აშშ-ის სანქციების მიუხედავად, ჩინურმა უნივერსიტეტმა Nvidia-ს უახლესი AI-ჩიპები შეიძინა – Reuters

აშშ-ის სანქციების მიუხედავად, ჩინურმა უნივერსიტეტმა Nvidia-ს უახლესი AI-ჩიპები შეიძინა – Reuters

REUTERS/Dado Ruvic/Illustration

ჩინეთის ერთ-ერთმა უნივერსიტეტმა, რომელსაც ქვეყნის სახალხო განმათავისუფლებელ არმიასთან მჭიდრო კავშირები აქვს, გასულ თვეში Nvidia-ს ორი მაღალტექნოლოგიური H200-ჩიპი შეიძინა, მიუხედავად იმისა, რომ სასწავლებელი აშშ-ის სავაჭრო სანქციების სიაშია. Reuters-ის მიერ მოპოვებული შესყიდვების დოკუმენტების მიხედვით, გარიგება აჩვენებს, რომ ვაშინგტონის მცდელობები, ჩინეთის მოწინავე ტექნოლოგიებზე წვდომა შეზღუდოს, სრულად ეფექტიანი არ არის.

მედიასააგენტოს ცნობით, ჩინეთის ქალაქ სიანში მდებარე ჩრდილო-დასავლეთის პოლიტექნიკურმა უნივერსიტეტმა ორი H200-ჩიპი 874,700 იუანად, დაახლოებით $123,000-ად შეიძინა. შესყიდვის შესახებ ჩანაწერი უნივერსიტეტის ვებგვერდზე 21 ოქტომბერს გამოქვეყნდა. აღსანიშნავია, რომ ჩიპები სასწავლებლის მენეჯმენტის სკოლისთვის ჩინური ტექნოლოგიური კომპანიის, Shaanxi Bosuan Network Technology-ისგან შეიძინეს და არა უშუალოდ Nvidia-სგან.

ჩრდილო-დასავლეთის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი ე.წ. „ეროვნული თავდაცვის შვიდი ვაჟის“ ჯგუფში შედის. ეს არის ჩინეთის უნივერსიტეტების გაერთიანება, რომლის წევრებსაც ქვეყნის თავდაცვის სექტორთან მჭიდრო კავშირები აქვთ. აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა უნივერსიტეტი 2001 წელს ე.წ. Entity List-ში შეიყვანა, სარაკეტო ტექნოლოგიების გავრცელებასა და სამხედრო კვლევებში სავარაუდო მონაწილეობასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე. 2019 წელს კი შეზღუდვები გაამკაცრა და უნივერსიტეტისთვის კონტროლირებადი ამერიკული ტექნოლოგიების ექსპორტზე ლიცენზიების გაცემა აკრძალა.

Nvidia-ს H200 ხელოვნური ინტელექტის მოწინავე სისტემების გასაწვრთნელად და მუშაობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი პროცესორია. ასეთი ჩიპების ჩინეთში ექსპორტი აშშ-ის შესაბამისი უწყებების ლიცენზიას საჭიროებს. მიუხედავად ამისა, Reuters-ის მიერ შესწავლილი დოკუმენტების მიხედვით, ჩრდილო-დასავლეთის პოლიტექნიკურმა უნივერსიტეტმა მიმდინარე წელს Nvidia-ს სხვა მაღალი წარმადობის პროცესორებზეც მიიღო წვდომა – მისივე ცნობით, ჩინურ კომპანიებთან გამოთვლითი სიმძლავრეების დაქირავების ხელშეკრულებების საფუძველზე.

კერძოდ, უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოების სკოლამ იანვარში ორი შვიდთვიანი კონტრაქტი გააფორმა. თითოეული ხელშეკრულება რვა H200-ჩიპის შემცველ სერვერებზე წვდომას ითვალისწინებდა. მათი ღირებულება, შესაბამისად, 441,700 და 441,000 იუანი იყო. გამოთვლითი რესურსები ხელოვნური ინტელექტის მოდელების დახვეწასა და სწავლებაში უნდა გამოეყენებინათ. უნივერსიტეტმა ასევე იქირავა სერვერები, რომლებშიც Nvidia-ს რვა A100- და რვა A800-პროცესორი იყო განთავსებული. ორივე მოდელი აშშ-ის მიერ ჩინეთში ექსპორტისთვის აკრძალულ ჩიპებს მიეკუთვნება.

Reuters-ის ცნობით, უნივერსიტეტის შესყიდვები უფრო ფართო ტენდენციის ნაწილია. სააგენტომ მიმდინარე წლის ჩინური სახელმწიფო შესყიდვისა და კორპორაციული დოკუმენტები შეისწავლა, რომლებშიც უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების მიერ აშშ-ის საექსპორტო შეზღუდვების ქვეშ მოქცეული Nvidia-ს ჩიპების შეძენის ან მათზე წვდომის სხვა ტიპის შემთხვევები იკვეთება. რამდენიმე სასწავლებელს ჩინეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან ან სამხედრო კვლევებთან მჭიდრო კავშირები აქვს.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ იანვრიდან H200-ჩიპების ჩინეთში ექსპორტის დაშვება ცალკეულ შემთხვევებში დაიწყო. თუმცა ეს გადაწყვეტილება არ აუქმებს შეზღუდვებს იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც Entity List-ში არიან შეყვანილი. ახალი წესები ასევე ითვალისწინებს უსაფრთხოების მექანიზმებს, რომლებმაც უნდა გამორიცხოს სანქცირებული ორგანიზაციებისა და სამხედრო მომხმარებლების დისტანციური წვდომა ექსპორტირებულ ჩიპებზე.

ჩინეთის სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის მიხედვით, უწყებებმა კონტრაქტის გაფორმებამდე უნდა გადაამოწმონ, რომ შერჩეულ მომწოდებლებს შეკვეთის შესრულება შეუძლიათ.

ჩინეთის ბაზარზე შეზღუდული Nvidia-ს ჩიპების მოხვედრის ერთ-ერთ გზად ადგილობრივი გადამყიდველები და გამოთვლითი რესურსების გაქირავება რჩება. როგორც Reuters-ი აღნიშნავს, მათ მანამდეც ჰქონდა ინფორმაცია, რომ ჩინურმა სასწავლებლებმა სამხედრო სფეროსთან კავშირებით Nvidia-ს ჩიპების შემცველი სერვერები Super Micro Computer-ისგან, Dell-ისა და Gigabyte-ისგან, ადგილობრივი გადამყიდველების მეშვეობით შეიძინეს. სააგენტოს ასევე აღწერილი აქვს ჩინეთში მაღალი წარმადობის Nvidia-ს ჩიპების არაოფიციალური ბაზარი, რომლის მომარაგებაც უცხოური მარაგებითა და მესამე ქვეყნების შუამავლებით ხდებოდა.

Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი