ისრაელის არჩევნებში საპარლამენტო უმრავლესობა ვერცერთმა პოლიტიკურმა ბლოკმა ვერ მოიპოვა

ისრაელის არჩევნებში საპარლამენტო უმრავლესობა ვერცერთმა პოლიტიკურმა ბლოკმა ვერ მოიპოვა

ფოტო: alhurra.com

 

ისრაელის საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლების შედეგები ცნობილია. არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, ვერცერთი პარტია თუ პოლიტიკური ბლოკი ვერ მოიპოვებს მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო მანდატების რაოდენობას.

გამოცემა The Times of Israel-ის ცნობით, წინასწარი მონაცემებით, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ბლოკი 56 მანდატს იღებს, ხოლო ოპოზიციური ალიანსი – 48-ს.

ეს ნიშნავს, რომ ვერცერთი მხარე ვერ მოიპოვებს 61 მანდატს, რაც 120-ადგილიან პარლამენტში უმრავლესობის შესაქმნელად არის საჭირო. შედეგად, ისრაელის მომავალი მთავრობის ფორმირების პროცესი, სავარაუდოდ, კვირებს ან თვეებს გასტანს და მას თან ახლავს პოლიტიკური კრიზისის მაღალი ალბათობა.

ამასთან, არაბული პარტიები, რომლებიც არცერთ კოალიციაში არ ერთიანდებიან, სავარაუდოდ, ქნესეთში 16 მანდატს მოიპოვებენ. ეს ნიშნავს, რომ მათ შესაძლოა გადამწყვეტი როლი შეასრულონ მთავრობის ფორმირებაში, თუ სხვა პოლიტიკური ძალები მათთან თანამშრომლობას დათანხმდებიან.

The Times of Israel-ის მონაცემებით, ხმების 66%-ზე მეტის დათვლის შემდეგ, განაწილება ასეთია:

პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მმართველი ბლოკი 56 მანდატით ლიდერობს:

  • „Likud“ – 28
  • „გაერთიანებული თორა იუდაიზმი“ – 8
  • „Shas“ – 7
  • „Otzma Yehudit“ – 7
  • „რელიგიური სიონიზმი“ – 6

ოპოზიციური ალიანსი 48 მანდატს აგროვებს:

  • „Yashar!“ – 21
  • „B’Yachad“ – 11
  • „Yisrael Beytenu“ – 8
  • „დემოკრატები“ – 8

არაბული პარტიები, სავარაუდოდ, 16 მანდატს მიიღებენ:

  • „გაერთიანებული სია“ – 12
  • „Ra’am“ – 4

მას შემდეგ, რაც 4 ნოემბერს ხმების საბოლოო დათვლის შედეგები გამოცხადდება, ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი პარტიების ლიდერებს გაესაუბრება, რათა გაარკვიოს, ვის ხედავენ ისინი პრემიერ-მინისტრის პოსტზე. ამის შემდეგ პრეზიდენტი მთავრობის ფორმირებას იმ კანდიდატს დაავალებს, რომელსაც, მისი აზრით, ამის ყველაზე კარგი შანსი აქვს.

არ არის აუცილებელი, რომ ეს კანდიდატი იმ პარტიის ლიდერი იყოს, რომელმაც ქნესეთში ყველაზე მეტი მანდატი მოიპოვა.

ვინაიდან ნეთანიაჰუსა და ეიზენკოტის პარტიები ყველაზე ძლიერ პოლიტიკურ ძალებად გამოიკვეთნენ, მთავარ პრეტენდენტებად სწორედ ისინი განიხილებიან.

არჩეულ ლიდერს კოალიციის შესაქმნელად მაქსიმუმ 42 დღე ექნება. თავდაპირველად კანდიდატს 28 დღე ეძლევა, თუმცა პრეზიდენტს შეუძლია ეს ვადა კიდევ 14 დღით გაახანგრძლივოს.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.