ფოტო: AFP
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსული დიზელის ექსპორტზე სანქციების შემსუბუქებითა და რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტის ინიციატივით საწვავის ფასების შემცირება სცადა. შეთანხმების მიზანი აშშ-ში დიზელის მიწოდების გაზრდაა, თუმცა, მედიასააგენტო Reuters-ის შეფასებით, რუსეთის მიერ დაპირებული მოცულობები ამერიკის მოთხოვნასთან შედარებით მცირეა, ხოლო ექსპორტის რეალური შესაძლებლობა რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული.
დიზელზე მზარდი ფასები განსაკუთრებით აზარალებს ამერიკელ სატვირთო გადამზიდავებსა და ფერმერებს. საკითხი პოლიტიკურადაც მნიშვნელოვანია: საწვავის ღირებულება ამომრჩევლებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა 3 ნოემბრის შუალედური არჩევნების წინ. ტრამპის განცხადებების შემდეგ, ორშაბათს აშშ-ში დიზელის ფასი 0.5%-ით შემცირდა.
რამდენ დიზელს მიიღებს აშშ რუსეთისგან?
ტრამპის განცხადებით, რუსეთი აშშ-ისა და მსოფლიო ბაზრებისთვის დაუყოვნებლივ 300,000 ტონაზე მეტი დიზელის მიწოდებას უზრუნველყოფს, რაც დაახლოებით 2.25 მილიონ ბარელს შეადგენს. პრეზიდენტის თქმით, ნოემბერში მიწოდებას დამატებით 500,000 ტონა, ხოლო ამის შემდეგ კიდევ 1 მილიონი ტონა დაემატება.
თუმცა, როგორც Reuters-ი წერს, ეს მოცულობები აშშ-ის მოთხოვნასთან შედარებით მცირეა. აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის მონაცემებით, მხოლოდ სატრანსპორტო სექტორი დღეში დაახლოებით 2.94 მილიონ ბარელ დიზელს მოიხმარს. შესაბამისად, რუსეთის მიერ პირველ ეტაპზე დაპირებული მოცულობა აშშ-ის სატრანსპორტო სექტორის ერთდღიან მოხმარებასაც ვერ ფარავს, ხოლო შემდგომი ორი მიწოდება ჯამურად ოთხ დღეზე ნაკლებ მოთხოვნას შეესაბამება.
ამიტომ რუსული დიზელის დამატებითი მიწოდება შესაძლოა ბაზარზე მოკლევადიანად აისახოს, თუმცა მხოლოდ ამ შეთანხმებით აშშ-ში საწვავის ფასების მნიშვნელოვანი და მდგრადი შემცირება გარანტირებული არ არის.
შეძლებს თუ არა რუსეთი დაპირების შესრულებას?
აშშ-მა რუსული დიზელის ექსპორტზე სანქციები შეამსუბუქა, თუმცა გაურკვეველია, რომელი ტანკერებით შეძლებს რუსეთი საწვავის გადაზიდვას, რადგან ბევრი მათგანი სანქციების ქვეშაა. დამატებით პრობლემას წარმოადგენს უკრაინული დრონებით რუსული ნავთობგადამმუშავებელი ქარხნების დაზიანება.
უკრაინის თავდასხმების დაწყებამდე, 2024 წელს, რუსეთს დღეში დაახლოებით 100,000 ტონა დიზელის ექსპორტის შესაძლებლობა ჰქონდა. თუმცა ნავთობგადამმუშავებელ ინფრასტრუქტურაზე მიყენებული ზიანის გამო მოსკოვმა ივლისიდან დიზელის ექსპორტი შეზღუდა, რათა შიდა მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა. აკრძალვა 31 ოქტომბრამდე გაგრძელდა იმ ქვეყნებისთვისაც, რომლებთანაც რუსეთს შესაბამისი ორმხრივი შეთანხმებები არ აქვს. ამასთან, რუსეთი საწვავს კვლავ აწვდიდა მისთვის მეგობრულ ქვეყნებს, ძირითადად ცენტრალურ აზიაში.
ინდუსტრიის წარმომადგენლების შეფასებით, თუ უკრაინა რუსულ ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს შეაჩერებს, მოსკოვს ტრამპის მიერ მოთხოვნილი საწყისი, 300,000 ტონა დიზელის მიწოდების შესრულება შეუძლია. წყაროების თქმით, რუსეთი ამ მოცულობის საწვავს მიმდინარე თვეშიც აწარმოებდა, თუკი ქვეყნის ევროპულ ნაწილში მდებარე, დრონებით დაზიანებული ერთ-ერთი მსხვილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა მუშაობას განაახლებდა.
