიო ამოდეიმ AI-ის უსაფრთხოების შესახებ გაფრთხილებები გაავრცელა და მოწინავე AI-მოდელების განვითარების ტემპის შენელებისა და უსაფრთხოების საკითხებზე მეტი კოორდინაციის მოწოდება გააჟღერა, მასკმა განაცხადა, რომ „დარიო მართალია“.

აღსანიშნავია, რომ Anthropic-ისა და OpenAI-ისგან განსხვავებით, მასკის xAI-ს ამ ეტაპზე მოწინავე AI-მოდელების განვითარების ტემპის ან უსაფრთხოების მიმართულებით კოორდინაციის კონკრეტული გეგმა არ წარმოუდგენია.

წაიკითხეთ ასევე: Anthropic-ის CEO AI-კომპანიებს ტექნოლოგიის განვითარების ტემპის შენელებისკენ მოუწოდებს