ფოტო: Getty Images
ამერიკის შეერთებულ შტატებში ინფლაციის მოსალოდნელზე მაღალმა მაჩვენებელმა საფონდო ბირჟებზე აქციების ფასების კლება გამოიწვია. შედეგად, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის, ქონება $17.6 მილიარდით, ხოლო მაიკლ დელის სიმდიდრე — $15 მილიარდით შემცირდა.
ამერიკული Forbes-ის მონაცემებით, ოთხშაბათის მდგომარეობით, ილონ მასკის ქონება $17.6 მილიარდით შემცირდა და $952.8 მილიარდი შეადგინა. ამავე პერიოდში Tesla-ს აქციების ფასი – 1.9%-ით, SpaceX-ის კი დაახლოებით 1.5%-ით დაეცა. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც მასკის ქონება ერთი დღით ადრე $1-ტრილიონიან ნიშნულს ჩამოსცდა. გამოცემის ბოლო განახლებით, მასკი $944.8 მილიარდს ფლობს.
მნიშვნელოვანი დანაკარგები ჰქონდა Dell Technologies-ის დამფუძნებელ მაიკლ დელსაც. კომპანიის აქციების ღირებულება დაახლოებით 8.6%-ით დაეცა, რასაც ამერიკელი ბიზნესმენის ქონების $15 მილიარდით ვარდნა მოჰყვა.
იმავე დღეს Oracle-ის თანადამფუძნებელმა ლარი ელისონმა დაახლოებით $11.2 მილიარდი დაკარგა, რაც მისი კომპანიის აქციების ფასის 7%-ით შემცირებით იყო გამოწვეული. ტექნოლოგიური სექტორის სხვა მილიარდერებს შორის, რომელთა ქონებაც შემცირდა, იყვნენ Meta-ს აღმასრულებელი დირექტორი, მარკ ცუკერბერგი (-$6.2 მილიარდი) და Nvidia-ს CEO ჯენსენ ჰუანგი (დაახლოებით -$4 მილიარდი).
აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიუროს (BLS) მონაცემებით, სექტემბერში სამომხმარებლო ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.6%-ით გაიზარდა, ხოლო წლიურმა ინფლაციამ 3.7%-ს მიაღწია. ეკონომისტები წლიური მაჩვენებლის 3.6%-მდე ზრდას პროგნოზირებდნენ.
ფასების ზრდაზე გავლენა ძირითადად ირანის ომის შედეგად ენერგოფასების ზრდამ იქონია. ბიუროს მონაცემებით, ენერგოფასები წლიურ ჭრილში 20.4%-ითაა გაზრდილი.
ინფლაციაზე მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ მსხვილი ამერიკული საფონდო ინდექსები დაეცა. ოთხშაბათს Nasdaq 1.1%-ით, ხოლო S&P 500 — 0.77%-ით იყო შემცირებული.














