ინფლაცია, ვალუტის გაუფასურება და უცხოური რეზერვების სწრაფი ამოწურვა: ეს ის რისკებია, რასაც ინვესტორები და ეკონომისტები თურქეთში ელოდებიან მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ცენტრალური ბანკის მმართველი გადააყენა.
ბოლო ნახევარ წელიწადში ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის ორჯერ შეცვლამ თურქული ლირის მკვეთრი გაუფასურება გამოიწვია, თუმცა თავად ერდოღანი აცხადებს, რომ ეკონომიკა „კარგადაა“. როგორც მან მმართველი პარტიის წევრებისადმი მიმართვისას ოთხშაბათს განაცხადა, ამ კვირის მერყეობები ეკონომიკაზე გავლენას მაინცდამაინც ვერ მოახდენს.
თუმცა, იმავე გამოსვლაში, ერდოღანმა თურქებს უცხოური აქტივების და ოქროს გაყიდვისა და ლირის მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რათა მისი ფასი დასტაბილურდეს. ცნობისთვის, გასული პარასკევის შემდეგ თურქული ეროვნული ვალუტის ფასი 10%-ით დაეცა.
„სავალუტო კრიზისის რისკები იზრდება“, – ამის შესახებ კი ლონდონში მოქმედი Capital Economics-ი წერს. ეკონომისტების თქმით, თურქეთის ცენტრალური ბანკის მმართველის, ნაჯი აგბალის გადაყენებამ ინვესტორების ნდობა შეამცირა.
აღსანიშნავია, რომ ნოემბერში ამ თანამდებობის დაკავების შემდეგ აგბალმა ორციფრიანი ინფლაციის შემცირება დაიწყო და საპროცენტო განაკვეთები 19%-მდე გაზარდა. ერდოღანი კი მიიჩნევს, რომ მაღალი საპროცენტო განაკვეთები ინფლაციას იწვევს.
აგბალის შემცველი შაჰაპ კავჯიოღლუა, რომელზეც ბევრი თურქი ექსპერტი ამბობს, რომ ამ სფეროში ნაკლები გამოცდილება აქვს და წარსულში ის აქტიურად აკრიტიკებდა საპროცენტო განაკვეთების ზრდას, რაც აჩენს მოლოდინს, რომ ქვეყანა უკონტროლო ინფლაციას მიიღებს.
„როგორც ჩანს, ცენტრალური ბანკის მცდელობები, ებრძოლონ ქვეყნის ინფლაციას, სრულდება. კრიზისი უკვე რეალურია“, – ამბობს Capital Economics-ის განვითარებადი ბაზრების ეკონომისტი ჯეისონ ტუვი.
ცნობისთვის, თურქეთში ინფლაცია ამჟამად 15%-ია. ამას ემატება ახალგაზრდებში უმუშევრობის 25%-იანი მაჩვენებელი.