საერთაშორისო სავალუტო ფონდმა წევრი ქვეყნების ეკონომიკური მაჩვენებლები განაახლა, რომლის მიხედვით საქართველოს 2019 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.6%-ია. საქართველოს მთავრობა 2019 წელს 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.
2018 წელს 4.7%-იანი ეკონომიკური ზრდის ტემპით საქართველო მსოფლიოს ქვეყნებს შორის 50-ე იყო, ხოლო 2019 წლის პროგნოზის (4.6%) მიხედვით 44-ე პოზიციას იკავებს. სავალუტო ფონდი 2020 წელს საქართველოს ეკონომიკის 4.8%-ით ზრდას პროგნოზირებს, საქართველოს მთავრობის პროგნოზი კი 5%-ია.
2019 წელს აზერბაიჯანის ეკონომიკა 2.7%-ით, სომხეთის ეკონომიკა 6%-ით, თურქეთის ეკონომიკა 0.2%-ით, რუსეთის ეკონომიკა 1.1%-ით და უკრაინის ეკონომიკა 3%-ით გაიზრდება.
ფონდის ინფორმაციით, 2019 წელს მსოფლიო ეკონომიკა 3%-ით, განვითარებული ქვეყნების ეკონომიკა 1.7%-ით, ხოლო განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკა 3.9%-ით გაიზრდება.
2019 წელს ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი დომინიკაში (9.4%) და სამხრეთ სუდანშია (7.9%) მოსალოდნელი. ყველაზე მეტად კი ვენესუელას (-35%) და ლიბიის (-19%) ეკონომიკა შემცირდება.
ცხრილი: ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მქონე ქვეყნები 2019 წელს
ადგილი | ქვეყანა | ზრდის ტემპი |
1 | დომინიკა | 9.4 |
2 | სამხრეთ სუდანი | 7.9 |
3 | რუანდა | 7.8 |
4 | ბანგლადეში | 7.8 |
5 | კოტ დივუარი | 7.5 |
6 | განა | 7.5 |
7 | ეთიოპია | 7.4 |
8 | ნეპალი | 7.1 |
9 | კამბოჯა | 7.0 |
10 | მავრიტანია | 6.6 |