რა სარგებელს მიიღებს რუსეთის ეკონომიკა?
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, უკრაინის თავდასხმებმა ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებზე რუსეთის ეკონომიკას მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 1%-ის ოდენობის ზიანი მიაყენა. Reuters-ის გამოთვლით, ეს დაახლოებით 26.6 მილიარდი დოლარია.
300,000 ტონა დიზელის ექსპორტმა რუსეთს, სავარაუდოდ, დაახლოებით 400 მილიონი დოლარის შემოსავალი შეიძლება მოუტანოს. თუმცა ამ თანხის მხოლოდ მცირე ნაწილი შევა რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტში, რადგან ქვეყანა გადასახადებს ძირითადად ნავთობის მოპოვებაზე იღებს და არა ნავთობისა და საწვავის ექსპორტზე.
რუსეთში დაახლოებით 30 მსხვილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანაა, მაშინ როდესაც უკრაინაში ამჟამად მოქმედი ნავთობგადამმუშავებელი ინფრასტრუქტურა პრაქტიკულად აღარ არსებობს.
როგორ შეხვდნენ შეთანხმებას რუსეთი, უკრაინა და დასავლეთის ქვეყნები?
მოსკოვმა შაბათს განაცხადა, რომ ივლისიდან მოქმედი დიზელის ექსპორტის აკრძალვა ნაწილობრივ და დაუყოვნებლივ შეამსუბუქა. კრემლის განცხადებით, ენერგეტიკულ ზავზე მოლაპარაკებები ორშაბათსაც გრძელდებოდა, თუმცა რუსეთის ხელისუფლებას არ დაუკონკრეტებია, ზავი მხოლოდ ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებს ეხებოდა თუ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას უფრო ფართო მნიშვნელობით.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი ტრამპის შეთანხმება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ რუსეთისთვის დიზელის მიწოდება მოსკოვს უკრაინაზე თავდასხმების გაგრძელებაში წაახალისებს და ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის.
ინიციატივას კრიტიკა აშშ-ის კონგრესშიც მოჰყვა. ტრამპის თანაპარტიელმა, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა დონ ბეიკონმა განაცხადა, რომ რუსეთს სანქციები უნდა გაუმკაცრდეს და არა შეუმსუბუქდეს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნჰემმა კი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერების პირობა დადო. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ბერლინის მხარდაჭერა ზელენსკის მიმართ და რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების მოწოდებით გამოვიდა, რათა მოსკოვი სამშვიდობო მოლაპარაკებებს დაუბრუნდეს.
რატომ არის დიზელის მიწოდება გლობალური პრობლემა?
რუსეთის ექსპორტის შეზღუდვების გარდა, საწვავის მიწოდებაზე გავლენას ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომიც ახდენს, რომელმაც სპარსეთის ყურის ქვეყნების მიწოდება შეამცირა.
ბაზარზე დამატებითი საწვავის მიწოდებას ჩინეთიც გეგმავს. Reuters-ის ცნობით, ჩინეთი ხანმოკლე პაუზის შემდეგ გადამუშავებული საწვავის ექსპორტს განაახლებს, თუმცა ოქტომბერში დიზელის, ბენზინისა და საავიაციო საწვავის ექსპორტისთვის დამტკიცებული მოცულობა დაახლოებით 3.7 მილიონი ტონაა – მნიშვნელოვნად ნაკლები წინა წლის მაჩვენებელზე და სექტემბერში დამტკიცებულ 4 მილიონ ტონაზე მეტ მოცულობაზე.
დამატებითი მიწოდების მიზნით, დიდი შვიდეულის ქვეყნები ცოტა ხნის წინ სტრატეგიული მარაგებიდან საწვავის გამოთავისუფლებაზეც შეთანხმდნენ, რასაც ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო უწევს კოორდინაციას. მარტში სააგენტომ ნავთობისა და ნავთობპროდუქტების 400 მილიონ ბარელზე მეტი მოცულობის საგანგებო მარაგების გამოთავსიფლებას გაუწია კოორდინაცია, რაც მსოფლიოში მსგავსი ტიპის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება იყო.
ტრამპის ინიციატივა საწვავის ფასებზე ზეწოლის შემცირების მცდელობაა, თუმცა მისი შედეგი დამოკიდებული იქნება იმაზე, შეძლებს თუ არა რუსეთი საექსპორტო მოცულობების გაზრდას, აღდგება თუ არა დაზიანებული ქარხნების მუშაობა და რამდენად შეივსება გლობალურ ბაზარზე არსებული მიწოდების დეფიციტი.
Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი









