ფოტო: REUTERS/Stringer
2026 წლის პირველ 10 თვეში ჩინეთის საგარეო ვაჭრობის დადებითმა სალდომ $1 ტრილიონს გადააჭარბა. ამას ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის განვითარების გლობალურმა პროცესმა შეუწყო ხელი, რამაც მაღალტექნოლოგიურ პროდუქციაზე მოთხოვნა გაზარდა და შიდა ბაზარზე არსებული სუსტი დინამიკა დააბალანსა.
შეგახსენებთ, მომავალ კვირაში, 18-19 ნოემბერს, შენჭენში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტი, APEC-ი იმართება. მოსალოდნელია, რომ სამიტის ფარგლებში ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წელს მესამედ შეხვდებიან ერთმანეთს. მთავარი განსახილველი საკითხები ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები და ტარიფების პოლიტიკა იქნება.
აღნიშნული მაჩვენებლები ხაზს უსვამს პეკინის მზარდ დამოკიდებულებას საგარეო მოთხოვნაზე. ეს კი იმ ფონზე ხდება, როდესაც ჩინეთის ეკონომიკა სირთულეებს განიცდის, განსაკუთრებით – მოხმარების დაბალი დონისა და უძრავი ქონების სექტორში არსებული ხანგრძლივი კრიზისის გამო. ანალიტიკოსები ჩინეთის მთავრობას აფრთხილებენ, რომ საგარეო ბაზრებზე გაზრდილი დამოკიდებულება ჩინეთს უფრო მოწყვლადს ხდის უცხოური პროტექციონისტული ზომების მიმართ.
საბაჟო სამსახურის მონაცემებით, ოქტომბერში ექსპორტი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აშშ დოლარში გამოსახული მაჩვენებლით 35.2%-ით გაიზარდა. ეს ზრდა თითქმის უტოლდება სექტემბერში დაფიქსირებულ 36.3%-იან მაჩვენებელს და მნიშვნელოვნად აღემატება ეკონომისტების პროგნოზს, რომლებიც 33.5%-იან ზრდას მოელოდნენ.
ჩინეთის საგარეო ვაჭრობის დადებითი სალდოს $1.04 ტრილიონამდე ზრდა პირველი 10 თვის განმავლობაში სწორედ ამან განაპირობა. შედეგად, ეს მაჩვენებელი ზედიზედ მეორე წელია, 1 ტრილიონ დოლარს აჭარბებს, თანაც წელს ეს ნიშნული ერთი თვით ადრე იქნა მიღწეული, ვიდრე გასულ წელს.
საგარეო ვაჭრობის მზარდმა დადებითმა სალდომ შესაძლოა კიდევ უფრო გაამწვავოს დაძაბულობა ევროკავშირთანაც. ევროკავშირის ლიდერები ჩინეთთან სავაჭრო შეზღუდვების გამკაცრებას ითხოვენ. მათ უკვე მიაღწიეს შეთანხმებას პეკინთან, რომლის მიხედვითაც, მომდევნო წლებში ჩინეთიდან ევროკავშირში ჰიბრიდული ავტომობილების ექსპორტი შეიზღუდება.









