Apple-ის განცხადებით, სერვისების მუშაობის შეფერხება შიდა განახლებამ გამოიწვია

Apple-ის განცხადებით, სერვისების მუშაობის შეფერხება შიდა განახლებამ გამოიწვია

ფოტო: shutterstock

 

Apple-ის რამდენიმე ციფრული სერვისის მუშაობა დროებით შეფერხდა. პრობლემები შეეხო App Store-ს, iCloud-სა და კომპანიის სხვა პლატფორმებს. Bloomberg-ის ცნობით, შეფერხების მიზეზი სისტემების შიდა განახლება გახდა და არა კიბერშეტევა.

Apple-მა გამოცემასთან საუბრისას დაადასტურა, რომ განახლების პროცესში რამდენიმე სერვისის მუშაობა შეფერხდა, თუმცა პრობლემების ნაწილი მალევე აღმოიფხვრა. კომპანიის სისტემური სტატუსის გვერდზე შეფერხებები დაფიქსირდა Apple Business-ის, Apple School Manager-ისა და iCloud-ის ანგარიშებისა და ავტორიზაციის სერვისებში.

პრობლემები App Store-საც შეეხო, თუმცა მისი მუშაობა მალევე აღდგა. მოგვიანებით შეფერხებები დაფიქსირდა iCloud Mail-ში, iCloud-ის ვებაპლიკაციებში, AppleCare on Device-სა და Apple Schoolwork-ში.

Apple-ის სერვისების შეფერხება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს (NSA) შიდა საკომუნიკაციო ქსელის მუშაობის შეფერხებიდან რამდენიმე საათში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, NSA-ს შემთხვევაც კიბერშეტევას არ უკავშირდებოდა. მოგვიანებით სააგენტომ დაადასტურა, რომ ტექნიკური მომსახურების პროცესში ქსელის მუშაობა დროებით გაუარესდა.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ტექნიკური შეფერხებები სხვადასხვა სექტორსა და სახელმწიფო უწყებას შეეხო. 12 ნოემბერს Microsoft 365-ის სერვისებში, მათ შორის Outlook-ის ელექტრონული ფოსტის პლატფორმაზე, ფართომასშტაბიანი შეფერხება დაფიქსირდა, რომელიც თითქმის მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. მიზეზად პროგრამული ხარვეზი და სერვერების არასაკმარისი სიმძლავრე დასახელდა.

ამის შემდეგ აშშ-ის ავიაციის ფედერალურმა ადმინისტრაციამ (FAA) ქვეყნის მასშტაბით ყველა აეროპორტში ფრენების დროებითი შეჩერების განკარგულება გასცა. შეფერხება L3 Harris-ის მიერ სისტემის ტექნიკური მომსახურების დროს როუტერის გადატვირთვამ და აშშ-ის საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემაზე მისმა გავლენამ გამოიწვია. პრობლემამ ათიათასობით რეისის დაგვიანება და/ან გაუქმება განაპირობა, თუმცა სისტემის მუშაობა რამდენიმე საათში აღდგა.

ორშაბათს ტექნიკური შეფერხებები რამდენიმე ბანკსაც შეეხო, მათ შორის JPMorgan Chase-ს.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში მომხდარი ინციდენტების მიზეზებად ტექნიკური ხარვეზები და სისტემური განახლებები სახელდება, მათი შესაძლო კავშირი კიბერშეტევებთან ან ხელოვნური ინტელექტის გავლენასთან დაკავშირებით კითხვები კვლავ არსებობს. ამ დროისთვის არც სახელმწიფო უწყებებს და არც კომპანიებს შეფერხებები კიბერშეტევებისთვის არ დაუკავშირებიათ.

Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი