Microsoft-ი Discord-ის ყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს. Discord-ი „გეიმერების“ საკომუნიკაციო პლატფორმაა, რომელშიც Microsoft-ი მზადაა, $10 მილიარდზე მეტი გადაიხადოს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters- წყაროებზე დაყრდნობით წერს.
ცნობისთვის, კორონავირუსის პანდემიამ სათამაშო კომპანიების პესპექტივები მნიშვნელოვნად გაზარდა, ვინაიდან იმატა ვიდეოთამაშების მომხმარებელთა რაოდენობამ. Discord-ი, რომლის საბაზრო ღირებულება დეკემბერში დაახლოებით $7 მილიარდი იყო, ვიდეოთამაშების მომხმარებელთა კომუნიკაციის პლატფორმას წარმოადგენს, სადაც „გეიმერებს“ საუბარი, დისკუსიების მოწყობა და ვირტუალური წვეულებების გამართვაც კი შეუძლიათ.
Microsoft-ს კი უკვე დიდი ხანია სურს საკუთარი სოციალური მედიის პლატფორმების ქონა. აღნიშნულმა კომპანიამ ჯერ კიდევ 2016 წელს $26.2 მილიარდად LinkedIn-ი იყიდა. პარალელურად, Xbox-ის შემქმნელი Microsoft-ი უკვე დიდი ხანია, ცდილობს ვიდეოთამაშების პლატფორმების ბიზნესის გაფართოებასაც. ამ კუთხით მან გასულ წელს $7.5 მილიარდად ZeniMax Media იყიდა.
ახლა კი Microsoft-ის პლატფორმების სიას შესაძლოა Discord-იც შეემატოს, რომელიც პოტენციურ მყიდველებს ეძებს. მხარეები მედიასთან ღიად კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.