აშშ-ჩინეთის AI-რბოლა – რა ტექნოლოგიური საკითხები შეიძლება განიხილონ ტრამპმა და სი ძინპინმა პეკინში?

აშშ-ჩინეთის AI-რბოლა – რა ტექნოლოგიური საკითხები შეიძლება განიხილონ ტრამპმა და სი ძინპინმა პეკინში?

ფოტო: gfmag.com

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი პეკინში დაგეგმილ სამიტზე არა მხოლოდ სავაჭრო ბარიერებსა და გეოპოლიტიკურ საკითხებს, არამედ ხელოვნური ინტელექტისა და ტექნოლოგიური კონკურენციის მომავალსაც განიხილავენ. ამაზე ტრამპის დელეგაციის ტექნოლოგიური ინდუსტრიის ყველაზე გავლენიანი ფიგურებით დაკომპლექტებაც მიანიშნებს. მათ შორის კი ტიმ კუკი, ილონ მასკი, ჯენსენ ჰუანგი და სფეროს სხვა ლიდერები არიან. სწორედ აქედან გამომდინარე გაჩნდა მოლოდინი, რომ პეკინში მიმდინარე კვირაში დაგეგმილ სამიტზე AI-სთან, ნახევარგამტარებთან და კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება.

Euronews-ი აშშ-ჩინეთს შორის ტექნოლოგიურ სფეროში არსებულ კონკურენციასა და იმ საკითხებს მიმოიხილავს, რომლებიც შესაძლოა პეკინის სამიტზე პრეზიდენტების ყურადღების ცენტრში მოექცეს.

იხილეთ ასევე: ტექნოლოგიური სფეროს ლიდერები, რომლებიც ტრამპს ჩინეთში ვიზიტისას შეუერთდებიან

AI-ომი და გეოპოლიტიკური დაძაბულობა

ალან ტიურინგის ინსტიტუტის ეთიკისა და პასუხისმგებლობიანი ინოვაციების კვლევის დირექტორის, დევიდ ლესლის თქმით, მოლაპარაკებების მთავარი თემები ირანი, ტაივანი და AI-ზე დაფუძნებული სამხედრო ტექნოლოგიები იქნება.

მისი შეფასებით, ბოლო თვეებში მსოფლიო „AI-ით მხარდაჭერილი ომის ახალ ეპოქაში“ შევიდა, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინო ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტებში და სხვადასხვა სამხედრო ოპერაციაში ხელოვნური ინტელექტის აქტიური გამოყენების ფონზე გახდა.

ექსპერტების შეფასებით, აშშ-სა და ჩინეთს უკვე დაწყებული აქვთ დიალოგი AI-ის სამხედრო გამოყენებაზე, განსაკუთრებით ბირთვულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

Anthropic-ის „საშიში“ AI-მოდელი

ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრა იმ დროს იმართება, როცა ამერიკულმა კომპანიამ Anthropic-მა ცოტა ხნის წინ კიბერუსაფრთხოებაზე ორიენტირებული AIმოდელი Mythos-ი წარადგინა. კომპანიის განცხადებით, მოდელი იმდენად ძლიერია, რომ მისი საჯაროდ გავრცელება „უპრეცედენტო კიბერუსაფრთხოების რისკებს“ ქმნის.

ანალიტიკოსების შეფასებით, ეროვნული კიბერუსაფრთხოების ინფრასტრუქტურაში მოწყვლადობების აღმოჩენის შესაძლებლობის მქონე AI-სისტემები აშშ-ჩინეთის მოლაპარაკებების ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური თემა გახდება.

სილიკონის ველი და ტრამპის ტექნოლოგიური პოლიტიკა

დევიდ ლესლის შეფასებით, ტრამპის ადმინისტრაციის ტექნოლოგიურ პოლიტიკაზე უზარმაზარ გავლენას თავად სილიკონის ველის კომპანიები ახდენენ. მისი თქმით, დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ ტექნოლოგიურ პოლიტიკას უფრო მეტად ტექნოლოგიური ინდუსტრიის ინტერესები განსაზღვრავს, ვიდრე დიპლომატიური სტრუქტურები. ეს განსაკუთრებით ეხება კიბერუსაფრთხოებას, ინტელექტუალური საკუთრების დაცვასა და იმ ბრალდებებს, რომლის მიხედვითაც ჩინური ტექნოლოგიური კომპანიები ამერიკული AIმოდელების კოპირებას ცდილობენ.

