უკრაინული დრონების თავდასხმების შედეგად რუსეთის ნავთობგადამმუშავებელი სიმძლავრეების 30% დაზიანდა

უკრაინული დრონების თავდასხმების შედეგად რუსეთის ნავთობგადამმუშავებელი სიმძლავრეების 30% დაზიანდა

ფოტო: REUTERS/Stringer

 

ოქტომბრის ბოლოს რუსეთის ნავთობგადამმუშავებელ ობიექტებზე უკრაინის მხრიდან დრონების თავდასხმების განახლების შედეგად ქვეყნის ნავთობგადამუშავების სიმძლავრეები დაახლოებით 30%-ით შემცირდა. ამის შესახებ გამოცემა Reuters-ი ნავთობსექტორის ორ წყაროზე დაყრდნობით წერს.

პარალელურად, უკრაინის განახლებული თავდასხმები რუსეთს განსაკუთრებით რთულ პირობებში აყენებს, რადგან მოსკოვი, ადგილობრივ ბაზარზე შექმნილი საწვავის დეფიციტის მიუხედავადაც, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მიღწეული საექსპორტო შეთანხმების ფარგლებში დიზელის საწვავს საერთაშორისო ბაზრებს აწვდის.

უკრაინულმა მხარემ რუსეთის ნავთობქარხნებზე დარტყმები ოქტომბრის ბოლოდან განაახლა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ტრამპის მიერ კიევსა და მოსკოვს შორის ენერგოინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ გამოცხადებული შეთანხმება არაეფექტიანი აღმოჩნდა.

ინდუსტრიის წყაროებისა და ოფიციალური პირების ცნობით, უკრაინის მხრიდან მხოლოდ გასულ კვირაში განხორციელებული თავდასხმების შედეგად რუსეთის 35 მსხვილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხნიდან ცხრა საწარმოში მუშაობა შეფერხდა და საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

Reuters-ის ანონიმურ წყაროთა შეფასებით, ოქტომბრის ბოლოდან კიევის დრონებით თავდასხმების შედეგად დაზიანებული საწარმოების მაქსიმალური დღიური შესაძლებლობა დაახლოებით 300 000 ტონას, ანუ 2.2 მილიონ ბარელს შეადგენს. ეს ნავთობგადამმუშავებელი ქარხნების საერთო დღიური წარმოების (930 000 ტონა) თითქმის მესამედია.

წყაროების ცნობით, ოქტომბრის ბოლოსთვის დღიურად რუსული ნედლი ნავთობის გადამუშავება 700 ათას ტონას, შესაბამისად, 5 მილიონ ბარელს უტოლდებოდა. მათივე შეფასებით, არ არის გამორიცხული, თავდასხმების შედეგად ნედლი ნავთობის ფაქტობრივი გადამუშავება დღიურად 200 000 ტონით შემცირებულიყო.

კიევის მხრიდან ენერგოობიექტებზე გახშირებულ თავდასხმებზე გაზეთ Kommersant-თან ისაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და უკრაინა ტრამპის მოთხოვნების უგულებელყოფაში დაადანაშაულა.

თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ კვირას განაცხადა, რომ მათი შეტევები პასუხია რუსეთის მხრიდან უკრაინის ენერგოობიექტებზე განხორციელებულ თავდასხმებზე. ზელენსკის განცხადებითვე, მოსკოვმა უარი თქვა დეესკალაციის იმ ნაბიჯებზე, რომელთა გადადგმისკენაც პარტნიორები ორივე მხარეს მოუწოდებდნენ.