Glovo-ს ზრდის მენიუ

Glovo-ს ზრდის მენიუ
ბარსელონაში, სათავო ოფისში, Glovo-მ 21 ქვეყნის 117 პარტნიორს უმასპინძლა, მათ შორის ქართული ბიზნესების წარმომადგენლებსაც. 

 

Glovo-ს შეკვეთების 45% კონკრეტული ბრენდის წინასწარი არჩევანის გარეშე იწყება. მომხმარებელი აპლიკაციას ხსნის, მაგრამ ჯერ არ იცის, ვის შეუკვეთავს. რესტორნისთვის ეს ახალი კლიენტის მოპოვების შესაძლებლობას ნიშნავს. მისი არჩევანი შეიძლება მენიუს ფოტომ, შეთავაზებამ ან სხვა მომხმარებლების შეფასებებმა განსაზღვროს.

სწორედ ამ არჩევანის გარშემო წარიმართა საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილი 11 ნოემბერს ბარსელონაში, Glovo-ს სათავო ოფისში, Yellow Park-ში. კომპანიამ Partners Day მეოთხედ გამართა და 270-ზე მეტ მონაწილეს უმასპინძლა. შეხვედრას საქართველოდან სხვადასხვა პარტნიორი კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე Glovo-ს თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ოსკარ პიერმა, კომპანიის ხედვა და ინდუსტრიის მდგომარეობა მიმოიხილა. მისი თქმით, წელს პლატფორმაზე შეკვეთის გამკეთებელ მომხმარებელთა რაოდენობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ზრდის გაგრძელებას კომპანია პარტნიორებთან ერთად გეგმავს — ხელმისაწვდომი შეთავაზებების, მომხმარებლის შენარჩუნებისა და რეკლამის დახმარებით.

საქართველო Glovo-სთვის ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით ყველაზე კარგად ათვისებული ბაზარია. ამასთან, საქართველო რიგით პირველი ქვეყანა იყო რეგიონში და მეორე მსოფლიოში (პორტუგალიის შემდეგ), სადაც Glovo Prime დაინერგა. 

წლევანდელ Partners Day-ზე წარმოდგენილი გლობალური მონაცემებით Prime-ის გამომწერები სხვებზე სამჯერ მეტ შეკვეთას აკეთებენ. რესტორნისთვის ეს მნიშვნელოვანი მონაცემია — უკვე მოზიდულ მომხმარებელთან ურთიერთობა ბიზნესის ზრდის ცალკე რესურსია.

ბარსელონაში Forbes Georgia-სთან საუბრისას Glovo-ს კავკასიის გენერალური მენეჯერი, არტემ კოლოსიუკი, განმარტავს, რომ ფართოდ ათვისებულ ბაზარზე ახალი მომხმარებლების მოზიდვას ბუნებრივი ზღვარი აქვს. ამიტომ ქართული გუნდი განსაკუთრებულ ყურადღებას შეკვეთების სიხშირესა და ერთგულებას უთმობს.

„ყველა ბაზარს ერთი მიდგომით არ უნდა ვუდგებოდეთ. საქართველო შესანიშნავი მაგალითია, რადგან სწორედ აქ დავიწყეთ მიდგომის შეცვლა და გამოწერაზე მეტი ყურადღების გადატანა. ჩვენი სერვისი ყოველდღიურობის ნაწილად უნდა ვაქციოთ“, — ამბობს კოლოსიუკი. 

მისი განმარტებით, გამოწერა მომხმარებლისთვის მომსახურებას უფრო ხელმისაწვდომს ხდის.

ციფრული გაყიდვების შესახებ შეხვედრაზე საუბარი რეკლამის კონკრეტულ შესაძლებლობებსაც შეეხო — აპლიკაციაში პროდუქტის უკეთ წარმოჩენიდან საძიებო სიტყვებით მომხმარებლის მოზიდვამდე. რესტორნისთვის ამ ინსტრუმენტების გამოყენება ნიშნავს შესაძლებლობას, თავისი შეთავაზება სწორედ მაშინ აჩვენოს ადამიანს, როცა ის არჩევანს აკეთებს.

KFC საქართველოს ელექტრონული კომერციის მენეჯერი სანდრო დარსაველიძე პარტნიორთა შეხვედრას მესამედ ესწრება. მისი თქმით, საქართველოში პლატფორმის ფართო გავრცელება ბრენდის ცნობადობასაც უწყობს ხელს და ახალი შესაძლებლობების გამოცდის პირობებსაც ქმნის.

„ეს ასევე გვაძლევს საშუალებას, რომ ამ მაღალი პენეტრაციის გამო Glovo-მ ხშირად ჩვენთან დატესტოს თავისი ახალი ფუნქციონალი, ახალი მიდგომები“, — ამბობს დარსაველიძე. 

KFC-ისთვის ამ სიახლეების დანიშნულება მომხმარებლის უკეთ მომსახურებაა: „აქ ყოველწლიურად ხდება ამ აპლიკაციის განახლება, ფუნქციონალის დამატება და ჩვენც აქტიურად ყველა ამ ახალ შესაძლებლობას ვიყენებთ“.

McDonald’s საქართველოს შემთხვევაში თანამშრომლობა მიტანის სერვისის დაწყებას უკავშირდება. 

„Glovo როდესაც შემოვიდა საქართველოს ბაზარზე, McDonald’s-მა მიტანის სერვისი ზუსტად მაშინ დაიწყო, Glovo-სთან პარტნიორობით, და დასაწყისში ერთადერთი დელივერი პარტნიორი იყო“, — იხსენებს კომპანიის ციფრული მარკეტინგის მენეჯერი სალომე ქვრივიშვილი.

McDonald’s საქართველო პარტნიორთა დღის ოთხივე შეხვედრაში მონაწილეობდა. ქვრივიშვილისთვის მნიშვნელოვანია იმ ქვეყანაში დაბრუნებაც, სადაც Glovo შეიქმნა, და კომპანიის სამომავლო გეგმების უშუალოდ გაცნობა. 

„აქ ვეცნობით იმ სიახლეებს და გეგმებს, რაც იგეგმება Glovo-სთვის სამომავლოდ და მათ შორის რა მნიშვნელობის მატარებელია ეს ყველაფერი შემდეგ უკვე ჩვენთვის“, — ამბობს ის.

ბარსელონაში პარტნიორები ერთმანეთის ზრდის ისტორიებსაც გაეცნენ. რუმინული სწრაფი კვების ქსელის, FRYDAY-ის, დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ლუჩიან ფლორეამ, გაიხსენა გზა 2019 წელს სუჩავაში გახსნილი პირველი საცდელი რესტორნიდან ორ ქვეყანაში მოქმედ 33 რესტორნამდე. კომპანიის ბრუნვამ 2025 წელს €30 მილიონს მიაღწია, 2026 წლის მოლოდინი კი დაახლოებით €40 მილიონია. ფლორეამ ისაუბრა როგორც მსხვილი მოთამაშეებისგან მიღებულ გაკვეთილებზე, ისე საკუთარი ბრენდის ჩამოყალიბებაზე; ამ გზაზე Glovo ქსელის მიტანის პარტნიორია.

სერბულმა Thyme-მა ყურადღება რესტორნის შიდა მუშაობაზე გადაიტანა. მისმა თანადამფუძნებლებმა განიხილეს, როგორ უნდა შეუთავსდეს მენიუს შემოქმედებითი მხარე ხარჯების მართვას. მათი გამოცდილებით, მომგებიანობის გასაზრდელად აუცილებელია, სამზარეულოს, ფინანსებისა და მარკეტინგის გუნდებს შორის ინფორმაცია მუდმივად იცვლებოდეს. ახალი კერძისა თუ კამპანიის შედეგი ბიზნესმა ერთობლივად უნდა შეაფასოს და მიღებული ცოდნა შემდეგ გადაწყვეტილებაში გამოიყენოს.

სხვა ქვეყნების ბიზნესების გამოცდილების გაცნობას დარსაველიძე შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებად მიიჩნევს. 

„ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რომ შევხვდეთ ჩვენს კოლეგებს სხვადასხვა ქვეყნებიდან, ასევე ჩვენს სხვა პარტნიორებს, გავცვალოთ ინფორმაცია, გავიცნოთ ერთმანეთი და გავუზიაროთ ერთმანეთის გამოცდილება“, — ამბობს KFC-ის წარმომადგენელი.

ხელოვნურ ინტელექტზე საუბარიც ყოველდღიურ ამოცანებს დაეთმო. Glovo-ს აფრიკის ბიზნესის ხელმძღვანელმა, დიმა რასნოვსკიმ, პარტნიორებს აჩვენა, რაში შეიძლება დაეხმაროს მათ ეს ტექნოლოგია: მარაგების პროგნოზირებაში, გაყიდვების ანალიზში, მენიუს თარგმნასა თუ მარკეტინგული ტექსტების მომზადებაში. რესტორნის მენეჯერისთვის ასეთი გამოყენება განსაკუთრებით საინტერესოა იქ, სადაც განმეორებად სამუშაოს ბევრი დრო მიაქვს.

იცვლება მომხმარებლის მიერ საკვების ძიების გზაც. Glovo-ს მიერ წარმოდგენილი მონაცემებით, 2026 წლის მაისიდან ხელოვნური ინტელექტის ასისტენტებიდან წამოსული შეკვეთების რაოდენობა 3.4-ჯერ გაიზარდა. ეს რესტორნებისთვის კიდევ ერთ გაყიდვის არხზე მიანიშნებს და ზუსტად აღწერილ მენიუსა და გამართულ ციფრულ ინფორმაციას დამატებით მნიშვნელობას სძენს.

პარტნიორებთან ასეთი ურთიერთობა Glovo-სთვის გრძელვადიანი ბიზნესგეგმების ნაწილიცაა. 

„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების შემთხვევაში მთავარია, ერთად გავიზარდოთ. ამიტომ ბევრ მათგანთან ერთობლივ ბიზნესგეგმებს ვაფორმებთ, რომლებშიც ზრდის გარკვეულ მაჩვენებელზე ვიღებთ ვალდებულებას“, — განმარტავს კომპანიის კომერციული მიმართულების დირექტორი, ფერან კასულერიასი.

ამ მიდგომას მასშტაბიც განაპირობებს: კომპანიის ცნობით, მცირე და საშუალო ბიზნესები მისი პარტნიორების 85%-ს შეადგენენ. მათთვის 2023 წლის ბოლოს დაწყებული Glovo Academy ადგილობრივ შეხვედრებსა და სწავლებას აერთიანებს.  პროგრამის შეხვედრები უკვე 21 ბაზარზე გაიმართა. პარტნიორებმა გაიღრმავეს ცოდნა ბიზნესდაგეგმვის, ბრენდის განვითარებისა და ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით. 

პარტნიორობის არეალი საცალო ვაჭრობაშიც ფართოვდება. Glovo-ს ინფორმაციით, სწრაფ კომერციაზე — სურსათისა და სხვა საცალო პროდუქტების სწრაფად მიწოდებაზე კომპანიის გლობალური შემოსავლის 25% მოდის. პლატფორმა სურსათის გარდა 23 საცალო კატეგორიას მოიცავს.

კოლოსიუკის თქმით, საქართველოში მომხმარებლები Glovo-თი უკვე ტელეფონებს, ტანსაცმელსა და სახლისთვის საჭირო ნივთებსაც ყიდულობენ. ცალკე გამოყოფს შინაური ცხოველების საკვებს, რომლის ზრდასაც ბაზრის ძირითად მოთამაშეებთან პარტნიორობას უკავშირებს.

„შინაური ცხოველების საკვები მოცულობით სურსათსა და ფარმაციაზე მცირე კატეგორიაა, თუმცა წლიური ზრდა ძალიან სწრაფია, რადგან ამ მიმართულებით ბაზრის ძირითად მოთამაშეებთან პარტნიორობა შევძელით“, — ამბობს კოლოსიუკი.

დღის ბოლოს Glovo-მ პარტნიორები სამი განსხვავებული შედეგისთვის დააჯილდოვა: 

რუმინული Dodo Pizza — აპლიკაციაში ზრდისთვის, უკრაინული Puzata Hata — მომხმარებელთა ყველაზე მაღალი საშუალო შეფასებისთვის, იტალიური Oca Nera კი კურიერების ყველაზე მოკლე ლოდინის დროისთვის. ამ სამმა აღიარებამ შეხვედრის ბიზნესლოგიკაც შეაჯამა: გაყიდვების ზრდას მომხმარებლის კმაყოფილება და გამართული მომსახურება უნდა ახლდეს.

ქართველი პარტნიორებისთვის ბარსელონაში განხილული იდეების გამოცდის ადგილი საკუთარი ბაზარი იქნება. შედეგი გამოჩნდება იმაში, როგორ შეცვლიან შეთავაზებას, სად დაზოგავენ დროს და რა მიზეზს მისცემენ მომხმარებელს დაბრუნებისთვის. Glovo-სთან პარტნიორობის ღირებულებაც სწორედ ამ ყოველდღიურ გადაწყვეტილებებში უნდა გადაითარგმნოს.

S