EU-მ რუსეთის უმდიდრესი ქალი, Wildberries-ის დამფუძნებელი ტატიანა კიმი დაასანქცირა

EU-მ რუსეთის უმდიდრესი ქალი, Wildberries-ის დამფუძნებელი ტატიანა კიმი დაასანქცირა

ფოტო: Arthur Novosiltsev / Moskva News Agency

 

რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების მორიგი პაკეტის ფარგლებში ევროკავშირმა ქვეყნის უმდიდრესი ქალი, ონლაინვაჭრობის პლატფორმა Wildberries-ის დამფუძნებელი ტატიანა კიმი დაასანქცირა. ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კიმის კომპანია Wildberries-ი რუსული სამხედრო ძალებისთვის მიწოდების ქსელის ფუნქციას ასრულებს, რადგან ის ხელს უწყობს სამხედრო და ორმაგი დანიშნულების საქონლის რეალიზაციას.

შესაბამისად, ევროკავშირის შეფასებით, ტატიანა კიმი მატერიალურად ან ფინანსურად რუსეთის ხელისუფლების მხარდამჭერთა შორისაა და, მათ შორის, სარგებელს იღებს მოსკოვისგან, რომელიც პასუხისმგებელია ყირიმის ანექსიასა და უკრაინის დესტაბილიზაციაზე.

კიმმა ონლაინვაჭრობის პლატფორმა Wildberries-ი 2004 წელს დააფუძნა. თავდაპირველად კომპანია მხოლოდ ქალის ტანსაცმლით ვაჭრობდა, თუმცა დროთა განმავლობაში პროდუქციის შეთავაზების სფერო გაფართოვდა და ის რუსეთის უმსხვილეს ონლაინსაცალო პლატფორმად იქცა.

მიმდინარე წლის ზაფხულში Wildberries-ის საწყობები რამდენჯერმე უკრაინული დრონებით თავდასხმის სამიზნე გახდა. კიევმა თავდასხმები კომპანიის მიერ რუსული სამხედრო ძალებისთვის დრონების კომპონენტებისა და სხვა ორმაგი დანიშნულების აღჭურვილობის მიყიდვით გაამართლა. თავდასხმების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის ხელისუფლებას საწყობების აღდგენა დაავალა.

ამერიკულმა Forbes-მა ტატიანა კიმი რუსეთის უმდიდრეს ქალად 2020 წელს დაასახელა. იმ დროისთვის კიმი $1.4 მილიარდის სიმდიდრეს ფლობდა. ამჟამად ამერიკული გამოცემა ტატიანა კიმის ქონებას $8.1 მილიარდად აფასებს.

კიმის ხელმძღვანელობით მოქმედმა კომპანია RWB-მ, რომელიც 2024 წელს Wildberries-ისა და სარეკლამო ჯგუფ Russ Outdoor-ის გაერთიანების შედეგად შეიქმნა, განაცხადა, რომ სანქციები მის საქმიანობაზე გავლენას ვერ მოახდენდა. კომპანიის განმარტებით, მას ევროკავშირში აქტივები არ გააჩნია და არც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ოპერირებს.

ცნობისთვის, ორშაბათს გამოცხადებული პაკეტის ფარგლებში ევროკავშირმა სანქციები დაუწესა 12 ფიზიკურ პირსა და დაახლოებით 100 ორგანიზაციას. მათ შორის არიან რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ბანკები. სანქციების ახალი პაკეტი ასევე ითვალისწინებს ზომებს რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ. აღნიშნული სანქციებით ბრიუსელი რუსეთის იმ შემოსავლების შეზღუდვას ცდილობს, რომლებსაც ქვეყანა უკრაინის წინააღმდეგ ომის დასაფინანსებლად იყენებს.