მომავალი ვიზიტორი საქართველოში მხოლოდ ტურისტულად აღარ ჩამოვა

მომავალი ვიზიტორი საქართველოში მხოლოდ ტურისტულად აღარ ჩამოვა

ავტორის შესახებ: მაია სიდამონიძე Tourism Connect-ის დამფუძნებელი და ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სექტორის საერთაშორისო კონსულტანტი

 

ტურიზმის წარმატებას წლების განმავლობაში ერთი მარტივი კითხვით ვზომავდით: რამდენი საერთაშორისო ვიზიტორი ჩამოვიდა ქვეყანაში?

ეს კითხვა კვლავ მნიშვნელოვანია, თუმცა ტურიზმის განვითარების ახალ ეტაპზე უკვე აღარ არის საკმარისი. საქართველოს ტურიზმი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ქვეყანა აღარ დგას მხოლოდ ცნობადობის ან ტურისტების რაოდენობის გაზრდის საწყის ეტაპზე. ახლა უფრო აქტუალური ხდება კითხვა: როგორი იქნება მომავალი ტურისტი და რა ტიპის ეკონომიკურ ღირებულებას შექმნის მისი აქ ჩამოსვლა?

სამოგზაურო ქცევა იცვლება. სამუშაოსა და დასვენებას შორის საზღვარი იშლება, იზრდება ხანგრძლივი მოგზაურობები, დისტანციურად დასაქმების შესაძლებლობები, ადამიანები უფრო ხშირად ეძებენ პერსონალიზებულ გამოცდილებებს და სულ უფრო მეტად აინტერესებთ არა მხოლოდ ადგილის ნახვა, არამედ დროებით იქ ცხოვრება, სწავლა, მუშაობა, ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ადგილობრივი ცხოვრების წესისა და კულტურის გაზიარება.

ეს ცვლილება საქართველოსთვის არა მხოლოდ ახალი ტურისტული პროდუქტის შექმნის შესაძლებლობაა, არამედ ახალი ეკონომიკური მოდელის შექმნის შესაძლებლობა.

სწრაფი და ციფრული ტრანსფორმაცია მსოფლიო ტურისტულ რუკაზე მნიშვნელოვნად ცვლის კონკურენციას ქვეყნებს შორის.

ეს უკვე აღარ იქნება destination competition,–ი არამედ გახდება – lifestyle competition–ი.

თუ წარსულში ქვეყნები და ქალაქები ერთმანეთისგან ძირითადად ბუნებით, კულტურული მემკვიდრეობით, ფასებით, ინფრასტრუქტურითა და სანახაობებით ცდილობდნენ გამორჩევას და კონკურენტული უპირატესობის მოპოვებას, დღეს თანამედროვე მოგზაურის არჩევანი სულ უფრო ხშირად სხვა კითხვებზე ეძებს პასუხებს:

სად მინდა ვიცხოვრო ერთი თვე? სად მინდა ვიმუშაო დისტანციურად? სად მინდა გავატარო ზამთარი? სად მინდა შევიძინო მეორე სახლი? სად მინდა დავიწყო ახალი ბიზნესი?

მოგზაური მხოლოდ ტურისტულ ადგილს არ ირჩევს, ის ირჩევს ემოციებს, რიტმს, გარემოსა და ცხოვრების სტილს, რომლის გამოც ღირს სახლიდან ხანგრძლივად წასვლა.

ეს ცვლილება განსაკუთრებით საინტერესო შესაძლებლობას ქმნის საქართველოსთვის. ჩვენი უპირატესობა შესაძლოა მხოლოდ იმაში არ იყოს, თუ რამდენ ტურისტს მოვიზიდავთ, არამედ იმაში, თუ რამდენ ადამიანს აღვუძრავთ სურვილს, რომ საქართველოში მოგზაურობის გამოცდილება საკუთარი ცხოვრების წესად აქციოს.

სწორედ აქ ჩნდება შესაძლებლობა ტურიზმის განვითარების ახალ ეტაპზე გადაყვანის: ქვეყანა, რომელიც ვიზიტორისთვის დროებითი საცხოვრებელი ადგილი ხდება. დისტანციური მუშაობა და მოქნილი სამუშაო გარემო ადამიანს საშუალებას აძლევს, ერთი ქვეყნის მონახულების ხანგრძლივობა  რამდენიმე კვირით ან თვითაც გაზარდოს.  მოგზაურობა შეიძლება ერთდროულად იყოს დასვენება და მუშაობა, ახალი ადგილის გაცნობა და ცხოვრების სხვა რიტმის გამოცდა.

მსოფლიოში უკვე არსებობს ამაზე აგებული პროდუქტები. იაპონია ავითარებს workation-ისა და slow travel-ის მიმართულებებს, ხოლო პორტუგალია სპეციალურ შესაძლებლობებს სთავაზობს დისტანციურად მომუშავე ადამიანებს, რომლებიც ქვეყანაში უფრო ხანგრძლივად დარჩენას გეგმავენ.

Slow Travel–ი, ანუ ნელი მოგზაურობა, თანამედროვე მოგზაურობის ტენდენციაა, რომელიც რაოდენობაზე მეტად გამოცდილების ხარისხს აყენებს წინ. მოგზაური ნაკლებ ადგილს სტუმრობს, თუმცა მეტ დროს ატარებს, ეცნობა ადგილობრივ კულტურას, ადამიანებს და ცხოვრების წესს. სწორედ ამიტომ slow travel–ი ხშირად დაკავშირებულია ხანგრძლივ დარჩენასთან, განმეორებით ვიზიტებთან, დისტანციურ მუშაობასთან და ვიზიტის ადგილის დროებით საცხოვრებელ ადგილად ქცევასთან.

Slow travel-ის კარგი მაგალითებია ქვეყნები, რომლებიც ტურისტს მხოლოდ სანახაობების ჩამონათვალს კი არა, ადგილობრივ ცხოვრებაში ჩართვასაც სთავაზობენ. მაგალითად:

  • იტალია – განსაკუთრებით, ტოსკანა, უმბრია და პატარა ქალაქები. აქ slow travel–ი დაკავშირებულია სოფლებში ხანგრძლივ დარჩენასთან, ადგილობრივ სამზარეულოსთან, ღვინოსთან, ფერმერულ გამოცდილებასთან და ყოველდღიური ცხოვრების ტემპთან. Agriturismo-ს კულტურა ამის კარგი მაგალითია.
  • პორტუგალია – განსაკუთრებით, ლისაბონის მიღმა მდებარე პატარა ქალაქები და ალენტეჟუ. პოპულარულია ხანგრძლივი დარჩენა, ადგილობრივი საკვები, ბუნება და მშვიდი ცხოვრების რიტმი. პორტუგალია ასევე კარგი მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება ტურიზმი lifestyle–ის არჩევანთან გადაიკვეთოს.
  • ესპანეთი – მაგალითად, ჩრდილოეთი ესპანეთი და სოფლის რეგიონები, სადაც მოგზაურობა უფრო მეტად ადგილობრივ კულტურაზე, გასტრონომიაზე, ბუნებასა და მცირე დასახლებებში დარჩენაზეა ორიენტირებული.
  • იაპონია – განსაკუთრებით, სოფლის რეგიონებში. მოგზაური შეიძლება რამდენიმე დღე ან კვირა ერთ პატარა ქალაქში ან სოფელში დარჩეს, გაიცნოს ადგილობრივი ხელობა, ტრადიციები, სამზარეულო და ცხოვრების რიტმი.
  • ახალი ზელანდია – ბუნებასთან დაკავშირებული slow travel-ის სახასიათო მაგალითია: ნაკლები ლოკაციის მონახულება, ხანგრძლივი ყოფნა, საფეხმავლო მარშრუტები და ბუნებაში მეტი დროის გატარება.
  • სლოვენია – განსაკუთრებით საინტერესოა საქართველოსთვის, რადგან პატარა ქვეყანაა, რომელმაც ბუნება, ადგილობრივი პროდუქტი, სოფლის ტურიზმი და მდგრადობა ერთიან გამოცდილებად აქცია.

საქართველოში კი ეს კონცეფცია განსაკუთრებით კარგად იმუშავებს ქვეყნის მრავალფეროვანი ბუნებრივი, ისტორიული და კულტურული რესურსებიდან გამომდინარე. მაგალითად: კახეთში რამდენიმე დღით ღვინის ტურის ნაცვლად ერთი თვე ცხოვრება და მეღვინეობის ადგილობრივად უკეთ გაცნობა და შესწავლა; თბილისში მხოლოდ ღირსშესანიშნაობების ნახვის ნაცვლად დისტანციურად მუშაობა და ადგილობრივი ცხოვრების წესის გაზიარება; მთაში რამდენიმე დღით ასვლის ნაცვლად სოფლის ცხოვრების გაცნობა. ასევე შესაძლებელია ახალი ტურისტული პროდუქტების განვითარება:

