რას ამბობენ უმსხვილესი კომპანიები საქართველოს შესახებ?

რას ამბობენ უმსხვილესი კომპანიები საქართველოს შესახებ?

ამ ნომერში საქართველოს 100 ყველაზე ძვირადღირებული კომპანიისა და მათი მფლობელების რეიტინგი განვაახლეთ. წარმოდგენილი მონაცემები გაცილებით მეტზე მეტყველებს, ვიდრე ბიზნესია. 

საქართველოს უმსხვილეს კომპანიათა ასეულის ჯამური ღირებულება 87 მილიარდ ლარს აღწევს და დაახლოებით 10 მილიარდით აღემატება გასული წლის შესაბამის მაჩვენებელს. მთელი ამ ღირებულების ნახევარზე მეტი პირველ 12 კომპანიაზე მოდის. ასეულიდან 22 კომპანიის შეფასება აჭარბებს 1 მილიარდ ლარს. პირველი ოცეული კი 12 სექტორიდან 11-ს მოიცავს. 

გამოდის, ერთი შეხედვით, საქართველოში მასშტაბირება ბევრი მიმართულებით არის შესაძლებელი. თუმცა, მეორე მხრივ, ის ფაქტი, რომ სიის ჯამური ღირებულების უდიდესი ნაწილი კომპანიების მხოლოდ 12%-ზე მოდის, დამატებითი კვლევის საფუძველს იძლევა. რეიტინგი ვერ გვეტყვის ამ სხვაობის მიზეზებს – რაშია საქმე, უკეთეს მართვაში, მასშტაბის ეკონომიაში თუ კონკურენციის სტრუქტურულ ბარიერებში? 

თუმცა ერთი რამ აშკარაა: სიის წამყვანი ბიზნესები ჩვენს ყოველდღიურ საჭიროებებს უზრუნველყოფენ. ისინი უზრუნველყოფენ ფულის მოძრაობას, ელექტროენერგიის მიწოდებას. ისინი გვაკავშირებენ ერთმანეთს, გვაწვდიან მედიკამენტებს და სრულფასოვანი ცხოვრებისთვის აუცილებელ პროდუქტებსა და სერვისებს. ამ ბიზნესების ძალა მნიშვნელოვანწილად ეყრდნობა წლების მანძილზე ნაშენებ კავშირებსა და ქსელებს, რომლებიც უზრუნველყოფილია კაპიტალით, საოპერაციო დისციპლინით და არსებული ურთიერთობებით. ახალბედა ბიზნესისთვის ამ ყოველივეს უცებ რეპროდუცირება შეუძლებელია. 

საინტერესოა, რომ ასეულში მოხვედრილი კომპანიების რაოდენობით საცალო ვაჭრობა და დისტრიბუციის სექტორი ლიდერობს – მათზე მოდის 21 კომპანია. ამ კომპანიების ჯამური შეფასება დაახლოებით 8 მილიარდი ლარია. ამავდროულად, აზარტული თამაშების შვიდი კომპანია 8.3 მილიარდი ლარის ჯამურ ღირებულებას აღწევს –  თითქმის იმდენივეს, რამდენიც ჯანდაცვისა და ფარმაციის 14 კომპანიის ჯამური ღირებულებაა. 

ამგვარმა თანაფარდობამ უნდა დაგვაფიქროს, რა ტიპის ბიზნესებში აკუმულირდება დიდი ღირებულება და რა ბიზნესმოდელებში ეძებს შესაძლებლობებს კაპიტალი.  და აგრეთვე კიდევ ერთხელ დაგვანახოს, რომ ერთია ფასი და მეორე – ღირებულება. კომპანიის ადგილი რეიტინგში და მისი ფასი არ არის საზოგადოებისთვის მისი სარგებლიანობის ავტომატური საზომი. 

მნიშვნელოვან ამბავზე მიგვანიშნებს მფლობელთა ჩამონათვალიც. სხვადასხვა კომპანიისა და ბრენდის უკან ზოგჯერ ერთი და იგივე ჯგუფი ან მესაკუთრე დგას. რეიტინგში ასი სხვადასხვა დასახელება ას დამოუკიდებელ ბიზნესჯგუფს არ ნიშნავს. ამ კავშირების დანახვა გვეხმარება იმის გაგებაში, თუ როგორ ნაწილდება გადაწყვეტილების მიღების ძალა და სად იკვეთება სხვადასხვა სექტორის ინტერესები.

რამდენიმე შემთხვევაში ჩვენი კვლევის ფარგლებში საბოლოო მფლობელის დადგენა ვერ მოხერხდა. ოფშორული მფლობელობა თავისთავად რამე დარღვევას არ წარმოადგენს, მაგრამ გაუმჭვირვალე საკუთრება ვერ გვაჩვენებს ეკონომიკის სრულ სურათს. როდესაც საკუთრების დადგენა შეუძლებელია, შეუძლებელია საერთო კონტროლისა და დაკავშირებული ინტერესების სრული სურათის დანახვაც. 

კიდევ ერთხელ: გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია – განსაკუთრებით მაშინ, როცა საუბარია ბიზნესებზე, რომელთა საქმიანობა უამრავი ადამიანის ყოველდღიურობასთანაა გადაჯაჭვული.

აქვე პროგრესიც უნდა აღვნიშნოთ. საჯარო ფინანსური ანგარიშგებების ხელმისაწვდომობა ამ რეიტინგის მომზადების მნიშვნელოვანი საფუძველია. წლების განმავლობაში გატარებულმა ანგარიშგების რეფორმებმა კომპანიების უკეთ შესწავლა გახადა შესაძლებელი. ხარვეზების მიუხედავად (მაგალითად, დიდი კომპანიებისთვის დაკისრებული უმნიშვნელო სანქციები, რაც მათ საშუალებას აძლევს, გაუმჭვირვალობა მცირე ჯარიმის ფასად „იყიდონ”) ეს პრაქტიკული ღირებულების მქონე ინსტიტუციური მიღწევაა: უკეთესი ინფორმაცია სჭირდება როგორც ინვესტორს, ისე ბიზნესპარტნიორსა თუ კონკურენტს. და მკითხველსაც!

თუმცა თუკი ფინანსურ ხილვადობას საკუთრების ხილვადობა არ უწყობს ფეხს და პარალელურად შეინიშნება საერთაშორისო ორგანიზაციათა ანგარიშების სიმრავლე სახელმწიფო მიწებთან, შესყიდვებთან და ნებართვებთან დაკავშირებული სავარაუდო პრივილეგირებული მოპყრობის შესახებ, ეს არა ერთი და ორი კომპანიის, არამედ ზოგადად ქართული ბიზნესის იმიჯს აზიანებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე – გარეთ. 

ზოგადი სტანდარტის ასამაღლებლად მნიშვნელოვანია, კომპანიებმა პროაქტიურად დაიწყონ ღიაობის ადვოკატირება და თავად მისცენ სხვებს გამჭვირვალობის მაგალითი. საბაზრო ეკონომიკის განვითარებას და ანტრეპრენიორული სულისკვეთების გაღვივებას სჭირდება, რომ საზოგადოება ბიზნესსექტორში დადებით გმირებს ხედავდეს და არა პირიქით.     

დაბოლოს, დავამთავროთ პოზიტიური ნოტით: რეიტინგის ლიდერთა მასშტაბირება მხოლოდ ქართული ბაზრით აღარ შემოიფარგლება. საქართველოს საბანკო სექტორის მოწინავე მოთამაშეები რეგიონში – სომხეთსა თუ უზბეკეთში – გაფართოვდნენ. მოხდა აქ დაგროვილი გამოცდილებისა და ტექნოლოგიური ცოდნის წარმატებული ექსპორტი. ეს ჩვენი ეკონომიკისთვის ფუნდამენტური სიახლეა. 

ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვები ბიზნესისა და ეკონომიკის მომდევნო ეტაპს ეხება. რამდენად შეუძლია დღეს ახალ მეწარმეს გაიაროს გზა მცირე ბიზნესიდან მსხვილ კომპანიამდე? აქვს თუ არა წვდომა ფინანსებზე, კვალიფიციურ ადამიანებზე, ინფრასტრუქტურასა და ბაზარზე? შეუძლია თუ არა კონკურენცია გაუწიოს უკვე დამკვიდრებულ მოთამაშეებს წინასწარ გასაგები და ყველასთვის თანაბარი წესებით?

Forbes-ისთვის წარმატებული ბიზნესის თუ მეწარმის აღმოჩენა და მისი ისტორიის მოყოლა ბუნებრივი ამოცანაა, თუმცა ნებისმიერ რეიტინგს აქვს მნიშვნელოვანი შეზღუდვაც: ჩვენ ვხედავთ კომპანიებს, რომლებმაც მიაღწიეს მასშტაბებს, მაგრამ არა იმ დიდ ბიზნეს(მენ)ებს, რომლებიც შესაძლოა სხვა პირობებში განვითარებულიყვნენ. საქართველოში ბიზნესის დაწყება ადვილია, მაგრამ ძნელია მისი გაზრდა. რატომ? – ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელსაც მხოლოდ რეიტინგი ვერ უპასუხებს. 

ჩვენი წარმატება საბოლოოდ იმაზეა დამოკიდებული, რამდენ ახალბედა მეწარმეს ექნება შანსი, დაიმკვიდროს ადგილი მომდევნო ასეულში, ხოლო საშუალო ზომის კომპანიებს – უმსხვილესთა შორის. აგრეთვე იმაზე, როგორ კაპიტალს ვიზიდავთ – გრძელვადიანს, თუ მყისიერ მოგებაზე ორიენტირებულს, რადგან არავინ იცის, ხვალ როგორი დღე გათენდება. 

ეკონომიკის სტრუქტურის ცვლილებას და ბიზნესში ბარიერების მორღვევას ჩვენი ერთობლივი ძალიხსმევა სჭირდება. 

Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი.