ფოტო: Getty Images
აშშ-ის ადმინისტრაციამ ქვეყნის სიდიდით მეორე ბანკი საეჭვო ტრანზაქციების შესახებ დროულად შეუტყობინებლობისთვის $1.2 მილიარდით დააჯარიმა. ბანკი ასევე დათანხმდა $11.6 მილიონის გადახდას ირანთან, რუსეთთან და სხვა სანქცირებულ ქვეყნებთან დაკავშირებული სავარაუდო დარღვევების საქმეზე.
სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, ბანკმა საეჭვო ფინანსურ ოპერაციებზე უწყებას დროულად არ აცნობა, რამაც ფინანსური დანაშაულებებისა და ეროვნული უსაფრთხოების რისკების გამოვლენა გაართულა. აშშ-ის ხაზინადრის, სკოტ ბესენტის განმარტებით, მსხვილი ბანკების მიერ ფულის გათეთრებისა და სანქციების წინააღმდეგ ბრძოლის წესების დარღვევა არა მხოლოდ ამ კონკრეტულ ფინანსურ ინსტიტუტებს, არამედ სრულიად ქვეყნის ფინანსურ სისტემას უქმნის საფრთხეს.
დეპარტამენტის ცნობითვე, Bank of America-მ სანქციების შესაძლო დარღვევის საქმეზე ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისთან (OFAC) ცალკე შეთანხმებასაც მიაღწია და $11.6 მილიონის გადახდას დათანხმდა. საქმე ბანკის მიერ ირანის, რუსეთის, ნარკოტრაფიკისა და ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართული სანქციების დარღვევის შესაძლო ფაქტებს გულისხმობს. დამატებით, სავალუტო კონტროლიორის ოფისმა (OCC) ბანკს $750 მილიონის საჯარიმო სანქცია დააკისრა, რაც OCC-ის მიერ ოდესმე დაწესებული ყველაზე დიდი ჯარიმაა.
სავალუტო დანაშაულთან ბრძოლის ქსელის (FinCEN) განცხადებით, Bank of America-მ ვერ შეძლო ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტული რისკების თავიდან აცილება და დროულად ვერ შეატყობინა მარეგულირებელს $5 მილიარდზე მეტი ოდენობის საეჭვო ტრანზაქციის შესახებ, რომლებიც ჩინურ ფულის გათეთრების ქსელებსა და სამხრეთ-დასავლეთ საზღვარზე უკანონო ფინანსურ ოპერაციებს უკავშირდებოდა.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, Bank of America-მ ოფიციალურად აღიარა 1970 წლის „ბანკის საიდუმლოების შესახებ“ კანონის განზრახ დარღვევა, რაც ბანკებს ავალდებულებს, სახელმწიფოს ფულის გათეთრების ფაქტების გამოვლენასა და აღკვეთაში დაეხმარონ. ბანკის განცხადებით, ისინი აქტიურად თანამშრომლობდნენ მარეგულირებლებთან ხარვეზების აღმოსაფხვრელად.
ცნობისთვის, ეს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ ისტორიულად დაწესებული მესამე ყველაზე დიდი ჯარიმაა. შედეგად, Bank of America-სთვის დაკისრებული თანხა მხოლოდ კრიპტობირჟა Binance-თან მიღწეულ $4-მილიარდიან (2023 წ.) და კანადურ TD Bank-თან დადებულ $3-მილიარდიან (2024 წ.) შეთანხმებებს ჩამორჩება.














