ფოტო: JEFF PACHOUD / AFP via Getty Images
ცხოვრების ხარჯების ზრდის, განათლების სისტემაში არსებული პრობლემებისა და საჯარო სერვისების გაუარესების წინააღმდეგ 17 სექტემბერს დაწყებულ დემონსტრაციებს საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის პარიზში, ასიათასობით ადამიანი შეუერთდა. პროტესტი, რომელიც თავდაპირველად მშვიდობიანად მიმდინარეობდა, მალევე არეულობაში გადაიზარდა. პროტესტის მონაწილეთა ნაწილი სამართალდამცველებს დაუპირისპირდა, ნაწილმა ქვეყნის ისტორიულ შენობებს ცეცხლი წაუკიდა, მაღაზიები დაარბია და გაძარცვა. Reuters-ის შეფასებით, გასულ უქმეებზე საფრანგეთში მიმდინარე მოვლენები უკვე შეფასდა ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ არეულობად.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ლორან ნუნიესის განცხადებით, დემონსტრაციებში დაახლოებით 550,000 ადამიანი მონაწილეობდა. თუმცა ქვეყნის პროფკავშირების შეფასებით, პროტესტის მონაწილეთა რაოდენობამ 800,000 ადამიანს მიაღწია. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ სებასტიან ლეკორნიუს ინფორმაციით, არეულობის შედეგად, სულ მცირე, 150 პოლიციელია დაშავებული, 1,200 დემონსტრანტი კი დაკავებულია. თუმცა განახლებული მონაცემებით, დაკავებულთა რიცხვმა 2,000-ს გადააჭარბა. სამართალდამცველებმა რამდენიმე ქალაქში ცრემლსადენი გაზი და სხვა სპეციალური საშუალებები გამოიყენეს.
რატომ დაიწყო საპროტესტო აქციები?
დემონსტრაციები თავდაპირველად სექტემბრის ბოლოს პარიზის გარეუბან კრეტეიში მდებარე ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეების პროტესტით დაიწყო. მოსწავლეები განათლების სისტემაში არსებული პრობლემების გამო, მათ შორის მასწავლებლების ნაკლებობისა და სკოლებში სათანადო ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ.
სასწავლო პროცესების გაუმჯობესების მოთხოვნით დაწყებულმა პროტესტმა მოგვიანებით შედარებით მასშტაბური სახე მიიღო. დემონსტრანტებს პროფკავშირები და სხვა საპროტესტო ჯგუფები შეუერთდნენ, რომლებიც საცხოვრებელი ხარჯების ზრდას, უთანასწორობას, საჯარო სერვისების მაღალ ხარჯებსა და მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუარესებას აპროტესტებდნენ.
მოძრაობას ასევე შეუერთდნენ ე.წ. „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის წარმომადგენლები. მათ მიერ 2018 წელს საცხოვრებელი ხარჯების გაზრდის წინააღმდეგ დაწყებული დემონსტრაციები წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა.
საპროტესტო აქციები არეულობაში გადაიზარდა
უკვე შაბათს, 17 ოქტომბერს, პარიზში დემონსტრანტთა ნაწილი მაღალი ხილვადობის მქონე ყვითელი ფერის ჟილეტებით გადაადგილდებოდა. აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ პლაკატები, რომლებზეც პოლიციის, პრეზიდენტისა და მდიდარი ფენის წინააღმდეგ მიმართული ლოზუნგები იყო დატანილი. მოგვიანებით გაკეთებულ განცხადებებში აქციის მონაწილეთა უმრავლესობა ამტკიცებდა, რომ ისინი ქუჩაში მშვიდობიანი პროტესტისთვის გავიდნენ, არეულობა კი ცალკეული ჯგუფების მოქმედებებმა გამოიწვია.
მათ შორის, 17 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში, პარიზში მთავარი საპროტესტო მსვლელობა ძირითადად მშვიდობიანად მიმდინარეობდა. BBC-ის ჟურნალისტებს ახალგაზრდების ჯგუფმა განუცხადა, რომ ისინი „პაციფისტები“ იყვნენ და „უბრალოდ ცვლილებები სურდათ“.
მიუხედავად ამისა, დღის მეორე ნახევარში ვითარება რამდენიმე ქალაქში არეულობაში გადაიზარდა. დედაქალაქის ცენტრში, ისეთ ცნობილ ადგილასაც კი, როგორიც რესპუბლიკის მოედანია, აქციის მონაწილეებმა ავტომობილებსა და ქუჩაში განთავსებულ ობიექტებს ცეცხლი წაუკიდეს, დაარბიეს სავაჭრო სივრცეები და სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ. არეულობის მონაწილეები Galeries Lafayette-ში შეჭრასაც ცდილობდნენ. დააზიანეს ბანკების შენობები, გაძარცვეს Lacoste-ის მაღაზია და სხვა ბუტიკები.
განსაკუთრებით მძიმე ვითარება შეიქმნა ლიმოჟში, სადაც ქალაქის მერიის ისტორიულ შენობაში გაჩენილმა ხანძარმა სახურავის ნაწილი ჩამოანგრია. ლიონში დაიწვა ქალაქის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი. ლიონის მერმა, გრეგორი დუსემ, მომხდარს ტრაგედია უწოდა, ადგილობრივი პოლიციის დეპარტამენტის ცნობით კი, „მტრულად განწყობილი პირები“ მეხანძრეებს ხელს უშლიდნენ, რათა მათ ხანძრის უსაფრთხოდ ჩაქრობა ვერ მოეხერხებინათ.
