აბუ-დაბიში უკრაინა და რუსეთი პატიმრების მასშტაბურ გაცვლაზე შეთანხმდნენ

აბუ-დაბიში უკრაინა და რუსეთი პატიმრების მასშტაბურ გაცვლაზე შეთანხმდნენ

წყარო: Rustem Umerov

უკრაინა და რუსეთი პატიმრების მასშტაბური გაცვლის პრინციპზე შეთანხმდნენ. ეს შეთანხმება აბუ-დაბიში აშშ-ის შუამავლობით გამართული ორდღიანი მოლაპარაკებების ერთადერთი კონკრეტული შედეგია. როგორც იკრვევა, მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტისა და ტერიტორიული დავების საკითხებზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

შეთანხმების შესახებ დღეს, აბუ-დაბიში, აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯარედ კუშნერმა განაცხადა. მისი თქმით, მხარეები პატიმრების ყველაზე მასშტაბურ ჰუმანიტარულ გაცვლაზე შეთანხმდნენ, თუმცა საბოლოო რაოდენობა ხუთშაბათს დაზუსტდება.

მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციას რუსტემ უმეროვი, რუსეთის მხარეს კი ვლადიმირ მედინსკი წარმოადგენდნენ. ორივე ქვეყნის წარმომადგენელმა დაგეგმილი გაცვლა დაადასტურა, თუმცა მის მასშტაბსა და ვადებზე დამატებითი დეტალები არ გაუვრცელებიათ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამშაბათს განაცხადა, რომ მოლაპარაკებების ფარგლებში თითოეული მხრიდან 1,000 პატიმრის გაცვლის შესაძლებლობას განიხილავდნენ, თუმცა ეს რაოდენობა შესაძლოა 1,500-მდეც გაზრდილიყო.

აბუ-დაბიში მიღწეული შეთანხმება კიევსა და მოსკოვს შორის ბოლო ცხრა თვის განმავლობაში გამართული პირველი პირდაპირი მოლაპარაკებების ყველაზე ხელშესახები შედეგია. მანამდე, მიმდინარე წლის თებერვალში, ჟენევაში გამართული მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა. 2025 წლის მაისში კი სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შედეგად მხარეები ასევე 1,000-1,000 პატიმრის გაცვლაზე შეთანხმდნენ, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე პროგრესს ვერ მიაღწიეს.

კუშნერის განცხადებით, ის და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ხუთშაბათს მოსკოვში გაემგზავრებიან, სადაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდებიან. ამის შემდეგ აშშ-ის წარმომადგენლები დუბლინში ჩავლენ, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებს გამართავენ.

მოლაპარაკებების მთავარ დაბრკოლებად კვლავ ტერიტორიული საკითხი რჩება. მოსკოვი უკრაინისგან დონბასის აღმოსავლეთ რეგიონში იმ ტერიტორიების დათმობას მოითხოვს, რომლებიც ამჟამად კიევის კონტროლქვეშაა. ზელენსკი კი აცხადებს, რომ ტერიტორიული საკითხების გადაწყვეტა მხოლოდ სახელმწიფოთა ლიდერების დონეზე უნდა მოხდეს.

რუსეთი ასევე უარს ამბობს დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტაზე და სამხედრო მოქმედებების შეჩერებამდე უსაფრთხოების უფრო ფართო შეთანხმებების მიღწევას მოითხოვს.

აღსანიშნავია, რომ აბუ-დაბიში ევროპელი წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, თუმცა სამმხრივ მოლაპარაკებებში უშუალოდ არ მონაწილეობდნენ. ისინი უკრაინისა და აშშ-ის წარმომადგენლებთან ცალკეულ კონსულტაციებს მართავდნენ.

Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი