სტატია Forbes Georgia-ს 2021 წლის მაისის ნომრიდან.
2020 წელს საქართველოდან 2 მილიარდი აშშ დოლარით მეტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა. 2019 წელთან შედარებით, უარყოფითი ბალანსი (მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი) მილიარდი დოლარით გაიზარდა. სწორედ ეს იყო ლარის გაუფასურების მთავარი მიზეზი.
ტრადიციულად, საქართველო ყველაზე მეტ დოლარს საქონლით საგარეო ვაჭრობაში კარგავს. თუმცა 2020 წლამდე საქონლით ვაჭრობის უარყოფით სალდოს მომსახურებით ვაჭრობის დადებითი სალდოთი მნიშვნელოვნად ვაბალანსებდით. მაგალითად, 2019 წელს საქონლით საგარეო ვაჭრობის უარყოფითი სალდო 3.7 მილიარდი დოლარი იყო, ხოლო მომსახურებით ვაჭრობის დადებითი სალდო – 2.2 მილიარდი დოლარი. თუ საქონლით და მომსახურებით ვაჭრობას შევაჯამებთ, უარყოფითი სალდო 1.5 მილიარდ დოლარამდე მცირდება.
2020 წელს საგარეო ვაჭრობის უარყოფითი ბალანსი 3.1 მილიარდი დოლარი იყო, 2019 წლის უარყოფით ბალანსზე 585 მლნ დოლარით ნაკლები. 2020 წელს იმპორტი მეტად შემცირდა (1,200 მლნ დოლარით), ვიდრე ექსპორტი (615 მლნ დოლარით), რამაც ბალანსის გაუმჯობესება განაპირობა. თუმცა მომსახურებით საგარეო ვაჭრობის ბალანსი 2 მილიარდი დოლარით შემცირდა და, საბოლოო ჯამში, 2019 წელთან შედარებით საქონლითა და მომსახურებით საგარეო ვაჭრობის ბალანსი 1.5 მილიარდი დოლარით გაუარესდა.
მომსახურების საგარეო ბალანსის გაუარესება ცალსახად ტურიზმის შეჩერებამ განაპირობა. 2019 წელს ვიზიტორებმა საქართველოში 3.3 მილიარდ დოლარამდე დახარჯეს, 2020 წელს კი 542 მლნ დოლარამდე, შემოსავალი 2.7 მილიარდი დოლარით შემცირდა. შემცირდა ქართველების მიერ საზღვარგარეთ დახარჯული თანხაც – 477 მლნ დოლარით. საბოლოო ჯამში, საქართველომ ტურიზმის შემცირებით 2020 წელს 2.3 მლნ დოლარი დაკარგა.
ტურიზმთან ერთად, სავალუტო შემოდინებებზე მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა იქონია პირდაპირი და პორტფელის უცხოური ინვესტიციების შემცირებამ, ჯამში 1.3 მილიარდი დოლარით.
ამასთან ერთად, საქართველოს ეკონომიკა 6.2%-ით შემცირდა, რამაც ლარზე რეალური მოთხოვნაც შეამცირა.
ლარის კურსი კიდევ უფრო დაეცემოდა, რომ არა სახელმწიფოს მიერ აღებული 1.8 მილიარდ დოლარამდე საგარეო ვალი. ეს თანხა ძირითადად ეროვნული ბანკის უცხოურ სავალუტო რეზერვებში აისახა, საიდანაც 2020 წლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა ადგილობრივ სავალუტო ბაზარზე 873 მლნ დოლარი გაყიდა, 2021 წლის იანვარ-აპრილში კი 243 მლნ დოლარი. პანდემიის დაწყებიდან დაახლოებით ერთ წელიწადში, ჯამში 1.1 მილიარდი დოლარი გაიყიდა. სწორედ დოლარის გაყიდვამ, ე.წ. სავალუტო ინტერვენციამ გარკვეულწილად შეაჩერა ლარის გაუფასურება.
ლარის კურსის ცვლილება, საგარეო ვაჭრობა და სხვა საგარეო ეკონომიკური ურთიერთობები ერთობლივად მიმდინარე, დინამიკური პროცესია. რომ არა ლარის დოლარის მიმართ გაუფასურება, საქართველოს საგარეო ბალანსი (მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი) კიდევ უფრო მეტად უარყოფითი იქნებოდა.
პანდემიამ საქართველოში დოლარზე მოთხოვნა შეამცირა, რადგან ეკონომიკურმა აქტივობამ და მოხმარებამ (შიდა მოთხოვნა) იკლო. მოხმარების კლება ამცირებს იმპორტირებული პროდუქციის შეძენას და ქვეყნიდან დოლარის გასვლას. შიდა მოთხოვნა კიდევ უფრო შემცირდებოდა, რომ არა მთავრობის მიერ ბიუჯეტის დეფიციტის ზრდა და ახალი სოციალური და სუბსიდირების პროგრამების ამუშავება. ნაწილი ხარჯების ზრდა გამართლებული იყო, რადგან უშემოსავლოდ დარჩენილი მოსახლეობის დასახმარებლად იყო მიმართული, მაგრამ ზოგადად, ხარჯების ზრდას უარყოფითი მხარეც აქვს – ლარის კურსზე ნეგატიური ზეწოლა და სახელმწიფო ვალის ზრდა.
2020 წელს იყო მოლოდინი, რომ პანდემიას ქვეყანა რამდენიმე თვეში დააღწევდა თავს და ის 2021 წელს უმნიშვნელო პრობლემა იქნებოდა. ახლა ამ მოლოდინმა 2022 წლამდე გადაიწია. ამის მთავარი წინაპირობა საქართველოში ვაქცინაციის ჩავარდნილი პროცესია. ვირუსის გავრცელების მინიმიზაციამდე დაკარგული შემოსავლის მთავარი წყარო – ტურიზმი, ვერ აღდგება. საქართველო ვერც იმდენ საგარეო დაფინანსებას მიიღებს, რამდენიც 2020 წელს მიიღო. ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ სახელმწიფო ვალმა ეკონომიკის მიმართ უკვე 65%-ს მიაღწია. რადგან კრიზისი ხანგრძლივია და საგარეო დახმარებები შემცირდა, აღარ არის მიზანშეწონილი, ეროვნულმა ბანკმა ისეთი მოცულობის სავალუტო ინტერვენცია განახორციელოს, როგორიც გასულ წელს.
ლარს ცალსახად გაამყარებს ტურიზმის თუნდაც 2019 წლის დონის სანახევროდ აღდგენა. უცხოური ვალუტის სხვა ახალი მნიშვნელოვანი ნაკადების მიღების წყარო არ გვაქვს. თუმცა ქვეყანაში პანდემიის მესამე ტალღა დაიწყო და არ არის გამორიცხული, 2021 წელი ტურიზმის მხრივ 2020-ზე უარესიც იყოს.
პანდემიის მესამე ტალღა საქართველოს მტკივნეული ეკონომიკური დილემის წინაშე აყენებს: 1. ან მნიშვნელოვნად იზრდება რეფინანსირების განაკვეთი (სესხებზე პროცენტი იზრდება), ეროვნული ბანკი ამცირებს ერთობლივ მოთხოვნას, ყიდის დოლარს და ლარი მყარდება, ფასები სტაბილურდება, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპი მცირდება (თუ საერთოდ კლებით არ დავასრულეთ 2021-იც) ან 2. ლარი კიდევ უფასურდება, ინფლაცია მაღალ დონეზე ნარჩუნდება და ეკონომიკური აქტივობა არ მცირდება, ეკონომიკა იზრდება (თუ ვირუსის შესაკავებლად ისევ მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვები არ დაწესდება).
ამ დილემიდან საუკეთესო გამოსავალი რაც შეიძლება სწრაფი ვაქცინაცია და მოსახლეობის მხრიდან ვირუსის გავრცელების პრევენციული წესების მაქსიმალურად დაცვაა. ეფექტიანი გამოსავალი ეკონომიკური პოლიტიკის სცენარებში არ არის, თუ ვირუსის გავრცელების ტალღებს არ შევეგუებით და ე.წ. ჯგუფურ იმუნიტეტს არ მივენდობით. ეს უკანასკნელი ნაკლებად წარმოსადგენია. ასევე ნაკლებად წარმოსადგენია, რომ რამდენიმე თვეში მოსახლეობის უმრავლესობა აიცრება ან მოსახლეობა მინიმუმ სოციალურ დისტანციას დაიცავს და ხალხმრავალ შეკრებებს მოერიდება.
ერთადერთი, რაც საქართველოს ეკონომიკური დილემის შემსუბუქებაში შეიძლება დაეხმაროს, საგარეო ფაქტორებია. ლარის კურსი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების (ძირითადად მეზობელი ქვეყნების) ვალუტის კურსის ცვლილებაზე დოლარის მიმართ. ჩვენი შიდა ამბების მიუხედავად, შესაძლოა, სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტის კურსი გამყარდეს, რაც, სხვა თანაბარ პირობებში, ლარის გამყარებასაც გამოიწვევს.
პროცესები საერთოდ ხელიდან რომ არ გაგვექცეს, ლარი მნიშვნელოვნად რომ არ გაუფასურდეს, ინფლაცია და ქვეყნის ვალი არ გაიზარდოს, ამისთვის საჭიროა, ვირუსის ნებისმიერი მასშტაბით გავრცელების პირობებში მთავრობამ გასული წლის მსგავსი მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვები არ დააწესოს. ამასთან ერთად, ბიუჯეტის დეფიციტი, თუ არ შემცირდება, მინიმუმ, აღარ უნდა გაიზარდოს. მთავრობამ თავი უნდა დაანებოს სუბსიდირების ისეთ პროგრამებს, რომლებიც გარკვეულ დარგებში მოთხოვნას ხელოვნურად ზრდის, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის გავლენას აზიანებს და საბოლოო ჯამში ლარის გაუფასურებას და ინფლაციის მატებას უწყობს ხელს. ეკონომიკის სტიმულირება საბაზრო საპროცენტო განაკვეთების შემცირებით უნდა მოხდეს და არა სუბსიდირების პროგრამებით.
მოსალოდნელი მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვებიდან ისიც გვაზღვევს, რომ საქართველო დამატებით სახელმწიფო ვალს ვეღარ აიღებს, თუ აიღებს, ეს ძალიან დიდი შეცდომა და სახიფათო ნაბიჯი იქნება. ეკონომიკური შეზღუდვები ბიუჯეტის შემოსავლებს ამცირებს, ხარჯების ზრდის აუცილებლობას იწვევს და საბოლოოდ ბიუჯეტის დეფიციტს და ვალს ზრდის.
შეჯამების სახით რომ ვთქვათ, ლარს გაამყარებს სწრაფი ვაქცინაცია და ტურისტებისთვის ქვეყნის საზღვრების სრულად გახსნა. ყველა სხვა გამოსავალს აქვს მძიმე ფასი, რომელიც ლარის გაუფასურებისგან მიღებულ ზარალზე არანაკლები ტვირთი იქნება მოსახლეობისთვის.