საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში 1 232 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 35%-ით (662 მლნ დოლარით) ნაკლებია 2017 წლის მონაცემებზე და 2013 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ცალკე აღებულ 2018 წლის მეოთხე კვარტალში, ინვესტიციები 62%-ით (325 მლნ დოლარით) შემცირდა.
2018 წელს ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყნები იყვნენ აზერბაიჯანი (240 მლნ დოლარი), გაერთიანებული სამეფო (204 მლნ დოლარი) და ნიდერლანდები (168 მლნ დოლარი). ამავე დროს, ინვესტიციები ყველაზე მეტად აზერბაიჯანიდან და ნიდერლანდებიდან შემცირდა.
ცხრილი: საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქვეყნების მიხედვით, მლნ აშშ დოლარი
ქვეყნები | 2016 | 2017 | 2018 |
აზერბაიჯანი | 558 | 465 | 240 |
გაერთიანებული სამეფო | 106 | 247 | 204 |
ნიდერლანდები | 72 | 357 | 168 |
აშშ | 58 | 80 | 104 |
პანამა | 76 | 53 | 75 |
ჩეხეთი | 87 | 143 | 72 |
ჩინეთი | 25 | 40 | 65 |
კორეა | 30 | 36 | 63 |
რუსეთი | 36 | 44 | 60 |
ლუქსემბურგი | 89 | 68 | 48 |
ეკონომიკის სექტორების მიხედვით, ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა საფინანსო სექტორში (278 მლნ დოლარი), ტრანსპორტის სექტორში (210 მლნ დოლარი) და ენერგეტიკაში (157 მლნ დოლარი). ყველაზე დიდი შემცირება ტრანსპორტის და მშენებლობის სექტორებშია, ჯამში 442 მლნ დოლარით.