ფოტო: Getty Images
ხელოვნური ინტელექტის ჩიპების მწარმოებელი Nvidia-ს მილიარდერი აღმასრულებელი დირექტორი ჯენსენ ჰუანგი თანამდებობიდან გადადგა. მისი გადაწყვეტილების შესახებ კომპანიის დირექტორთა საბჭომ ცოტა ხნის წინ განაცხადა.
ჯენსენ ჰუანგის გადადგომა მის გარშემო ბოლო დღეებში განვითარებულ სკანდალს უკავშირდება – მან რამდენიმე დღის წინ ქორწინებისგარე ურთიერთობა დაადასტურა, რომლის ერთ-ერთი მონაწილე, აშშ-ის სადაზვერვო უწყებების ეჭვით, შესაძლოა ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობდა.
ჰუანგის პირადი ცხოვრების შესახებ ცნობების გავრცელების შემდეგ Nvidia-ს დირექტორთა საბჭომ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო. გამოძიების მიზანია იმის დადგენა, ხომ არ მოხვდა კომპანიის კონფიდენციალური ინფორმაცია ან აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი მონაცემები უცხო ქვეყნის ხელში. თავად კომპანიაში აცხადებდნენ, რომ ინტელექტუალური საკუთრების კომპრომეტირების მტკიცებულება ამ დრომდე არ გამოუვლენიათ.
სკანდალის ფონზე ჰუანგის შესაძლო გადაყენების საკითხი ბოლო დღეებში აქტიურად განიხილებოდა. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, დირექტორთა საბჭო მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესაძლებლობას განიხილავდა, ხოლო Reuters-ის ცნობით, საბჭო ოთხშაბათს გვიან ჰუანგის მომავალთან დაკავშირებითაც შეიკრიბა.
წაიკითხეთ ასევე: ვინ შეიძლება გახდეს Nvidia-ს ახალი CEO?
საკითხით აშშ-ის კონგრესიც დაინტერესდა – კანონმდებლებმა Nvidia-ს ხელმძღვანელს დახურულ ფორმატში ჩვენების მიცემა მოსთხოვეს და მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში მისი იძულებით გამოძახების შესაძლებლობაც განიხილეს.
ჰუანგის შემცვლელის საკითხი Nvidia-სთვის დამატებითი გამოწვევა იყო. პოტენციურ კანდიდატებად განიხილებოდნენ კომპანიის ფინანსური დირექტორი კოლეტ კრესი და წამყვანი ინჟინერი იან ბაკი. კრესი, რომელიც Nvidia-ს 2013 წლიდან ხელმძღვანელობს ფინანსური მიმართულებით, დროებითი აღმასრულებელი დირექტორის ერთ-ერთ შესაძლო კანდიდატად სახელდებოდა. ბაკი კი კომპანიის ხელოვნური ინტელექტის პროდუქტების მიმართულებას ხელმძღვანელობს და მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული CUDA-ს პროგრამული პლატფორმის განვითარებაში. ჯერჯერობით უცნობია, ვის ანდობს დირექტორთა საბჭო კომპანიის ხელმძღვანელობას.
Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი









