ფოტო: Adobe Stock
რუსეთიდან აშშ-ში დაახლოებით 40 000 ტონა დიზელის საწვავის ტვირთი მიემართება. ეს პირველი მსგავსი გადაზიდვა იქნება 2023 წლის ივლისის შემდეგ, თუ ტანკერი დანიშნულების ადგილამდე მივა. ტვირთის გაგზავნა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის მიღწეულ შეთანხმებას უკავშირდება, რომლის ფარგლებშიც აშშ-მა რუსული დიზელის მიმართ სანქციები დროებით შეამსუბუქა.
საზღვაო გადაზიდვების მონიტორინგის კომპანია Kpler-ის მონაცემებით, მალტის დროშის ქვეშ მცურავმა ტანკერმა Agioi Fanendes-მა რუსეთში, ბალტიის ზღვის პორტ პრიმორსკში, დაახლოებით 40 000 ტონა, ანუ 300 000 ბარელი, დიზელი დატვირთა. გემის დანიშნულების ადგილად ნიუ-იორკია მითითებული, ხოლო ჩასვლის სავარაუდო თარიღად 7 ნოემბერი სახელდება. ტვირთის მოცულობას LSEG-ის საზღვაო გადაზიდვების მონაცემებიც ადასტურებს.
Kpler-ის მიხედვით, ეს იქნება რუსული დიზელის პირველი ტვირთი, რომლის აშშ-ში გაგზავნაც კომპანიას 2023 წლის ივლისის შემდეგ დაუფიქსირებია. ამასთან, პრიმორსკიდან ნიუ-იორკის მიმართულებით დიზელის ბოლო მსგავსი გადაზიდვა 2022 წლის იანვარში განხორციელდა. ამ ეტაპზე უცნობია, ვინ არიან ტვირთის გამყიდველი და მყიდველი.
ოთხშაბათს რუსეთის საინფორმაციო სააგენტოებმა ვიცე-პრემიერ ალექსანდრ ნოვაკზე დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აშშ-ისთვის განკუთვნილი რუსული დიზელის პირველი ტვირთი ხუთშაბათს უნდა გამგზავრებულიყო. ნოვაკის განცხადებით, მომდევნო გადაზიდვებიც იგეგმება, რადგან რუსული და ამერიკული კომპანიები საწვავის მიწოდების შესახებ კონტრაქტებზე მუშაობენ.
9 ოქტომბერს დონალდ ტრამპმა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის შეთანხმების შესახებ განაცხადა. მისი მიხედვით, რუსეთი აშშ-სა და გლობალურ ბაზრებს დიზელს მიაწვდის. სანქციების დროებითი შემსუბუქების პარალელურად კი რუსეთმა დიზელის ექსპორტზე საკუთარი აკრძალვაც უნდა მოხსნას.
ტრამპის განცხადებით, რუსეთი თავდაპირველად 300 000 ტონა დიზელს მიაწვდიდა ბაზარს, ნოემბერში მიწოდება 500 000 ტონამდე გაიზრდებოდა, ამის შემდეგ კი – 1 მილიონ ტონამდე.
შეთანხმების მიზნად აშშ-ში საწვავის ფასების შემცირება სახელდებოდა, განსაკუთრებით შუალედური არჩევნების წინ. ინიციატივას უკრაინისა და მისი მოკავშირეების, მათ შორის ტრამპის რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლების ნაწილის, კრიტიკა მოჰყვა.
რუსული დიზელის ექსპორტის მიმართულებები მას შემდეგ შეიცვალა, რაც ევროკავშირმა 2023 წლის თებერვალში რუსულ ნავთობპროდუქტებზე ემბარგო აამოქმედა. ამის შემდეგ რუსული დიზელის ძირითადი საექსპორტო ბაზრები ბრაზილია, თურქეთი და აფრიკის ქვეყნები გახდა.
Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი









