ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის თანახმად, ტექნოლოგიურ სექტორში დასაქმებული პირები, პანდემიის დასრულების შემდგომ, სამსახურის დასატოვებლად ემზადებიან. იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნების შემდგომ აპირებენ ამჟამინდელი სამუშაო პოზიციის შენარჩუნებას, გამოკითხულთა მესამედზე ნაკლებია.
კვლევაში მონაწილეობა ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებულმა სულ 1,000-მა პირმა და ინფორმაციული ტექნოლოგიების 500-მა სპეციალისტმა მიიღო. მათგან მომავალი 12 თვის განმავლობაში ამჟამინდელ თანამდებობებზე დარჩენას მხოლოდ 29% აპირებს.
CWJobs-ის კვლევის მიხედვით, 14% ტექნოლოგიური სფეროს დასაქმებულებისა აპირებს, რომ ახალ კომპანიაში განსხვავებული როლის სამუშაო მოირგოს, 11% საკუთარი ბიზნესის წამოწყებას აპირებს, 11%-ს სურს არასრულ განაკვეთზე განაგრძოს მუშაობა, 11% – ადგილმდებარეობის ცვლილებითაა დაინტერესებული, 10% კი კონტრაგენტად რჩება.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ორგანიზაციები თვლიან, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში, დასაქმებულების მასობრივი გადინების გამო, ციფრული ტექნოლოგიების მცოდნე თანამშრომლების დეფიციტი ექნებათ. შესაბამისად, ტექნოლოგიური დეპარტამენტები მოუწოდებენ ორგანიზაციებს, განვითარდნენ, შეცვალონ ბიზნესის წარმოების ტრადიციული მოდელი და რადიკალურად ახალ გზებზე გადავიდნენ. შეზღუდვების შემსუბუქებიდან გამომდინარე, კომპანიებს მოუწევთ, რაც შეიძლება მალე წარადგინონ ახალი სამოქმედო გეგმა, რომელიც, რა თქმა უნდა, დისტანციურად მუშაობასაც მოიაზრებს.
მნიშვნელოვანია, რომ ბრექსიტის შედეგებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით რთულ სიტუაციაში შესაძლოა დიდი ბრიტანეთი აღმოჩნდეს. პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Personia-ს მაისში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, დასაქმებულების 38% დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში აპირებს, რომ 6-12 თვის განმავლობაში სამუშაო პოზიცია შეიცვალოს. ხოლო, Microsoft-ის კვლევის თანახმად, რომელშიც 30,000 პირი მონაწილეობდა, გლობალურად დასაქმებულების 41% ამ წლის ბოლომდე სამსახურის მიტოვებას აპირებს.
რაც შეეხება თვითონ დასაქმებულთა დამოკიდებულებას, CWJobs-ის კვლევის მიხედვით, 63% ამბობს, რომ მათთვის მოქნილ სამუშაო გრაფიკზე გადასვლა პრიორიტეტულია, 31%-ის თქმით, მათ ანაზღაურების მომატება სურთ მომავალი ერთი წლის განმავლობაში. კომპანიები კი აცხადებენ, რომ ისინი სირთულეებს აწყდებიან როგორც ახალი კადრების მოძიების პროცესში, ასევე ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის სასურველი კადრის მოსაძიებლად გაზრდილი კონკურენციის გამოც.