კრიპტოენერგო კორელაცია

კრიპტოენერგო კორელაცია

ახალი არ არის, რომ ელექტროენერგიის მოხმარება საქართველოში იზრდება, ადგილობრივი წარმოება კი ჩამორჩება მოხმარებას და ამის გამო უფრო და უფრო მზარდი რაოდენობით გვიწევს იმპორტის განხორციელება ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან. ტენდენცია არასახარბიელოა და ერთადერთი, რაც შეგვიძლია, აღნიშნულს დავუპირისპიროთ, ეს არის ადგილობრივი გენერაციის განვითარების ხელშეწყობა.

ბოლო ათწლეულის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ელექტროენერგიის შიდა მოხმარების ზრდა ყოველწლიურად საშუალოდ 4.7%-ით განისაზღვრება. რაც შეეხება წარმოებას, მაგალითად, 2019 წელს ელექტროენერგიის წარმოება 2018 წელთან შედარებით 2.6%-ით შემცირდა. ამ ფონზე, ელექტროენერგიის იმპორტი 2019 წელს წინა წელთან შედარებით 7.8 %-ით, ხოლო 2017 წელთან შედარებით 8.7%-ით გაიზარდა. აგრეთვე, ელექტროენერგიის იმპორტმა 2019 წელს 6.7-ჯერ გადააჭარბა ექსპორტს.

წელს შედარებით განსხვავებული რეალობა გვაქვს ელექტროენერგიის მოხმარების თვალსაზრისით – შემცირებულია ელექტროენერგიის მოხმარება კერძო სექტორის ხარჯზე, თუმცა გაზრდილია საყოფაცხოვრებო ნაწილში. ეს, რა თქმა უნდა, განპირობებულია ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის თავიდან აცილების მიზნით დაწესებული შეზღუდვებით, რამაც კერძო სექტორის საქმიანობის შეფერხება ან ნაწილობრივი გაჩერება გამოიწვია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც.

მიუხედავად 2020 წლის უჩვეულო მაჩვენებლისა, საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი მაინც იზრდება. ამ წლის 9 თვის მო ნაცემებით (იანვარ-სექტემბერი) უკვე განხორციელდა 926.86 მლნ კვტ.სთ-ის იმპორტი, რაც შეხება ექსპორტს, ამავე პერიოდში – 151.61 მლნ კვტ.სთ შე ადგინა. რეგიონში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოს ელექტრომომარაგების მიზნით იმპორტის შეუფერხებელი მოწოდებისათვის ესკომ თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტზე ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. შესაბამისად, მიმდინარე წლის ნოემბერში მხოლოდ თურქეთიდან 120.35 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდება.

ბოლო წლების განმავლობაში ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის ერთ-ერთ მიზეზად ბიტკოინების წარმოება სახელდება. სემეკში გავაკეთეთ საინტერესო ანალიზი კრიპტოვალუტების მოპოვების მიზნით მოხმარებული ელექტროენერგიის მაჩვენებლებისა და საყურადღებო შედეგები მივიღეთ:

ბოლო პერიოდში კრიპტოვალუტების ფასების მერყეობის, დაანონსებული რეგულაციებისა და ყოველი დამატებითი ბიტკოინის მოპოვებისთვის უფრო მეტი გამოთვლითი ენერგიის საჭიროების ფონზე, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ბევრმა კრიპტოვალუტის მომპოვებელმა შეაჩერა საქმიანობა. ეს აისახა კიდეც კრიპტოვალუტების მოპოვების მიზნით ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებელზეც. თუ დავაკვირდებით ბიტკოინის ყოველთვიური ფასისა და საქართველოში კრიპტოვალუტების მოპოვების მიზნით მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობებს, მათ შორის არსებულ მჭიდრო კორელაციას (გრაფიკი N1) ვნახავთ.

          

უნდა ითქვას, რომ საქართველოში კრიპტოვალუტის მოპოვებაზე დახარჯული ელექტროენერგიის წილი მთლიან მიწოდებაში 2018 წლამდე მუდმივ ზრდას განიცდიდა. აღნიშნული მაჩვენებლის ზრდის ტენდენცია 2019 წელს შენელდა და 8.5 პროცენტის ფარგლებში შენარჩუნდა. 2020 წლის მიმდინარე მონაცემებით კი 5 პროცენტს არ აღემატება, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს საგრძნობლად ჩამორჩება. კრიპტოვალუტების რეგულირების მიდგომები ქვეყნების მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავდება. განვითარებული ქვეყნების უმეტესობა კრიპტოვალუტას განიხილავს როგორც საკუთრებას, აქტივს. აქედან გამომდინარე, ყველაზე გავრცელებულია მისი, როგორც ქონების ან აქტივის რეგულირება. ძირითადად რეგულაციები კრიპტოვალუტების სტატუსსა და საგადასახადო დაბეგვრას მოიცავს. საგადასახადო დაბეგვრის ყველაზე გავრცელებული მიდგომებია კრიპტოვალუტის ციფრულ ვალუტად (არგენტინა, ავსტრალია), ციფრულ აქტივად (კანადა და ჩინეთი) აღიარება.

როგორც ცნობილია, კრიპტოვალუტის მოპოვება – ე.წ. “მაინინგი“ გაგრილების სისტემის ჩათვლით, მნიშვნელოვან ელექტროენერგიას საჭიროებს. აღნიშნული დიდი ქვეყნებისთვის ჯერჯერობით არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან კრიპტოვალუტების მოპოვებისას მოხმარებული ენერგია საკმაოდ მცირე წილით არის წარმოდგენილი მთლიან მოხმარებაში. რაც შეეხება საქართველოს, თუ გავითვალისწინებთ, რომ აფხაზეთში დიდი რაოდენობით მომპოვებელი სისტემების განთავსების შესაძლებლობა არსებობს (რისი მიზეზიც რეგულაციის არარსებობა და ჰიდროელექტროსადგურ “ენგურჰესიდან“ წარმოებული ძალიან იაფი ელექტროენერგიის რესურსის ხელმისაწვდომობაა), ამ ნაწილში გარკვეული რისკები იკვეთება.

კრიპტოვალუტის წარმოებასთან დაკავშირებით, საქართველოში ქსელზე მიერთების მოთხოვნილი სიმძლავრეები, უმეტესად, თავისუფალი ინდუსტრიული ზონებიდან არის, რაც ელექტროსისტემის განვითარებასა და კომპანიების მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს კონცენტრირებულს ხდის.