ილონ მასკის კოსმოსურმა კომპანიამ იშვიათი შეთანხმება გააფორმა. საკუთარი გუნდის გასაფართოებლად და ტექნოლოგიური შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად, SpaceX-ი სატელიტური მონაცემების სტარტაპს, Swarm Technologies-ს შეისყიდის. აღნიშნული ნაბიჯი მასკის Starlink-ის ინტერნეტმომსახურების სერვისის გასაუმჯობესებლად გადაიდგა.
ფედერალური კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Swarm Technologies-მა SpaceX-თან შეთანხმებას 16 ივლისს მიაღწია. აღნიშნულ კომპანიას 120 მცირე ზომის სატელიტი აქვს დედამიწის ორბიტაზე. Swarm-ის განცხადებით, გარიგების დასრულებისთანავე კომპანია SpaceX-ის უშუალო მფლობელობაში მყოფი შვილობილი კომპანია გახდება.
შეთანხმების ფინანსური თუ სხვა სახის დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია. Pitchbook-ის მონაცემებით, Swarm-მა ბოლო ინვესტიცია 2019 წელს მიიღო და ის 85 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა.
საინტერესოა, რომ ამგვარი შეთანხმებები საკმაოდ იშვიათია ილონ მასკის კომპანიისათვის. როგორც წესი, SpaceX-ი მისთვის საჭირო ყველა ტექნოლოგიას თავად აწარმოებს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ლიცენზიის მიღება საკმაოდ რთული და დროში გაწერილი პროცესია, ამჯერად განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღეს. შეთანხმების მიხედვით, Swarm-ი მასკის კომპანიას სრულად გადასცემს სატელიტებზე კონტროლსა და სადგურების ლიცენზიებს.
SpaceX-ის განცხადების მიხედვით, შეთანხმება დიდ სარგებელს მოუტანს კომპანიას Swarm-ის გუნდის ინტელექტუალურ საკუთრებაზე წვდომით. თუმცა, ჯერ-ჯერობით უცნობია კონკრეტულად როგორ გამოიყენებს SpaceX-ი შვილობილი კომპანიის სატელიტებს. ორივე კომპანიის სატელიტებს ოპერირების განსხვავებული მანერა აქვთ. SpaceX-ის მიზანი მსოფლიოში ინტერნეტის ქსელური დაფარვის შექმნაა, რომლითაც სარგებლობა ყველას შეეძლება.