ჩინეთი AI-რბოლაში აშშ-ს ეწევა

მიუხედავად იმისა, რომ აშშ კვლავ ლიდერობს კაპიტალის, ინფრასტრუქტურისა და AI-ჩიპების მიმართულებით, ჩინეთი ჩამორჩენას სწრაფად ამცირებს. სტენფორდის უნივერსიტეტის ადამიანზე ორიენტირებული AI-ინსტიტუტის წლიური ანგარიშის მიხედვით, ჩინეთი უკვე ლიდერობს პატენტების, სამეცნიერო პუბლიკაციებისა და რობოტიკის მიმართულებით.

პეკინის გეგმის მიხედვით, 2027 წლისთვის ქვეყნის ძირითად ინდუსტრიებში AI-ტექნოლოგიების ინტეგრაციის დონემ 70%-ს უნდა გადააჭარბოს. ამავდროულად, ჩინური კომპანიები, მათ შორის DeepSeek-ი, აცხადებენ, რომ მათ მიერ შექმნილი მოდელები OpenAI-ის ChatGPT-ის იაფ ალტერნატივას წარმოადგენს.

ჩინეთი ასევე აძლიერებს საკუთარი ჩიპების ინდუსტრიას. Huawei, Alibaba და ByteDance-ი შიდა წარმოების ნახევარგამტარებზე უკვე მუშაობენ.

იშვიათი მინერალები და ტექნოლოგიური დამოკიდებულება

ექსპერტების თქმით, აშშ და ჩინეთი ერთმანეთზე ტექნოლოგიურად ბევრად უფრო დამოკიდებულები არიან, ვიდრე ეს საჯარო განცხადებებიდან ჩანს.

ჩინეთი კვლავ აკონტროლებს იშვიათი მინერალების მნიშვნელოვან ნაწილს, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. საუბარია ისეთ მეტალებზე, როგორიცაა ცერიუმი და ლანთანუმი, რომლებიც ელექტრონიკაში, სამხედრო ტექნოლოგიებსა და ენერგეტიკაში გამოიყენება.

ლესლის შეფასებით, აშშ დღეს შედარებით სუსტ პოზიციაშია, რადგან სამხედრო მარაგების აღდგენასა და ტექნოლოგიური წარმოების გაძლიერებას სწორედ ამ რესურსებზე წვდომა სჭირდება.

AI და ჩიპები – „ახალი ცივი ომის“ მთავარი ფრონტი

MERICS-ის ანალიტიკური ცენტრის „ეკონომიკისა და ინდუსტრიის“ პროგრამის ხელმძღვანელის, ჯეიკობ გიუნტერის შეფასებით, ჩინეთი შესაძლოა შეეცადოს, აშშ-ს ტექნოლოგიური ექსპორტის შეზღუდვების შემსუბუქებაზე მოლაპარაკება გაუმართოს. თუმცა, მისი თქმით, AI და ნახევარგამტარები უკვე იქცა „ახალი ცივი ომის“ მთავარ ფრონტად, რის გამოც ამ მიმართულებით შეთანხმების მიღწევა უკიდურესად რთული იქნება.

გიუნტერის შეფასებით, ნებისმიერი მცდელობა, რომელიც ჩინეთისთვის AI-ჩიპებზე ხელმისაწვდომობის გაფართოებას შეეხება, სავარაუდოდ, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ფრთის მხრიდან ძლიერ წინააღმდეგობას შეხვდება, მათ შორის სავარაუდოდ იქნება სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო.

ექსპერტები მოსაზრებით, საბოლოოდ ტრამპი და სი ძინპინი შესაძლოა შეთანხმდნენ იმაზე, რომ AI და ნახევარგამტარების საკითხები ამ ეტაპზე გვერდზე გადადონ, რადგან ეს მიმართულებები ორ ზესახელმწიფოს შორის გლობალურ ტექნოლოგიურ კონკურენციას პირდაპირ უკავშირდება.

იხილეთ ასევე: რა საკითხებს განიხილავენ ტრამპი და სი ძინპინი პეკინში დაგეგმილ სამიტზე?