ფოტო: Julia Demaree Nikhinson / POOL / AFP
ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ასობით მილიარდი დოლარის ინვესტიციების ამონაგებთან დაკავშირებით გაჩენილმა ეჭვმა ტექნოლოგიური კომპანიების აქციების ფასების ვარდნა გამოიწვია. შედეგად, ამერიკული Forbes-ის შეფასებით, ხუთშაბათს მსოფლიოს ექვსმა უმდიდრესმა ადამიანმა — ილონ მასკმა, ჯეფ ბეზოსმა, ლარი პეიჯმა, სერგეი ბრინმა, მაიკლ დელმა და მარკ ცუკერბერგმა — კოლექტიურად $130 მილიარდი იზარალეს.
თითოეული მათგანის შემთხვევაში ქონების კლებაზე უარყოფითად იმ კომპანიების აქციების გაუფასურებამ იმოქმედა, რომლებთანაც ეს მილიარდერები არიან კავშირში, კერძოდ: Tesla-ს, SpaceX-ის, Amazon-ის, Google-ის, Dell Technologies-ისა და Meta-ს.
ყველაზე დიდი დანაკარგი ილონ მასკზე მოდის. ხუთშაბათს, დღის მეორე ნახევრის მონაცემებით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ქონება $74 მილიარდით, დაახლოებით $914.7 მილიარდამდე შემცირდა. ამის მიზეზი SpaceX-ის აქციების ფასის თითქმის 9%-იანი ვარდნა იყო და ეს იმის მიუხედავად, რომ გასულ კვარტალში მასკის კოსმოსური კომპანიის შემოსავალი წლიურად 161%-ით გაიზარდა.
SpaceX-ის აქციების ფასის ვარდნაზე ინვესტორთა შეფასებები და მოლოდინები მოქმედებს. კერძოდ, კომპანიის ინვესტორებს SpaceX-ის ფულადი ნაკადების $35-მილიარდიანი დეფიციტი და SpaceX-ის Tesla-სთან გაერთიანების შესაძლებლობა აშფოთებთ.
პარალელურად, ელექტრომობილების მწარმოებლის, Tesla-ს აქციების ღირებულებამაც 2%-ით იკლო. Tesla-მ ასევე $25 მილიარდიდან $20 მილიარდამდე შეამცირა 2026 წლის კაპიტალური დანახარჯების პროგნოზი, რამაც ინვესტორებში კომპანიის AI-სა და რობოტიკის პროექტების განვითარების ტემპთან დაკავშირებით ეჭვები გააჩინა.
ხუთშაბათს Amazon-ის თანადამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა, რომელიც Forbes-ის მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში მეორე პოზიციას იკავებს, დაახლოებით $11 მილიარდი დაკარგა. ბეზოსის ქონების შეფასების კლება Amazon-ის აქციების ფასის 5%-იან ვარდნას მოჰყვა.
Google-ის თანადამფუძნებლების, ლარი პეიჯისა და სერგეი ბრინის ქონება ჯამში $15 მილიარდით შემცირდა მას შემდეგ, რაც კომპანიის აქციების ფასი 3%-ზე მეტით დაეცა. Dell Technologies-ის დამფუძნებელმა მაიკლ დელმა კი დაახლოებით $12 მილიარდი დაკარგა. კომპანიის აქციები 7%-ით გაუფასურდა.
ხუთშაბათის მონაცემებით, დაახლოებით $18 მილიარდით შემცირდა Meta-ს დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის ქონება, რადგან კომპანიის აქციების ფასი 8%-ით დაეცა. ცნობისთვის, Meta-მ კაპიტალური დანახარჯების პროგნოზის ქვედა ზღვარი $5 მილიარდით გაზარდა და 2026 წლისთვის $135–145 მილიარდის დახარჯვა დააანონსა.








