ფოტო: Getty Images
Nvidia-ს აქციების ფასი არასავაჭრო საათებში 8.61%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანიის დირექტორთა საბჭო აღმასრულებელი დირექტორის, ჯენსენ ჰუანგის თანამდებობიდან გადაყენებას განიხილავს. ამის მიზეზად მედიაში გავრცელებული ცნობები სახელდება, რომელთა მიხედვითაც, მილიარდერი ხელმძღვანელი, ქორწინების მიღმა, ორ ქალთან ურთიერთობაში იყო ჩართული. ერთ-ერთი მათგანი, აშშ-ის სადაზვერვო უწყებების ეჭვით, ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობდა, მეორე კი Nvidia-ს მაღალი რანგის აღმასრულებელი პირია.
არასავაჭრო საათებში Nvidia-ს აქციების ფასი 8.61%-ით, $158.78-მდე შემცირდა. ეს კლება გუშინდელ სავაჭრო სესიაზე დაფიქსირებულ ზრდას მოჰყვა – ოთხშაბათს კომპანიის აქციები 2.92%-ით, $173.73-მდე იყო გაძვირებული.
წაიკითხეთ ასევე: დონალდ ტრამპის თქმით, ჯენსენ ჰუანგის საქმეს FBI სწავლობს
აქციების მკვეთრი გაუფასურება The Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა, რომლის თანახმადაც, Nvidia-ს დირექტორთა საბჭო ჰუანგის თანამდებობიდან გათავისუფლებისთვის ემზადება. Reuters-მა გამოცემის ინფორმაცია დამოუკიდებლად დაადასტურა და აღნიშნა, რომ ოთხშაბათს გვიან საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც ჰუანგის მომავალს განიხილავდნენ.
მანამდე, ოთხშაბათს, The New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჰუანგს Nvidia-ს ჯანდაცვის მიმართულების ვიცე-პრეზიდენტთან, კიმბერლი პაუელთანაც ჰქონდა ურთიერთობა. პაუელი უშუალოდ კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს ექვემდებარება.
ჰუანგის შესაძლო გადაყენების საკითხი მკვეთრად განსხვავდება დირექტორთა საბჭოს რამდენიმე დღის წინანდელი პოზიციისგან. კვირას საბჭომ გამოაცხადა, რომ დაიწყებდა დამოუკიდებელ გამოძიებას იმის დასადგენად, ხომ არ იყო ჰუანგი უცხოური სადაზვერვო ოპერაციის სამიზნე. ამასთან, საბჭომ საჯაროდ გამოხატა ნდობა მისი ხელმძღვანელობის მიმართ და აღნიშნა, რომ იმ ეტაპზე არ არსებობდა საფუძველი ეფიქრათ, თითქოს კომპანიის საიდუმლო ინფორმაცია ან აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა.
გადაყენების შემთხვევაში, ჰუანგის შემცვლელის საკითხი Nvidia-სთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იქნება. კომპანიას ამ ეტაპზე მისი გამოკვეთილი მემკვიდრე არ ჰყავს. Bloomberg-ის ცნობით, დირექტორთა საბჭო გარე საკონსულტაციო კომპანიასთან ერთად ჰუანგის შემცვლელებსაც განიხილავს. ამასთან, მისი გადაყენების შემთხვევაში, მუდმივი ხელმძღვანელის შერჩევამდე, დროებითი აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნის შესაძლებლობაც განიხილება.
Nvidia-ს ხელმძღვანელის შესაძლო გადაყენებას გამოეხმაურა SpaceX-ისა და Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკიც. სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტს, რომლის ავტორიც მასკს მოუწოდებდა, ჰუანგი საკუთარ კომპანიებში დაესაქმებინა, მილიარდერმა ასე უპასუხა: „ეს ჩემთვის პატივი იქნებოდა“. აღსანიშნავია, რომ მასკის კომპანიები Nvidia-ს ხელოვნური ინტელექტის ჩიპების მსხვილ მომხმარებლებს შორის არიან. ბოლო წლებში ორივე მილიარდერი საჯაროდ არაერთხელ გამოხატავდა დადებით დამოკიდებულებას ერთმანეთისა და მათი კომპანიების მიმართ.
შეგახსენებთ, კვირას თანამშრომლებისთვის გაგზავნილ წერილში ჰუანგმა ქორწინებისგარე ურთიერთობის ფაქტი თავადაც დაადასტურა. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია მისი ახლო ურთიერთობის შესახებ ელის ჰუანგთან, რომელიც გამოთვლითი ტექნიკისა და მონაცემთა ცენტრების ოპერატორი კომპანია Megaspeed International-ის აღმასრულებელი პირია. აშშ-ის სადაზვერვო უწყებებს აქვთ ეჭვი, რომ ელის ჰუანგი პეკინის სასარგებლოდ, ჯაშუშურად მოქმედებდა.
ჰუანგის განცხადების შემდეგ Nvidia-ს დირექტორთა საბჭომ დამოუკიდებელი გამოძიების ჩასატარებლად იურიდიული მრჩეველი დაიქირავა. გამოძიების მიზანია იმის დადგენა, ხომ არ მოხვდა კორპორაციული საიდუმლო ინფორმაცია ან ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი მონაცემები უცხო ქვეყნის ხელში. თავად კომპანიაში აცხადებენ, რომ ინტელექტუალური საკუთრების კომპრომეტირების მტკიცებულება ამ დრომდე არ გამოუვლენიათ.
საკითხით აშშ-ის კონგრესიც დაინტერესდა. კანონმდებლები ჰუანგის დაკითხვას, მათ შორის მისი გამოუცხადებლობის შემთხვევაში, კონგრესის წინაშე გამოძახებას განიხილავენ.
Forbes-ის შეფასებით, ჯენსენ ჰუანგის ქონება ამჟამად დაახლოებით 151.2 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც მას მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მე-11 ადგილს ანიჭებს. Nvidia-ს აქციების გაუფასურება, თუ ეს ტენდენცია ხუთშაბათის სავაჭრო სესიის გახსნის შემდეგაც შენარჩუნდება, მისი ქონების კიდევ უფრო შემცირებას გამოიწვევს.
წაიკითხეთ ასევე: განქორწინების შემთხვევაში ჰუანგის ცოლმა შესაძლოა მისი ქონების ნახევარი მიიღოს
Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი









