სემ ბენკმენ-ფრიდი Anthropic-ის IPO-თი დაახლოებით $40 მილიარდს მიიღებდა

სემ ბენკმენ-ფრიდი Anthropic-ის IPO-თი დაახლოებით $40 მილიარდს მიიღებდა

ფოტო: Getty Images

 

კრიპტობირჟა FTX-ის დამფუძნებელი სემ ბენკმენ-ფრიდი, რომელიც ამჟამად 25-წლიან სასჯელს იხდის, Anthropic-ის საფონდო ბირჟაზე გასვლით დაახლოებით $40 მილიარდის მოგებას მიიღებდა. თუმცა Anthropic-ში კომპანიის წილი, რომელიც თავდაპირველად მას ეკუთვნოდა, 2024 წელს, FTX-ის გაკოტრების პროცესში, გასხვისდა.

სემ ბენკმენ-ფრიდმა 2021 წელს, მის საკუთრებაში არსებული კრიპტოსავაჭრო კომპანიის, Alameda Research-ის საინვესტიციო განყოფილების, Alameda Research Ventures-ის საშუალებით, Anthropic-ში დაახლოებით $500 მილიონი დააბანდა. იმ დროისთვის AI-სტარტაპის საბაზრო ღირებულება დაახლოებით $4 მილიარდს შეადგენდა.

Anthropic-ი არსებული გეგმით $1.5-ტრილიონიანი IPO-სთვის ემზადება, თითო აქციის $83-ად შეფასებით. გამოცემა Financial Times-ის დათვლით, ამ პირობებში Alameda-ს თავდაპირველი წილის ღირებულება დაახლოებით $37 მილიარდი იქნებოდა. შედეგად, სემ ბენკმენ-ფრიდი ვენჩურული ინვესტიციის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ მოგებას მიიღებდა.

თუმცა სემ ბენკმენ-ფრიდის საინვესტიციო პორტფელი, მათ შორის Anthropic-ში არსებული წილი, მისი ბიზნესიმპერიის დაშლის შემდეგ, FTX-ის მომხმარებლებისა და სხვა კრედიტორების წინაშე არსებული ვალდებულებების დაფარვის მიზნით გაიყიდა. საბოლოოდ, FTX 2022 წელს გაკოტრდა.

FTX-ის თანადამფუძნებელს ფულის გათეთრების, მომხმარებელთა თანხების მიტაცებისა და მათი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების, თაღლითობისა და ინვესტორთა აქტივების მიტაცების ბრალდებით აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ 2024 წელს 25-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.