Nvidia-ს დირექტორთა საბჭო ჯენსენ ჰუანგის დაბრუნებას არ განიხილავს

Nvidia-ს დირექტორთა საბჭო ჯენსენ ჰუანგის დაბრუნებას არ განიხილავს

ფოტო: Eric Lee / NYT / Redux

Nvidia-ს ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ჯენსენ ჰუანგი კომპანიის ხელმძღვანელის პოზიციაზე დაბრუნებას განიხილავს, თუმცა ამ ეტაპზე ტექნოლოგიური გიგანტის დირექტორთა საბჭო მის აღდგენას არ გეგმავს. როგორც Forbes-ი წერს, ორშაბათს რამდენიმე მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ საბჭოს მხარდაჭერის გარეშე ჰუანგის თანამდებობაზე დაბრუნების გზები თითქმის არ არსებობს.

Financial Times-ის ინფორმაციით, ჰუანგი თავის მოკავშირეებთან პირად საუბრებში Nvidia-ში დაბრუნების შესაძლებლობას განიხილავს. შეგახსენებთ, რომ მილიარდერმა აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა გასულ ხუთშაბათს დატოვა, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია რამდენიმე სავარაუდო სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ, მათ შორის კომპანიის თანამშრომლებთან და ქალთან, რომელსაც ჩინეთის დაზვერვასთან შესაძლო კავშირებს მიაწერენ.

ჯენსენ ჰუანგის დაბრუნების მოთხოვნით მხარდამჭერებმა პეტიციაც შექმნეს, რომელსაც ორშაბათის მდგომარეობით 186 000-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავდა. ინიციატივას მხარი დაუჭირა Nvidia-ს თანამშრომელთა ნაწილმა და ტექნოლოგიური ინდუსტრიის გავლენიანმა წარმომადგენლებმა, მათ შორის ილონ მასკმა, Uber-ის თანადამფუძნებელმა ტრევის კალანიკმა, Shopify-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტობიას ლიუტკემ და Epic Games-ის ხელმძღვანელმა ტიმ სვინიმ.

თუმცა, Politico-ს, Reuters-ისა და CNBC-ის მიერ ორშაბათს გავრცელებული ცნობების თანახმად, Nvidia-ს დირექტორთა საბჭო ჰუანგის თანამდებობაზე აღდგენას ამ ეტაპზე არ განიხილავს. ყოფილი ხელმძღვანელის დაბრუნებას სწორედ საბჭოს თანხმობა სჭირდება.

საბჭოს მხარდაჭერის გარეშე ჰუანგის დაბრუნების სამართლებრივი გზაც შეზღუდულია. სასამართლოს შეუძლია აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე აღდგენა მოითხოვოს იმ შემთხვევაში, თუ მისი გათავისუფლებისას სამართლებრივი დარღვევა დადასტურდება. თუმცა ამ დროისთვის არ არსებობს ინფორმაცია, რომ Nvidia-ს საბჭომ ჰუანგის გადაყენებისას კანონი დაარღვია. თავად ყოფილ CEO-ს გადაწყვეტილება სასამართლოში არ გაუსაჩივრებია.

ჰუანგის დაბრუნებას მხარი ორშაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც დაუჭირა. ჟურნალისტებთან საუბრისას მან განაცხადა, რომ წინააღმდეგი არ იქნებოდა, თუ ჰუანგი Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას კვლავ დაიკავებდა. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტს არ აქვს უფლებამოსილება, კომპანიის საბჭოს ნაცვლად თავად მიიღოს მისი თანამდებობაზე აღდგენის გადაწყვეტილება.

ჰუანგის დაბრუნების საკითხზე შესაძლოა მეტი სიცხადე Nvidia-ს სამშაბათის კვარტალურმა ფინანსურმა ანგარიშგებამ და მასთან დაკავშირებულმა კონფერენციამ შეიტანოს. ამასთან, კომპანიის შიდა გამოძიება ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირის მქონე ელის ჰუანგთან ყოფილი CEO-ს ურთიერთობის შესახებ კვლავ გრძელდება.

ჰუანგის დაბრუნების მომხრეები მიიჩნევენ, რომ Nvidia-მ საბოლოო გადაწყვეტილება გამოძიების დასრულებამდე არ უნდა მიიღოს. მათ შორისაა ილონ მასკი, რომლის შეფასებითაც, ჰუანგის გარეშე კომპანია რამდენიმე მნიშვნელოვან გარიგებას დაკარგავს. Epic Games-ის ხელმძღვანელმა ტიმ სვინიმ კი ჰუანგის გადაყენება Apple-ის მიერ სტივ ჯობსის გათავისუფლებას შეადარა და Nvidia-ს საბჭოს გადაწყვეტილება კომპანიისთვის და აშშ-ისთვის სერიოზულ ზიანად შეაფასა.

Nvidia-ს საბჭოსადმი ღია წერილი პარასკევს საინვესტიციო კომპანიების, Altimeter Capital-ისა და Atreides Management-ის ხელმძღვანელებმაც გამოაქვეყნეს. ბრედ გერსტნერმა და გევინ ბეიკერმა საბჭოს მოუწოდეს, ყველა შესაძლო ვარიანტი განიხილოს, მათ შორის ჰუანგის დაბრუნებაც.

ჰუანგის შესაძლო დაბრუნებას სამართლებრივი გარემოებებიც ართულებს. Reuters-ის ცნობით, Nvidia-სა და მის დირექტორთა საბჭოს წინააღმდეგ უკვე მიმდინარეობს სასამართლო დავები ყოფილი CEO-ს სავარაუდო კავშირების გამო ჩინეთის დაზვერვასთან დაკავშირებულ პირთან. ერთ-ერთი კოლექტიური სარჩელის თანახმად, კომპანიამ ინვესტორები შეცდომაში შეიყვანა, მეორე სარჩელი კი საბჭოს ფიდუციური ვალდებულებების შეუსრულებლობას ეხება.

Reuters-ის შეფასებით, ჰუანგის თანამდებობიდან გადაყენებით საბჭომ შესაძლოა სასამართლო დავებში საკუთარი პოზიცია გაიმყაროს, რადგან ეს ნაბიჯი აჩვენებს, რომ კომპანიამ სავარაუდო დარღვევებზე რეაგირება მოახდინა. მისი შემდგომი აღდგენა კი ამ არგუმენტს დაასუსტებდა.

აღსანიშნავია, რომ სკანდალი ჯენსენ ჰუანგის ქონებაზეც აისახა. Forbes-ის შეფასებით, ორშაბათს მისი ქონება $136.1 მილიარდს შეადგენდა, რაც წინა სავაჭრო დღის მაჩვენებელთან შედარებით 4%-იანი კლებაა. Nvidia-ს აქციების ფასის ვარდნის ფონზე ჰუანგმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში კიდევ ერთი პოზიცია დაკარგა და მე-13 ადგილიდან მე-14-ზე გადაინაცვლა. მას Walmart-ის მემკვიდრე ელის უოლტონმა გადაუსწრო.

აღსანიშნავია, რომ თანამდებობიდან გადადგომის მიუხედავად, ჰუანგს Nvidia-ს 3.5%-ზე მეტი წილი კვლავ ეკუთვნის, რაც მისი ქონების ძირითად ნაწილს წარმოადგენს.

Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი