რომელი ქვეყნები აწარმოებენ ყველაზე მეტ ელექტრონულ მოწყობილობას?

რომელი ქვეყნები აწარმოებენ ყველაზე მეტ ელექტრონულ მოწყობილობას?

ფოტო: amazingqualitycontrol.com

 

გლობალური ეკონომიკის ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია და ელექტრონული მოწყობილობების წარმოება ქვეყნების შედარებით მცირე, თუმცა სტრატეგიულად კრიტიკულ ჯგუფთან არის დაკავშირებული. ენერგეტიკული და ტექნოლოგიური სექტორის კვლევითი ორგანიზაციის, Ember-ის 2024-2025 წლების მონაცემებზე დაყრდნობით, სტატიაში განხილულია მსოფლიო საწარმოო სიმძლავრეების გეოგრაფიული განაწილება.

ცნობისთვის, კვლევაში მოცემული ელექტრონული მოწყობილობების კატეგორია მოიცავს: ნახევარგამტარებს, მონიტორებს, პლატებს, სმარტფონებს, ლეპტოპებს, პერსონალური კომპიუტერებსა და ამ ნივთებთან დაკავშირებული სხვა ელექტრონულ საშუალებებს.

ელექტრონული მოწყლობილობების წარმოების ყველაზე დიდი წილი ჩინეთზე მოდის. ჩინეთის დომინაცია ამ სექტორში შეუფასებელია და ის თითქმის ექვსჯერ უსწრებს რეიტინგის მეორეადგილოსან ტაივანის წილს. 2024-2025 წლებში წარმოებული ელექტრონული მოწყობილობების 58.8% სწორედ ჩინეთზე მოდიოდა.

ჩინეთის დომინაცია იმდენად დიდია, რომ ის რეიტინგის მომდევნო ყველა წევრის ჯამურ წარმოებასაც კი აჭარბებს. ჩინეთის პოზიცია ასახავს მის ფართო საწარმოო ბაზას დასრულებული ელექტრონიკის, მონიტორების, მიკროსქემების და სხვა კომპონენტების ჩათვლით.

მასშტაბური წარმოების ქსელები ასევე აკავშირებს ქარხნებს მომწოდებლების მსხვილ კლასტერებთან, რაც ხელს უწყობს ქვეყნის გლობალური აპარატურის წარმოების ცენტრალურ ჰაბად ჩამოყალიბებას.

ჩინეთი ასევე ცდილობს გააძლიეროს თავისი ლიდერობა ელექტრონიკის სფეროში ახალი ხუთწლიანი გეგმის მეშვეობით, რომელიც ფოკუსირებულია ნახევარგამტარებზე, ხელოვნურ ინტელექტსა და სხვა სტრატეგიულ ტექნოლოგიებზე. გეგმა პრიორიტეტს ანიჭებს ინტეგრირებული წრედების მიწოდების ჯაჭვის, მათ შორის ჩიპების განვითარებას, რადგან პეკინი ცდილობს შეამციროს დამოკიდებულება დასავლურ ტექნოლოგიებზე.

ქვეყანა აღნიშნული ინდუსტრიებიდან 2030 წლისთვის $4.5 ტრილიონის მოცულობის საოპერაციო შემოსავლის მიღებას ისახავს მიზნად.

როგორც აღვნიშნეთ, რეიტინგის მეორე პოზიციაზე გლობალური ბაზრის 10.2%-იანი წილით ტაივანი იმყოფება. ზოგადად, ინდუსტრიაში აღმოსავლეთაზიურ სახელმწიფოებს სრული დომინაცია აქვთ. ჯამში ჩინეთი, ტაივანი, სამხრეთი კორეა და იაპონია გლობალური ბაზრის 80.5%-ს იკავებენ.

ტაივანი განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნახევარგამტარების წარმოებასა და ელექტრონიკის აწყობაში, სამხრეთ კორეას კი ჩიპებისა და მონიტორების წარმოების მნიშვნელოვანი შესაძლებლობები აქვს.

იაპონია კვლავ რჩება ელექტრონიკის, კომპონენტებისა და იმ ტექნოლოგიების მნიშვნელოვან მწარმოებლად, რომლებიც უზრუნველყოფენ აპარატურის მიწოდების ფართო ჯაჭვის ფუნქციონირებას.

ელექტრონიკის წარმოების სიმძლავრეები რეიტინგის პირველი ოთხეულის შემდეგ საგრძნობლად მცირდება. რეიტინგის მეხუთე ადგილს 3,8%-იანი წილით ინდოეთი იკავებს და მცირედით უსწრებს ვიეტნამს, რომლის მაჩვენებელიც 3,6%-ია.

შემდეგ მოდის აშშ 2,9%-ით. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა კვლავ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნახევარგამტარების დიზაინისა და ინოვაციების სფეროში, ციფრული აპარატურის ფიზიკური წარმოების კუთხით მისი წილი შედარებით მცირეა. მხოლოდ ტაილანდი და  მექსიკაა ის სხვა ქვეყნები, რომელთა წილიც 1%-ს აღემატება – შესაბამისად, 1,3% და 1,2%.

ეს რეიტინგი ხაზს უსვამს განსხვავებას მსოფლიოს უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიების სათავო ოფისების ადგილმდებარეობასა და მათი აპარატურის ფიზიკური წარმოების რეალურ ადგილს შორის. მართალია, აშშ-ში არაერთი წამყვანი ტექნოლოგიური და ჩიპების დიზაინზე ორიენტირებული ფირმაა ბაზირებული, მაგრამ ელექტრონიკის გლობალური მიწოდების ჯაჭვის უზრუნველმყოფი საწარმოო სიმძლავრეები კვლავ ძირითადად აზიაშია კონცენტრირებული.

რეიტინგიქვეყანაწილი გლობალურ წარმოებაში
1ჩინეთი58.8%
2ტაივანი10.2%
3სამხრეთი კორეა6.7%
4იაპონია4.8%
5ინდოეთი3.8%
6ვიეტნამი3.6%
7აშშ2.9%
8ტაილანდი1.3%
9მექსიკა1.2%
10გერმანია0.7%
10სინგაპური0.7%
12მალაიზია0.6%
13ბრაზილია0.4%
14ისრაელი0.3%
14ინდონეზია0.3%
15ირლანდია0.2%

 

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.