ფოტო: Getty Images
ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის აქციების ფასი ოთხშაბათს, სავაჭრო სესიის დაწყებიდან მალევე, თითქმის 10%-ით გაიზარდა. ზრდა კომპანიის მესამე კვარტლის ფინანსურ შედეგებს უკავშირდება, რომლებმაც ანალიტიკოსების მოლოდინებს გადააჭარბა. ამასთან, მასკმა დაადასტურა, რომ SpaceX-ისა და Tesla-ს შესაძლო შერწყმის საკითხს ორივე კომპანიის დირექტორთა საბჭოები განიხილავენ.
მესამე კვარტალში SpaceX-ის შემოსავალმა $14.6 მილიარდი შეადგინა, მაშინ როდესაც ანალიტიკოსების პროგნოზი $12.72 მილიარდი იყო. კომპანიის შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 161%-ით გაიზარდა, წმინდა მოგებამ კი $4.4 მილიარდს მიაღწია.
მნიშვნელოვნად გაიზარდა კომპანიის ხელოვნური ინტელექტის მიმართულებაც. ამ ბიზნესის შემოსავალი წლიურად 830%-ით გაიზარდა და $7.6 მილიარდი შეადგინა, საოპერაციო მოგებამ კი $431 მილიონს მიაღწია.
SpaceX-ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სატელიტური ინტერნეტის სერვისი Starlink-ია. მესამე კვარტალში სერვისის აბონენტების რაოდენობა წინა საანგარიშო პერიოდში არსებული 12 მილიონიდან 13.6 მილიონამდე გაიზარდა. ამასთან, Starlink-ის კავშირის მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი წლიურად 69%-ით გაიზარდა და $5.2 მილიარდს მიაღწია.
კომპანიის ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, არასავაჭრო საათებში SpaceX-ის აქციების ფასი 4%-ზე მეტით გაიზარდა, ხოლო ოთხშაბათს დილით ზრდამ თითქმის 10% შეადგინა.
SpaceX-ის ფინანსური შედეგების გამოქვეყნების პარალელურად, მასკმა Tesla-სთან შესაძლო შერწყმის საკითხზეც ისაუბრა. მისი თქმით, ორივე კომპანიის დირექტორთა საბჭომ სპეციალური კომიტეტები შექმნა, რომლებიც პოტენციურ გარიგებას განიხილავენ.
მასკის განმარტებით, კომიტეტები დამოუკიდებელი დირექტორებისგან შედგება, თავად კი ინტერესთა კონფლიქტის გამო მათ განხილვებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ შერწყმა გადაწყვეტილი არ არის. მიუხედავად ამისა, მასკის შეფასებით, ასეთი გარიგება კარგი იდეა იქნებოდა.
SpaceX-ი ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით საქმიანობასაც აფართოებს. თებერვალში კომპანიამ მასკის მიერ დაფუძნებული xAI შეიერთა. ეს ნაბიჯი მილიარდერის გეგმებს უკავშირდება, ხელოვნური ინტელექტის სისტემებისთვის საჭირო მონაცემთა ცენტრები კოსმოსში განათავსოს და ისინი მზის ენერგიით უზრუნველყოს, ნაცვლად დედამიწის ელექტროქსელებზე დამოკიდებულებისა.
SpaceX-ის აქციების ზრდის ფონზე, ილონ მასკის ქონება დილის საათებში $88 მილიარდით გაიზარდა და $1.013 ტრილიონს მიაღწია. თუმცა მოგვიანებით კვლავ შემცირდა და ამჟამად $989 მილიარდს უტოლდება. ამ მაჩვენებლით მასკი მსოფლიოში უმდიდრეს ადამიანად რჩება.
Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი









