მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალურ მდივნად ზურაბ პოლოლიკაშვილი კიდევ ერთხელ აირჩიეს. საქართველოს მიერ წარდგენილმა კანდიდატურამ 25 ხმა მიიღო, მისმა კონკურენტმა – ბაჰრეინის კანდიდატმა კი – 8.
ეს იმას ნიშნავს, რომ ზურაბ პოლოლიკაშვილი UNWTO-ს მეორე ვადით 2022 წლიდან 2025 წლის 1 იანვრამდე უხელმძღვანელებს.
“ძალიან მადლობელი ვარ ყველა იმ მხარდაჭერის და ნდობის გამო, რაც UNWTO-ს აღმასრულებელი კომიტეტის წევრებისგან მივიღე. ჩვენ ერთად წინა პლანზე წამოვწიეთ ჩვენი სექტორის რელევანტურობა გამოწვევებით სავსე პერიოდში და ერთად, ძლიერი სიმტკიცით, ჩვენ ტურიზმს დავუბრუნებთ ძველ კურსს. 2021 წელს ჩვენ ხელახლა ავამოქმედებთ ტურიზმს ერთიანად”, – დაწერა ზურაბ პოლოლიკაშვილმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე.
Greatly thankful for all the support and trust of #UNWTOEC Members.
Together we highlighted our sector’s relevance during the most challenging times and together, with the strongest determination, we will get tourism back on track for all! In 2021 we #RestartTourism united. pic.twitter.com/hylZqyxQfr
— Zurab Pololikashvili (@pololikashvili) January 19, 2021
არჩევნები ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში UNWTO-ს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ გაიმართა.
ცნობისთვის, ზურაბ პოლოლიკაშვილი ორგანიზაციის გენერალურ მდივნად პირველად 2017 წლის 12 მაისს აირჩიეს. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში, ტურიზმისთვის უმძიმესი გამოწვევა COVID-19-ის კრიზისს უკავშირდება.