ფოტო: AP
სამშაბათს აშშ-ის მთავრობამ ახალი სანქციები დაუწესა 13 ფიზიკურ და იურიდიულ პირს, მათ შორის რუსეთში, ჩინეთში, ჰონგ-კონგსა და პაკისტანში მოქმედ სუბიექტებს და განაცხადა, რომ ისინი ირანს იარაღისა და შესაბამისი კომპონენტების მოპოვებაში ეხმარებოდნენ.
ფინანსთა და სახელმწიფო დეპარტამენტების მიერ გამოცხადებული სანქციები ტრამპის ადმინისტრაციის იმ ძალისხმევის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ირანის ეკონომიკურ იზოლაციას და მის იძულებას, მოლაპარაკებების გზით დაასრულოს ომი, რომელიც 28 თებერვალს ირანზე აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმებით დაიწყო.
ფინანსთა მდივანმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტი არ მოითმენს რეჟიმისადმი რაიმე სახის მხარდაჭერას და გააგრძელებს ირანის ხელშემწყობი პირებისა და ორგანიზაციების გამოვლენას, მხილებასა და იზოლირებას.
ფინანსთა დეპარტამენტის განცხადებით, სანქციები მიზნად ისახავს თეირანის შესაძლებლობების შესუსტებას იარაღის პროგრამების აღდგენის კუთხით, ამავდროულად კი ზრდის ხარჯებს მათთვის, ვინც მხარს უჭერდა ირანის მიერ აღნიშნული საშუალებების მოპოვების მცდელობებს.
სამშაბათს გამოცხადებული სანქციები შემდეგ პირებსა და ორგანიზაციებს შეეხო:
- საიდ ასღარ ალიზადე ტაბატაბაი – პეკინში მყოფი ირანის თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების ლოგისტიკის სააგენტოს წარმომადგენელი. ფინანსთა დეპარტამენტის ცნობით, მან ირანის სახელით ჩინეთში კოორდინაცია გაუწია შეიარაღების სისტემებისა და ორმაგი დანიშნულების კომპონენტების შესყიდვას.
- ირანში მოქმედი Kavoshcom Asia R&D Group-ი – ფინანსთა დეპარტამენტის ინფორმაციით, კომპანიამ Iran Aircraft Manufacturing Industrial Company-სთვის ელექტრონული მოწყობილობები, მათ შორის შემაერთებელი დეტალები, ე.წ. კონექტორები შეიძინა.
- ჰონგ-კონგში მოქმედი EC Mojo Technology Co Limited-ი – ფინანსთა დეპარტამენტის განცხადებით, კომპანიამ ირანს Kavoshcom-ის შესყიდვების უზრუნველსაყოფად ელექტრონული კომპონენტები მიაწოდა. სანქციები ასევე შეეხო EC Mojo-ს ჩინეთში მოქმედ წარმომადგენელს, ფიზიკურ პირ ლი ფენს.
- პაკისტანში მოქმედი ვასიმ ფაშა ტაჯამალი – კერძო თავდაცვითი კომპანია Cavalier Group-ის თავმჯდომარე. კომპანია საქმიანობას ეწევა როგორც პაკისტანში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
- რუსეთში მოქმედი თვითმფრინავების მწარმოებელი საწარმო – სააქციო საზოგადოება „ა.ს. იაკოვლევის სახელობის ექსპერიმენტული საკონსტრუქტორო ბიურო“.
- რუსეთში მოქმედი საზღვაო გადამზიდავი კომპანია MG-Flot LLC. მისი გემები რუსეთის მთავრობისთვის იარაღის ტრანსპორტირებას ახორციელებს.
- ირანში მოქმედი ავიაკომპანია Saha Airlines-ი, რომელიც ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალებთანაა დაკავშირებული.

















