ბრიტანული კომპანია აჭარაში 85 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს

ბრიტანული კომპანია აჭარაში 85 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს

აჭარაში 2022 წლის ივნისში დასრულდება ზღვისპირა საცხოვრებელი კომპლექსის, „მზიური გარდენსის“ მშენებლობა, რომელიც პირდაპირი ბრიტანული ინვესტიციაა აჭარაში. 85 მილიონი ლარის ღირებულების ინვესტიციას რეგიონში კომპანია MRMU International-ი ახორციელებს.

MRMU International-ი საინვესტიციო და უძრავი ქონების განვითარების  კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე როგორც მცირემასშტაბიან, ასევე მრავალმილიონიან პროექტებს პარტნიორებთან ერთად ახორციელებს.

„კომპანია ბოლო ათი წლის განმავლობაში მოღვაწეობს საქართველოში. მათი მიმდინარე პროექტი სწორედ „მზიური გარდენსის“ კომპლექსია, სადაც იფუნქციონირებს 5* საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო Crowne Plaza  და ბალნეოლოგიური ცენტრი. რეგიონის უძველესი ისტორიის, უნიკალური ბუნებრივი პირობების, თერმული წყლების და მიკროკლიმატის გამო პროექტისთვის ყოფილი ბალნეოლოგიური კურორტის, „მახინჯაურის“ ტერიტორია შეირჩა. ინვესტორის ინტერესია ძველი ქალაქის განახლება მისი მდიდარი ისტორიითა და მრავალფეროვანი ბუნებით“, – განმარტავს შპს „მზიური რეზორტის“ დირექტორი ზურაბ ნასყიდაშვილი.

17-წლიანი ისტორიის მქონე კომპანია MRMU International-ი   აქტიურად საქმიანობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე უძრავი ქონების განვითარების მიმართულებით. ამ ეტაპზე საინვესტიციო კომპანია საერთაშორისო პროექტებიდან მთავარ აქცენტს საქართველოში, აჭარაში მიმდინარე პროექტზე აკეთებს. თუმცა MRMU International-ისთვის ეს საქართველოში განხორციელებული პირველი პროექტი არ არის. ქვეყანაში უძრავი ქონების დეველოპმენტით ინვესტორი 10 წლის წინ დაინტერესდა, მას დედაქალაქში რამდენიმე პროექტი უკვე დასრულებული აქვს.

MRMU International-მა 2017 წელს ყოფილი კურორტ „მახინჯაურის“ ტერიტორია კომპანია „სტატოტელის“ დამფუძნებელ „კაპიტან ჰოლდინგისგან“ შეიძინა. გარიგებას კი წინ  შემდეგი ისტორია უძღოდა. „სტატოტელმა“ სანატორიუმ „მახინჯაურის“ ტერიტორია აჭარის მთავრობისგან პირდაპირი წესით და ინვესტიციის განხორციელების პირობით 2016 წელს 3 900 000 ლარად მიიღო. თუმცა მან ვერც ნაკისრი ვალდებულება შეასრულა და ვერც საპრივატიზებო საფასური გადაიხადა. მას პირგასამტეხლოს სახით 1 001 325 ლარის გადახდა დაეკისრა. მოგვიანებით „სტატოტელმა“ პირგასამტეხლოსგან გათავისუფლება მოითხოვა და სანაცვლოდ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შესთავაზა, პროექტში ჩაერთო კომპანია MRMU INTERNATINAL-ი, რომელიც სრულად დააფინანსებდა პროექტს საპრივატიზებო ვალდებულებების შესაბამისად.  გარიგება შედგა და პროექტის განხორციელებას MRMU INTERNATINAL–ი შეუდგა.

საქართველოში საინვესტიციო პროექტების განხორციელებისთვის უამრავი შესაძლებლობა არსებობს. კითხვაზე, თუ როგორ აფასებს ინვესტორი საინვესტიციო გარემოს საქართველოში, ზურაბ ნასყიდაშვილმა აღნიშნა, რომ უძრავი ქონების საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით შეზღუდვები შემსუბუქებულია, რაც ინვესტორისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. მან ასევე ხაზი გაუსვა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წამყვან პოზიციებს:  „საქართველო უსაფრთხო ქვეყნებს შორის მეხუთე ადგილზეა. ბათუმი კი წამყვანი ტურისტული ზონაა და ყოველწლიურად მილიონობით ვიზიტორი ჰყავს. პანდემიის მიუხედავად, წელს ვუბრუნდებით ჩვეულ რიტმს და აჭარის რეგიონში ტურისტების სიმრავლე უკვე იგრძნობა“, – აცხადებს ზურაბ ნასყიდაშვილი.

ზღვისპირა, მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი 15 000 კვ/მ -ზეა განთავსებული – რეკრეაციით, საბავშვო ზონით, კერძო პარკირებით, კეთილმოწყობილი სანაპირო ზოლით, სპორტული მოედნით, გარე და დახურული აუზით, სპა-ცენტრითა და კვების ობიექტებით. ყველა ობიექტი ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.

კომპლექსში განთავსდება 5 ***** სასტუმრო, საერთაშორისო ბრენდი Crown Plaza. ნასყიდაშვილი აღნიშნავს, რომ ამ ტიპის კომპლექსებზე უცხოელების მხრიდან მაღალი მოთხოვნაა. პრემიუმ-კლასის სასტუმროებში დატვირთულობის მაჩვენებელი მაღალია, რაც ძირითადად ბიზნესსექტორის წარმომადგენლებზე მოდის და საშუალოდ 60-70 % აღწევს.