რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ვაქცინაცია კონკრეტულ სექტორებში მოღვაწე რუსული კომპანიებისათვის სავალდებულო გახდა. საკუთარი თანამშრომლებისათვის სავალდებულო ვაქცინების გაკეთების საბოლოო ვადა კი თანდათან იწურება. შესაბამისად, რუსული კომპანიები დიდი პრობლემის წინაშე დგანან.
მოსკოვის მომსახურების სექტორის კომპანიებს ვადა პარასკევამდე აქვთ. აღნიშნულ ვადაში მათი თანამშრომლების 60%-ს რუსეთში წარმოებული, ადგილობრივი ვაქცინების პირველი დოზა გაკეთებული უნდა ჰქონდეს. ეს ვალდებულება ეხება როგორც საბანკო სექტორის წარმომადგენლებს, ისე სუპერმარკეტებში თუ სარესტორნო ბიზნესში დასაქმებულებს.
საინტერესოა, რომ აღნიშნული ვალდებულებისათვის თავის არიდების შემთხვევაში კომპანიები დაჯარიმდებიან ან შესაბამისი უწყებების ძალისხმევით შეუჩერდებათ საქმიანობის უფლება. მთავრობის გადაწყვეტილება გასულ დღეებში დამატებით 21 რეგიონს შეეხო.
თუმცა კომპანიები მრავალ პრობლემას აწყდებიან. ვირუსის ახალი ვარიანტი, ვაქცინების ნაკლებობა, მიგრანტ თანამშრომელთა აცრასთან დაკავშირებული პრობლემები, ზაფხულის შვებულების პერიოდი და ანტივაქსერული დამოკიდებულება კომპანიებს ხელს უშლის სავალდებულო ვაქცინაციისათვის განსაზღვრული ვადების დაცვაში.
მოსკოვში, სასურსათო სექტორში დასაქმებულთა მხოლოდ 25%-ია სრულად აცრილი. სხვადასხვა მონაცემით, მოსკოვში მომსახურების სექტორში 4 მილიონი ადამიანია დასაქმებული. შესაბამისად, ვადების დაცვით, პარასკევისათვის მათგან 2.4 მილიონი პირველი დოზით მაინც უნდა იყოს აცრილი.
დასაქმებულთა განსაკუთრებულ პროტესტს იწვევს ის ფაქტი, რომ ვაქცინაცია ადგილობრივი, რუსეთში წარმოებული ვაქცინებით ხდება. ეს ვაქცინები კი ჯერჯერობით ყველა სტანდარტის დაცვით ვერ გადიან ავტორიტეტული ინსტიტუტების მიერ დადგენილ ტესტირების ეტაპებს და ვერ აკმაყოფილებენ ავტორიზაციისათვის საჭირო მოთხოვნებს.