ტურიზმი + განათლება

მომავალი ვიზიტორი შეიძლება ჩამოვიდეს არა მხოლოდ რაღაცის სანახავად, არამედ რაღაცის სასწავლად. ქართული სამზარეულო, ღვინო, ხელოვნება, არქიტექტურა, ხელობა, მუსიკა, ფოტოგრაფია, ბუნება და ქართული ენა — ეს ყველაფერი შეიძლება გადაიქცეს მოკლე, მაგრამ მაღალი ღირებულების საგანმანათლებლო გამოცდილებად. ადამიანი, რომელიც საქართველოში ჩამოდის ღვინის კულტურის შესასწავლად ან ქართული სამზარეულოს მასტერკლასში მონაწილეობის მისაღებად, აღარ არის უბრალოდ ვიზიტორი, ის ხდება მონაწილე.

ტურიზმი + ჯანმრთელობა

მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება wellness–ი და longevity–ტურიზმია.

ადამიანები სულ უფრო მეტს ხარჯავენ არა მხოლოდ დასვენებაზე, არამედ ჯანმრთელობაზე, ენერგიაზე, ძილზე, მოძრაობაზე, კვებასა და ცხოვრების ხარისხზე. მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულება უკვე ცდილობს ბუნება, wellness–ი და ტურიზმი ერთ პროდუქტად აქციოს. საქართველოს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი რესურსები აქვს: მთები, ზღვა, სამკურნალო წყლები, ბუნება, ადგილობრივი საკვები და მრავალფეროვანი კლიმატი. შეიძლება შეიქმნას ისეთი პროდუქტები, სადაც ადამიანი საქართველოში ჩამოდის გადატვირთვისთვის, ჯანმრთელობისთვის, მოძრაობისთვის, ბუნებასთან დასაბრუნებლად ან ცხოვრების სტილის შესაცვლელად – რამდენიმე დღით კი არა, რამდენიმე კვირით ან თვითაც.

მომავალში ერთი და იგივე ქვეყანა შეიძლება სხვადასხვა ადამიანისთვის სრულიად განსხვავებულ პროდუქტად იქცეს. ამიტომ საქართველოს კონკურენტული უპირატესობა აღარ იქნება მხოლოდ ის, რა გვაქვს, არამედ ისიც, რამდენად კარგად შეგვიძლია არსებული რესურსების კონკრეტული ადამიანისთვის პერსონალიზებულ გამოცდილებად გარდაქმნა.

ტურისტულად ჩამოსული ვიზიტორი მომავალში შეიძლება გახდეს ინვესტორი. დღეს ვიზიტი ხშირად აეროპორტში მთავრდება. მაგრამ შესაძლებელია სრულიად სხვა ჯაჭვი განვითარდეს:

ვიზიტი → განმეორებითი ვიზიტი → ხანგრძლივი დარჩენა → მეორე სახლი → ინვესტიცია → ბიზნესი.

ამ გზაზე ტურიზმი უკვე უკავშირდება უძრავ ქონებას, ფინანსურ მომსახურებას, განათლებას, ჯანდაცვასა და ტექნოლოგიებს. ამიტომ ტურისტის ღირებულება მხოლოდ იმ თანხით არ უნდა განვსაზღვროთ, რომელსაც ის საქართველოში რამდენიმე დღის განმავლობაში ხარჯავს, მისი ღირებულება შეიძლება გაგრძელდეს წლების განმავლობაში.

ერთი ტურისტი ერთი ვიზიტი კი არა, მრავალი ინდუსტრიისთვის შექმნილი ახალი მოთხოვნაა

საქართველოს ტურიზმის შემდეგი ეტაპი, შესაბამისად, მხოლოდ მეტი ტურისტის მოზიდვა არ უნდა იყოს. მთავარი შესაძლებლობაა ერთი ტურისტის გარშემო მეტი ღირებულების შექმნა.

ამიტომ ტურიზმის განვითარება აღარ იქნება მხოლოდ ტურიზმის სექტორის ამოცანა. თუ სწორად დავგეგმავთ მომავალს, ტურისტის ჩამოსვლა შეიძლება გახდეს ეკონომიკური კატალიზატორი ბევრად უფრო ფართო ბიზნესებისთვის და საბოლოოდ, შესაძლოა საქართველოს ტურიზმის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა აღარ იყოს: რამდენი ტურისტი ჩამოვა? არამედ: რამდენი ახალი ეკონომიკური შესაძლებლობის შექმნა შეუძლია ერთ ტურისტს?

სწორედ ამ კითხვაზე პასუხმა შეიძლება განსაზღვროს საქართველოს ტურიზმის შემდეგი ათწლეული.