ფოტო: Getty
ვისმანების ოჯახის საინვესტიციო ჯგუფი, Viessmann Generations Group-ი, გერმანული საფეხბურთო კლუბ Bayern Munich-ის 5%-იან წილს შეიძენს. ხოლო კაპიტალის გაზრდის შემდეგ კლუბში ოჯახის წილი 6.7%-მდე გაიზრდება. გარიგების პირობები Bayern Munich-ს დაახლოებით €4 მილიარდად აფასებს.
Bloomberg-ის ინფორმაციით, გარიგების ფინანსური პირობები მხარეებს ოფიციალურად არ გაუმჟღავნებიათ. შეთანხმებაზე კომენტარი არც Bayern Munich-ის სპიკერს გაუკეთებია.
გარიგების პირობებით, ვისმანების ოჯახის წარმომადგენელი მაქს ვისმანი Bayern Munich-ის სამეთვალყურეო საბჭოს შეუერთდება. გათბობის სისტემების მწარმოებელი Viessmann-ის მფლობელი ოჯახი კი Bayern Munich-ის აქციონერთა ჯგუფს შეუერთდება, რომელთა შორის არიან სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელი Adidas-ი, ავტომწარმოებელი Volkswagen-ი და სადაზღვევო კომპანია Allianz-ი.
გარიგების დასრულების შემდეგ შედარებით მცირე ზომის აქციონერები საფეხბურთო კლუბის 30%-ს გადაინაწილებენ, ხოლო დარჩენილი 70% თავად FC Bayern München-ს დარჩება. ამჟამად კლუბში Volkswagen-ის წილი, დაახლოებით 8.3%, მის შვილობილ კომპანია Audi-ს ეკუთვნის, რომელიც ივლისში მისი გაყიდვის შესაძლებლობას განიხილავდა.
Bayern Munich-ის შეფასება მას მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ საფეხბურთო კლუბებს შორის აყენებს. თუმცა Sportico-ს მონაცემებით, ზოგიერთი კონკურენტი მას მაინც მნიშვნელოვნად უსწრებს. მათ შორისაა ესპანეთის Real Madrid-ი, $7.7-მილიარდიანი ღირებულებით, ასევე FC Barcelona და Manchester United-ი — დაახლოებით $6.5 მილიარდით.
Viessmann Group-ი, რომლის სათავო ოფისიც გერმანიაში მდებარეობს, იოჰან ვისმანმა 1917 წელს დააარსა. ამერიკული Forbes-ის შეფასებით, მისი მემკვიდრეები — მაქსიმილიან ვისმანი, ანა კატარინა ვისმანი და მარტინ ვისმანი — შესაბამისად, $7.8 მილიარდის, $4.3 მილიარდისა და $2.9 მილიარდის ქონებას ფლობენ.








