ფოტო: Getty Images
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთში, ციმბირში მდებარე ჭირისა და სხვა საშიში პათოგენების კვლევით ინსტიტუტში მომუშავე მკვლევარი პნევმონიის განვითარების შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევის შემდეგ თითქმის 200 ადამიანი სამედიცინო დაკვირვების ქვეშ მოექცა, თუმცა რუსეთის ჯანდაცვის უწყება უარყოფს, რომ მკვლევრის გარდაცვალება ლაბორატორიულ ინციდენტს უკავშირდება.
რუსეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტო „როსპოტრებნაძორის“ ინფორმაციით, მკვლევარი ირკუტსკის ჭირის საწინააღმდეგო კვლევით ინსტიტუტში მუშაობდა, რომელიც ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის რეგიონებს ემსახურება. უწყების ცნობით, მას „გაურკვეველი ეტიოლოგიის პნევმონია“ დაუდგინდა.
რეგიონული გამოცემა Liudi Baikala-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი 28 წლის ქალი იყო და ინსტიტუტში ლაბორანტად მუშაობდა. მისი გარდაცვალების შემდეგ დაახლოებით 200 ადამიანი საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ გადაიყვანეს.
შემთხვევის გამო ირკუტსკის ოლქის გუბერნატორმა იგორ კობზევმა რეგიონული ანტიეპიდემიური სამსახურის წარმომადგენლებთან და „როსპოტრებნაძორის“ ხელმძღვანელთან საგანგებო შეხვედრა გამართა. კობზევის განცხადებით, შეხვედრის მიზეზი რეგიონში „განსაკუთრებით საშიში ინფექციის საეჭვო შემთხვევა“ გახდა. მისივე თქმით, რეგიონში „ანტიეპიდემიური ღონისძიებების კომპლექსი“ ამოქმედდა.
მეზობელი ბურიატიის რეგიონის ხელმძღვანელმა ალექსეი ციდენოვმა განაცხადა, რომ ქალი შესაძლოა ჭირის გამომწვევი ინფექციით გარდაცვლილიყო, თუმცა მის რეგიონში დაავადების გავრცელების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
რუსული ბიზნესგამოცემა Kommersant-ის ცნობით, ირკუტსკის ალუმინის ქარხანაში ნიღბების ტარების მოთხოვნაც დაწესდა.
თუმცა „როსპოტრებნაძორმა“ კვირა საღამოს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ირკუტსკსა და შევლეხოვში სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა „სტაბილურია“. უწყების განცხადებით, ჩატარებულმა ფართომასშტაბიანმა ტესტირებამ გარდაცვლილის ორგანიზმში ისეთი პათოგენები ვერ გამოავლინა, რომლებიც მის ლაბორატორიულ საქმიანობას უკავშირდებოდა.
უწყებას არ დაუკონკრეტებია, რამ გამოიწვია ქალის პნევმონია და გარდაცვალება. ამასთან, ბოლო 10 დღის განმავლობაში ჭირის კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლებს შორის ინფექციური დაავადების ახალი შემთხვევები არ გამოვლენილა. თავად ინსტიტუტში კი, „როსპოტრებნაძორის“ ცნობით, პათოგენურ მიკროორგანიზმებთან დაკავშირებული საგანგებო შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
გარდაცვლილის კონტაქტების გამოკვლევისას COVID-19-ის ორი და რინოვირუსული ინფექციის ორი შემთხვევა გამოვლინდა, თუმცა უცნობია, უკავშირდება თუ არა რომელიმე მათგანი მკვლევრის გარდაცვალებას.
შემთხვევა განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს იმ ფატის გამო, რომ გარდაცვლილი სწორედ ჭირის კვლევით ინსტიტუტში მუშაობდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიხედვით, ჭირი არის ზოონოზური დაავადება, რომელსაც ბაქტერია Yersinia pestis იწვევს. ბაქტერია, როგორც წესი, მცირე ზომის ძუძუმწოვრებსა და მათ რწყილებში გვხვდება.
ჭირის ყველაზე გავრცელებული ფორმა ბუბონური ჭირია, რომელიც ადამიანზე ინფიცირებული რწყილის ნაკბენით გადადის და ლიმფური კვანძების მტკივნეულ შეშუპებას იწვევს. პნევმონიური ჭირი შედარებით იშვიათია, თუმცა გაცილებით მძიმე ფორმად მიიჩნევა და რესპირატორული ნაწილაკების საშუალებით ადამიანიდან ადამიანზე გადიეცემა. დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გარეშე ის შესაძლოა ფატალური აღმოჩნდეს.
ამ ეტაპზე უცნობია გარდაცვლილის დაავადების წყარო და ჰქონდა თუ არა მას ჭირის რომელიმე ფორმა. ასევე დაუდასტურებელია ინფორმაცია ლაბორატორიაში შესაძლო ინციდენტის შესახებ.
Liudi Baikala-ს ცნობით, მკვლევარმა ლაბორატორიაში შემთხვევით გატეხა სინჯარა, რომელიც ჭირის გამომწვევ პათოგენს შეიცავდა. აღნიშნული ინფორმაცია რუსეთის ხელისუფლებას ოფიციალურად არ დაუდასტურებია.
Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი









