აშშ უკრაინას დაზვერვითი ინფორმაციის გაზიარებისა და იარაღის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა – Kyiv Independent

აშშ უკრაინას დაზვერვითი ინფორმაციის გაზიარებისა და იარაღის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა – Kyiv Independent

ფოტო: Getty Images

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინელ მაღალჩინოსნებს დაზვერვითი ინფორმაციის გაზიარებისა და იარაღის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ კიევი რუსულ ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს გააგრძელებს. ამის შესახებ The Kyiv Independent-ი უკრაინის ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის წყაროების თანახმად, ვაშინგტონმა უკრაინელ სამხედრო და სამთავრობო წარმომადგენლებს განუცხადა, რომ რუსულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების შემთხვევაში პასუხისმგებლობას კიევს დააკისრებდა. ერთ-ერთი უკრაინელი მაღალჩინოსნის თქმით, ამერიკულმა მხარემ ქვეყნის უმაღლესი სამხედრო თანამდებობის პირებს დაურეკა და გააფრთხილა, რომ შესაძლოა, შეწყვეტილიყო როგორც დაზვერვითი ინფორმაციის გაზიარება, ისე უკრაინისთვის იარაღის მიწოდების მექანიზმი – PURL.

მუქარა ტრამპის მიერ 11 ოქტომბერს გამოცხადებულ „ენერგეტიკულ ზავს“ უკავშირდება. უკრაინის რამდენიმე მაღალჩინოსნის განცხადებით, კიევი ამ ინიციატივის შესახებ წინასწარ ინფორმირებული არ ყოფილა. გამოცხადების შემდეგ კი უკრაინულ მხარეზე ზეწოლა გაიზარდა, რათა რუსულ ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებზე თავდასხმები შეეწყვიტა.

ამასთან, ტრამპის განცხადებიდან რამდენიმე საათში რუსეთმა ხარკივის თბოელექტროსადგურს დაარტყა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა, რომ მოსკოვის ქმედებები ცხადყოფდა, რუსეთის პრეზიდენტს ტრამპის განცხადება გათვალისწინებული არ ჰქონდა.

The Kyiv Independent-ის ინფორმაციით, აშშ-ის მხრიდან სატელეფონო ზარები უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, სამხედრო საკითხებზე პასუხისმგებელმა პავლო პალისამ და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა მიხაილო დრაპატიმ მიიღეს. პალისამ ამერიკული ადმინისტრაციის მხრიდან მუქარის შესახებ Financial Times-საც დაუდასტურა ინფორმაცია.

PURL („უკრაინის პრიორიტეტული საჭიროებების სია“) ევროპული ინიციატივაა, რომლის მეშვეობითაც NATO-ს წევრი ქვეყნები ძირითადად უკრაინისთვის აუცილებელი ამერიკული შეიარაღების მიწოდებას აფინანსებენ. ინიციატივის ფარგლებში, პირველ წელს უკრაინამ 6.7 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღება მიიღო. ტრამპის პრეზიდენტობის დაწყების შემდეგ აშშ-ის პირდაპირი სამხედრო დახმარება შეჩერებულია, თუმცა დაზვერვითი ინფორმაციის გაზიარება გრძელდება.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ენერგეტიკულ ზავთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარისგან თავი შეიკავა, თუმცა განაცხადა, რომ რუსეთი „გრძელვადიანი მშვიდობის“ მისაღწევად ყველაფერს გააკეთებს.

ზელენსკის თქმით, უკრაინა მზადაა, ენერგეტიკული ზავის პირობები დაიცვას, თუმცა შეთანხმება ორივე მხარეზე თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ყველა ობიექტს მოიცავდეს, არა მხოლოდ ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებს. მისი განმარტებით, უკრაინას მოქმედი ნავთობგადამმუშავებელი ინფრასტრუქტურა პრაქტიკულად აღარ აქვს: ქვეყანაში არსებული ერთადერთი ქარხანა წარსულში რუსეთის თავდასხმების შედეგად მძიმედ დაზიანდა.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, კიევმა უკვე აჩვენა მზადყოფნა, შეასრულოს ზავის პირობები: გასულ ღამეს უკრაინას რუსეთის ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებზე იერიში არ მიუტანია, თუმცა რუსულმა „შაჰედის“ ტიპის დრონმა უკრაინაში გაზის მომპოვებელ ობიექტს დაარტყა.

Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი