ფოტო: Andrey Rudakov/Bloomberg
Anthropic-ის საფონდო ბირჟაზე დაგეგმილი გასვლის, IPO-ს დეტალები, მათ შორის დაახლოებით $70 მილიარდის მოზიდვის გეგმა, ორშაბათს რამდენიმე ბანკს ელექტრონული ფოსტით შეცდომით გაეგზავნა. თუმცა მოგვიანებით შეტყობინებები უკან გაიწვიეს. ამის შესახებ Reuters-ი მის მიერ ნანახ ელექტრონულ მიმოწერაზე დაყრდნობით იტყობინება.
Reuters-ის ინფორმაციით, კომპანიის წარმომადგენელმა ბანკებს Anthropic-ის IPO-ს დოკუმენტი გაუგზავნა, რომლის მიხედვითაც ამერიკული AI-კომპანია დაახლოებით 867 მილიონი აქციის გაყიდვას, თითოეულის $70-დან $80-მდე ფასად, განიხილავდა. თუმცა მოგვიანებით გაგზავნილ წერილში განიმარტა, რომ აქციების ფასის შესახებ ინფორმაცია დაზუსტებული არ იყო და დოკუმენტს მოგვიანებით განაახლებდნენ.
Anthropic-ს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. მედიასააგენტოს ცნობით კი, Reuters-მა დამოუკიდებლად ვერ დაადგინა, რა შეცდომას შეიცავდა თავდაპირველი დოკუმენტი.
IPO-ს თავდაპირველი გეგმით, კომპანია 66.7 მილიონი A–კლასის აქციის გაყიდვას გეგმავდა, მათ შორის მეორეული შეთავაზების გზითაც. საწყის ეტაპზე თავად Anthropic-ი დაახლოებით 843.3 მილიონ აქციას გაყიდდა, ხოლო არსებული აქციონერები — დამატებით 23.3 მილიონს. იმ შემთხვევაში, თუ IPO-ს ფარგლებში კომპანიის აქციის ფასი განსაზღვრულ ზედა ზღვარს მიაღწევდა, საფონდო ბირჟაზე გასვლით მოზიდული თანხა დაახლოებით $69.3 მილიარდი იქნებოდა.
ამავე დოკუმენტში აღნიშნული იყო, რომ IPO-ს პარალელურად Anthropic-მა მსოფლიოს უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიებისგან დამატებით $26 მილიარდის ინვესტიცია მოიზიდა.
IPO-ს გეგმის შესაძლო გამჟღავნებამდე Reuters-ი წერდა, რომ Anthropic-ი ინვესტორებთან ოფიციალური შეხვედრების სერიას სამშაბათს დაიწყებდა, ხოლო აქციების საბოლოო ფასის განსაზღვრა მომდევნო კვირაში იყო მოსალოდნელი.








