ჯენსენ ჰუანგი აშშ-ის კონგრესის წინაშე 1-ელ დეკემბერს წარდგება

ჯენსენ ჰუანგი აშშ-ის კონგრესის წინაშე 1-ელ დეკემბერს წარდგება

ფოტო: Jose Sarmento Matos/Bloomberg

 

Nvidia-ს ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ჯენსენ ჰუანგი აშშ-ის კონგრესის წინაშე ჩვენების მისაცემად 1-ელ დეკემბერს წარდგება. კონგრესის სამი კომიტეტის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ჰუანგი დახურულ კარს მიღმა, ჩაწერილი ინტერვიუს ფორმატში, ჩინეთთან დაკავშირებული ეროვნული უსაფრთხოების საკითხებსა და მის გარშემო განვითარებულ სკანდალზე ისაუბრებს.

ჰუანგი ჩვენებას წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის, ჩინეთის კომუნისტური პარტიის საკითხების სპეციალური კომიტეტისა და დაზვერვის კომიტეტის წინაშე მისცემს.

კომიტეტების თავმჯდომარეებმა – ბრაიან მასტმა, ჯონ მულენარმა და რიკ კროუფორდმა – ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ ამერიკელმა საზოგადოებამ პასუხები უნდა მიიღოს როგორც ჰუანგისა და Nvidia-ს როლზე ჩინეთისთვის მოწინავე ჩიპებზე წვდომის უზრუნველყოფის საკითხში, ისე ჩინელ სადაზვერვო აგენტთან დაკავშირებულ სკანდალზე.

ჰუანგის გადადგომის შემდეგ კონგრესმენებმა მას წერილი გაუგზავნეს და გააფრთხილეს, რომ ნებაყოფლობით ჩვენების მიცემაზე უარის შემთხვევაში მის წინააღმდეგ სასამართლო უწყებას გამოსცემდნენ. კვირას, CBS-თან საუბრისას, ჯონ მულენარმა განაცხადა, რომ ჰუანგი დახურულ კარს მიღმა ჩვენების მიცემას დათანხმდა, თუმცა თარიღის შეთანხმებაზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობდა.

კონგრესში გამოსვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე ჰუანგმა გადადგომის შემდეგ პირველად გააკეთა საჯარო კომენტარი. The Wall Street Journal-ისთვის გაგზავნილ განცხადებაში მან აღნიშნა, რომ Nvidia-ში დაბრუნებას „პატივით მიიღებდა“. ეს განცხადება იმ ფონზე გაკეთდა, როდესაც ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმომადგენლების ნაწილი კომპანიის დირექტორთა საბჭოს ჰუანგის თანამდებობაზე აღდგენისკენ მოუწოდებს.

ჰუანგმა Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორის პოსტი გასულ ხუთშაბათს დატოვა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა მისი ურთიერთობის შესახებ სინგაპურის მონაცემთა კომპანია Megaspeed-ის ყოფილ ხელმძღვანელ ელის ჰუანგთან. ჩინელ ქალს აშშ-ის სადაზვერვო უწყებები ჩინეთისთვის ინფორმაციის შესაძლო გადაცემაში ეჭვმიტანილად მიიჩნევენ. ამასთან, რამდენიმე მედიასაშუალების ინფორმაციით, ჰუანგს Nvidia-ს კიდევ ორ თანამშრომელთანაც ჰქონდა რომანი.

კონგრესის წინაშე ჩვენების მიცემაზე თანხმობა განაცხადა აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მდივანმა ჰოვარდ ლუტნიკმაც. კანონმდებლებს მისგან განმარტებების მიღება სურთ იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელთა მიხედვითაც ის მოწინავე ხელოვნური ინტელექტის ჩიპების ექსპორტზე რეგულაციების გამკაცრებას ეწინააღმდეგებოდა.

ამ საკითხის აქტუალობას ზრდის ისიც, რომ ორშაბათს აშშ-მა ჩინეთისთვის Nvidia-ს მსგავსი მწარმოებლების ხელოვნური ინტელექტის ჩიპებზე წვდომის კონტროლი კიდევ უფრო გაამკაცრა.

Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი