ფინეთის სასამართლომ ბალტიის ზღვაში წყალქვეშა კაბელების დაზიანებისთვის რუს კაპიტანს პატიმრობა მიუსაჯა

ფინეთის სასამართლომ ბალტიის ზღვაში წყალქვეშა კაბელების დაზიანებისთვის რუს კაპიტანს პატიმრობა მიუსაჯა

ფოტო: AP

 

ფინეთის სასამართლომ სატვირთო გემ Fitburg-ის რუს კაპიტანს სამი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო მის ეკიპაჟის წევრს, აზერბაიჯანის მოქალაქეს – ორი წლითა და ათი თვით. მათ ბალტიის ზღვაში ფინეთისა და ესტონეთის დამაკავშირებელი ორი წყალქვეშა კაბელის დაზიანებას ედავებოდნენ. ჰელსინკის რაიონულმა სასამართლომ ისინი დამამძიმებელ გარემოებებში ქონების დაზიანებაში ცნო დამნაშავედ.

132 მეტრის სიგრძის სატვირთო გემი Fitburg-ი, რომელიც სანქტ-პეტერბურგიდან ისრაელის პორტ ჰაიფასკენ მიემართებოდა, ფინეთის ხელისუფლებამ ახალი წლის ღამეს დააკავა. ეჭვის საფუძველი გახდა ვარაუდი, რომ გემის ღუზამ ფინეთის ყურეში სატელეკომუნიკაციო კაბელი დააზიანა.

ფინეთის ხელისუფლების განცხადებით, გემმა, რომელიც სენტ-ვინსენტისა და გრენადინების დროშით დაცურავდა, შესაძლოა, ღუზა ზღვის ფსკერზე რამდენიმე კილომეტრის მანძილზე ათრია.

იანვარში ფინეთის საბაჟომ დაადგინა, რომ გემზე განთავსებული ფოლადის ნაწარმი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ექვემდებარებოდა. თუმცა ამ საკითხზე სისხლის სამართლის გამოძიება არ დაწყებულა, რადგან პროდუქცია ფინეთის ტერიტორიულ წყლებში მხოლოდ მას შემდეგ მოხვდა, რაც ხელისუფლებამ გემს გადაადგილება მოსთხოვა.

ამასთან, ფინეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სააგენტოს მიერ ჩატარებულმა ინსპექტირებამ გემზე სერიოზული ტექნიკური ხარვეზები ვერ გამოავლინა.

დაზიანებული კაბელი ფინურ სატელეკომუნიკაციო კომპანია Elisa-ს ეკუთვნის და ესტონეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში მდებარეობს.

2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, არაერთი ექსპერტი და პოლიტიკური ლიდერი წყალქვეშა კაბელების სავარაუდო მიზანმიმართულ დაზიანებას რუსეთის მიერ დასავლეთის ქვეყნების წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის ნაწილად განიხილავს.

2024 წლის დეკემბერში ფინეთის ხელისუფლებამ რუსეთთან დაკავშირებული ნავთობტანკერი Eagle S დააკავა. გამოძიების თანახმად, გემმა ღუზის ზღვის ფსკერზე თრევით ბალტიის ზღვაში ელექტროგადამცემი და სატელეკომუნიკაციო კაბელები დააზიანა. თუმცა მიმდინარე წლის ოქტომბერში ფინეთის სასამართლომ ეს საქმე შეწყვიტა, რადგან პროკურატურამ ქმედების განზრახულობა ვერ დაამტკიცა.

ვითარების საპასუხოდ, NATO-მ რეგიონში სამხედრო წარმომადგენლობა გააძლიერა და დამატებით საპატრულო ფრეგატები, თვითმფრინავები და საზღვაო დრონები განათავსა.

Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი