სენატის ანგარიშის თანახმად, ირანი ფინანსური ტრანზაქციებისთვის Tether USDT-ს იყენებს

სენატის ანგარიშის თანახმად, ირანი ფინანსური ტრანზაქციებისთვის Tether USDT-ს იყენებს

ფოტო: Dado Ruvic/Illustration

 

აშშ-ის დემოკრატი სენატორების ხელმძღვანელობით მომზადებული ანგარიშის თანახმად, Tether-ის სტეიბლკოინი, USDT-ი, ირანისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ საყრდენად და მარიონეტული ორგანიზაციების, მათ შორის „ჰეზბოლას”, დაფინანსების მთავარ ინსტრუმენტად იქცა.

ანგარიში, რომელიც სენატის გამოძიების მუდმივმოქმედი ქვეკომიტეტის წამყვანი დემოკრატის, კონექტიკუტის შტატის სენატორ რიჩარდ ბლუმენტალის ხელმძღვანელობით მომზადდა, ირანთან კავშირის გამო ისრაელისა და აშშ-ის მიერ სანქცირებული 846 კრიპტოსაფულის ანალიზს ეფუძნება.

კვლევამ აჩვენა, რომ აღნიშნული საფულეების 84% ტრანზაქციებისთვის USDT-ს იყენებდა. კერძოდ, ისინი ეხმარებოდნენ ირანის მთავრობას საზღვარგარეთ თანხების გადარიცხვასა და ეროვნული ვალუტის მხარდაჭერაში აშშ-ის სანქციების პირობებში, მათ შორის ირანის ცენტრალური ბანკის მეშვეობით.

ბლუმენტალის განცხადებით, ანგარიში ცხადყოფს იმას, თუ როგორ იქცა Tether-ი და მისი მთავარი ტოკენი ირანის „ჩრდილოვანი საბანკო სისტემის“ ცენტრალურ ელემენტად, რაც ირანის მთავრობას სხვადასხვა საქმიანობის დაფინანსების საშუალებას აძლევს. მან აშშ-ის ფინანსთა და იუსტიციის დეპარტამენტებს Tether-ის საქმიანობის გამოძიებისკენ მოუწოდა.

Tether-ის USDT-ი მსოფლიოში უდიდესი სტეიბლკოინია, რომლის ღირებულებაც აშშ დოლარს ემყარება. კომპანიამ განაცხადა, რომ მზადაა ითანამშრომლოს აშშ-ის მთავრობასთან და აღნიშნა, რომ მხარს უჭერს ირანთან დაკავშირებული, თითქმის $550 მილიონის ღირებულების USDT-ის აქტივების გაყინვას.

„Tether-მა არაერთხელ დაამტკიცა, რომ USDT არ წარმოადგენს თავშესაფარს სანქცირებული პირებისთვის, ტერორისტული ორგანიზაციებისა თუ კრიმინალური ქსელებისთვის“, – განაცხადა Tether-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პაოლო არდოინომ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო კამპანიის დაწყების შემდეგ, ფინანსთა დეპარტამენტმა ირანის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა. გასულ თვეში უწყებამ ოპერაცია „Economic Outcast“ წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც განსაკუთრებული ყურადღება კრიპტოტრანზაქციებს დაეთმო.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.