ძალადობის შემთხვევები დაფიქსირდა მარსელში, გრენობლში, ავინიონში, მონპელიესა და სხვა ქალაქებშიც. პარიზში დაარბიეს ტანსაცმლისა და საკვების მაღაზიები, ლილში კი თავდასხმის სამიზნე Apple-ის მაღაზია გახდა.
სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთის ქალაქ სენ-ეტიენის მერმა, რეჟის ჟუანიკომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ახალგაზრდა მამაკაცს მცირე ზომის ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად ხელი მოსწყდა და დასძინა, რომ „ასეთი ტრაგედია არასდროს უნდა მომხდარიყო“.
BBC Verify-მ ასევე დაადასტურა ვიდეომასალის ავთენტიკურობა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ მართავენ ნიღბიანი მამაკაცები გრენობლის ცენტრში, ვიწრო ქუჩაზე, ტურისტულ მატარებელს სულ მცირე სამი სპეცრაზმელის მიმართულებით.
„ისინი, ვინც მაღაზიები გაძარცვა, მიყენებული ზიანისთვის პასუხს აგებენ, ხოლო ისინი, ვინც რესპუბლიკის დამხობას ცდილობდა, კანონით დაისჯებიან“, — განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კვირას სატელევიზიო მიმართვისას. მან მომხდარი ძალადობა რადიკალურ მემარცხენე ჯგუფებსა და მათში გაწევრიანებულ კრიმინალებს დაუკავშირა.
პოლიტიკური კონტექსტი
ემანუელ მაკრონის მეორე საპრეზიდენტო ვადა ოფიციალურად 2027 წლის 13 მაისს სრულდება. როგორც მაკრონმა აპრილში კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში ვიზიტის დროს განაცხადა, ვადის დასრულების შემდეგ ის პოლიტიკიდან წასვლას გეგმავს. უახლესი გამოკითხვებით, საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვების მთავარ პრეტენდენტებად შესაძლოა ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი და ულტრამემარცხენე პარტია „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ ლიდერი ჟან-ლუკ მელენშონი განვიხილოთ.
მელენშონი საფრანგეთში გამართულ დემონსტრაციებს თავადაც შეუერთდა. მოგვიანებით მან პოლიციელები დემონსტრანტების წინააღმდეგ „თავდასხმაში“ დაადანაშაულა, თუმცა მაღაზიების ძარცვისა და შენობებისთვის ცეცხლის წაკიდების ფაქტები დაგმო. ხოლო საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნიუმ მის განცხადებებს „საშიში და ცინიკური“ უწოდა.
მანამდე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ დემონსტრაციების მონაწილე ჯგუფების ნაწილი საპროტესტო აქციებს მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის „მოსამზადებელ ეტაპად“ იყენებდა. „არავის მივცემთ უფლებას, ძალადობის გზით საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი თავს მოგვახვიოს“, — განაცხადა ლეკორნიუმ.
რაც შეეხება ლე პენს, მან მელენშონი ძალადობის წახალისებაში დაადანაშაულა. ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსის განცხადებით, დემონსტრანტების მიერ გამოთქმული „ლეგიტიმური მოთხოვნები მემარცხენეებმა მძლევლად აიყვანეს“.
მოგვიანებით განცხადება გააკეთეს „ყვითელი ჟილეტების“ წევრებმა და 24 და 31 ოქტომბერს დემონსტრაციების განახლება დააანონსეს. ფრანგული მედიის ცნობით, ჯგუფმა შაბათისთვის დაგეგმილ საპროტესტო აქციებს „მოქმედება II“ უწოდა და საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა რუკა, რომელზეც უკვე დაგეგმილი ათობით საპროტესტო ღონისძიებაა დატანილი. კვირა საღამოს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის სატელევიზიო მიმართვის შემდეგ ჯგუფმა პრეზიდენტის განცხადებები „ცარიელ სიტყვებად“ შეაფასა და ელისეს სასახლეში შეხვედრა მოითხოვა.
დამატებით, საფრანგეთის პროფკავშირებმა 5 ნოემბრისთვის საჯარო და კერძო სექტორებში გაფიცვები და დემონსტრაციები დააანონსეს.
ვითარება ევროპის სხვა ქალაქებში
პარალელურად, საცხოვრებელი ხარჯების ზრდის წინააღმდეგ აქციები ევროპის რამდენიმე ქალაქშიც მიმდინარეობს. შაბათს შედარებით მცირე მასშტაბის საპროტესტო აქციები ბელგიასა და პორტუგალიაში გაიმართა. ასევე, დემონსტრანტები ქუჩაში გამოვიდნენ ალბანეთშიც, სადაც მთავრობაში არსებული კორუფცია, სამუშაო ადგილების ნაკლებობა და განათლების დაბალი ხარისხი გააპროტესტეს.
საფრანგეთის მსგავსად კი, დემონსტრაციები არეულობაში გადაიზარდა იტალიაში, კერძოდ მილანში. ნიღბიანმა ახალგაზრდებმა დუომოს მოედანსა და ვიტორიო ემანუელე II-ის მდიდრულ სავაჭრო გალერეაში მაღაზიების ვიტრინები ჩაამსხვრიეს, ცეცხლი წაუკიდეს სანაგვე ურნებსა და ბარიკადებს, დააზიანეს ავტომობილები და დაარბიეს რამდენიმე მსხვილი სავაჭრო ობიექტი. არეულობის მეორე დღეს, კვირას, საპოლიციო ძალებმა მილანში 270-ზე მეტი ახალგაზრდა დააკავეს. დაშავდა ათობით დემონსტრანტი და რამდენიმე პოლიციელი.








