ფოტო: Getty Images
ბრიტანელი მუსიკოსი და The Beatles-ის ყოფილი წევრი პოლ მაკარტნი Forbes-ის მილიარდერთა კლუბს შეუერთდა. გამოცემის შეფასებით, 84 წლის არტისტის ქონება 1.4 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც მას მსოფლიოს უმდიდრეს მუსიკოსებს შორის მესამე ადგილს ანიჭებს. მაკარტნის მხოლოდ ჯეი-ზი (2.8 მილიარდი დოლარი) და ტეილორ სვიფტი (2 მილიარდი დოლარი) უსწრებენ.
პოლ მაკარტნიმ მილიარდიანი ქონება მუსიკალური კარიერის, საავტორო უფლებებისა და მუსიკალური კატალოგების ფლობის, საკონცერტო ტურნეებისა და უძრავი ქონების მეშვეობით დააგროვა. თუმცა, როგორც Forbes წერს, მისი ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი არა მხოლოდ The Beatles-ის შემოქმედებიდან მიღებული შემოსავალი, არამედ სხვა მუსიკოსების ნაწარმოებებზე საავტორო უფლებებიცაა.
მაკარტნის ბიზნესსტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი 1969 წელს, The Beatles-ის დაშლამდე რამდენიმე თვით ადრე, საკუთარი მუსიკალური გამომცემლობის, MPL Communications-ის დაფუძნება იყო. ამ გადაწყვეტილებით მან სოლო კარიერის ფარგლებში შექმნილ მუსიკაზე საავტორო უფლებებისა და ჩანაწერების კონტროლის შესაძლებლობა მიიღო. მოგვიანებით მუსიკოსმა სხვა არტისტების ნაწარმოებების საავტორო უფლებების შეძენაც დაიწყო.
მის პორტფელში მოხვდა როკ-ენ-როლის ვარსკვლავის, ბადი ჰოლის, მუსიკალური კატალოგი, ბროდვეის მიუზიკლების ნაწარმოებები და ცნობილი საშობაო სიმღერები. მათ შორისაა „It’s Beginning to Look a Lot Like Christmas“, „The Christmas Song“, „Blue Christmas“ და „Baby, It’s Cold Outside“. შესაბამისად, მაკარტნი შემოსავალს არა მხოლოდ საკუთარი მუსიკის, არამედ სხვა არტისტების ნაწარმოებების გამოყენებიდანაც იღებს. მაგალითად, ჰიტის „Blue Suede Shoes“ სტრიმინგისას ან მიუზიკლ „Grease“-ის სასკოლო თეატრში შესრულებისას საავტორო ანაზღაურების ნაწილი მის კომპანიას ეკუთვნის.
Forbes-ის შეფასებით, MPL Communications-ი ათასობით მუსიკალურ ნაწარმოებზე ფლობს უფლებებს და ყოველწლიურად ათეულობით მილიონი დოლარის შემოსავალს ქმნის. კომპანიის ღირებულება, გამოცემის ვარაუდით, სულ მცირე, 250 მილიონი დოლარია. ეს მაკარტნის ყველაზე მსხვილი ბიზნესაქტივია.
მუსიკოსის ქონების მნიშვნელოვანი წყაროა ასევე The Beatles-ის კატალოგი. წლების განმავლობაში მაკარტნი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად ცდილობდა, მათი შემოქმედებიდან მიღებული შემოსავლის უფრო დიდი წილი დაებრუნებინა. მრავალწლიანი სამართლებრივი დავებისა და მოლაპარაკებების შემდეგ, ჯგუფის ჰოლდინგური კომპანია Apple Corps-ი დღეს მუსიკის სტრიმინგიდან, ვინილის გაყიდვებიდან და ბრენდირებული პროდუქციის რეალიზაციიდან ყოველწლიურად 50 მილიონ დოლარზე მეტ შემოსავალს იღებს. ამ თანხას მაკარტნი, რინგო სტარი და ჯონ ლენონისა და ჯორჯ ჰარისონის მემკვიდრეები თანაბრად იყოფენ.
Forbes-ის შეფასებით, ამ ბიზნესიდან თითოეული მათგანის წილი 150 მილიონ დოლარზე მეტი ღირს. ამასთან, მაკარტნი კვლავ ფლობს The Beatles-ის მიერ შექმნილ სიმღერებზე საავტორო უფლებების მნიშვნელოვან ნაწილს. გამოცემის ინფორმაციით, ამ უფლებებიდან მიღებული წლიური შემოსავალი სულ მცირე 10 მილიონი დოლარია, ხოლო თავად აქტივის ღირებულება 200 მილიონ დოლარს აღემატება.
მაკარტნის ქონებაში ასევე შედის ათწლეულების განმავლობაში საკონცერტო ტურნეებით გამომუშავებული ასობით მილიონი დოლარი, უძრავი ქონება დიდ ბრიტანეთსა და ჰემპტონსში, აშშ-ში; ასევე ხელოვნების ნიმუშების კოლექცია, რომელშიც პიკასოსა და მაგრიტის ნამუშევრებიცაა წარმოდგენილი.
აღსანიშნავია, რომ The Beatles-ის წევრები კარიერის დასაწყისში მუსიკალური წარმატების მიუხედავად, საკუთარი შემოქმედებიდან შედარებით მცირე შემოსავალს იღებდნენ. ჯგუფის პირველადი კონტრაქტის პირობებით, მათ გაყიდული თითოეული ალბომიდან ერთ ცენტზე ნაკლები რჩებოდათ, ხოლო სიმღერების ტექსტებისა და მელოდიების საავტორო უფლებებს გამომცემელი დიკ ჯეიმსი აკონტროლებდა. სწორედ ამ გამოცდილებამ განაპირობა მაკარტნის გადაწყვეტილება, მომავალში საკუთარი მუსიკალური აქტივების კონტროლი თავად მოეპოვებინა.
Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი









