„ბიზნესის მხარდაჭერა, დაფასება, წარმატების აღიარება და სამეწარმეო სულისკვეთების გაზრდა“ — ეს თიბისის ბიზნესდაჯილდოების მისიაა. მასშტაბური ღონისძიებით, თიბისი საქართველოში მოქმედ კომპანიებს უკვე მეექვსე წელია სხვადასხვა ნომინაციაში აჯილდოებს. პლატფორმამ წლების განმავლობაში 2500-ზე მეტი წევრი გააერთიანა და მათი წარმატების ისტორია მთელ ქვეყანას გაუზიარა.
წელს ბიზნესდაჯილდოება განახლებული ნომინაციებით ბრუნდება და ის ბიზნესებს კიდევ ერთხელ მისცემს საშუალებას, საკუთარი ისტორია, პროდუქტი თუ მომსახურება საზოგადოებას უკეთ გააცნონ. მანამდე კი, სანამ ფინალისტები გამოვლინდებიან და ჟიური მათგან საუკეთესოს აარჩევს, ჩვენ გასული წლის გამარჯვებულებზე მოგითხრობთ. ასევე, გაგაცნობთ სიახლეებს წლევანდელი ნომინაციების შესახებ.
2020 წლის ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულები
გასულ წელს ბიზნესდაჯილდოებამ პანდემიით გამოწვეულ ვითარებას განსაკუთრებული ფორმატით უპასუხა და კიდევ ერთხელ გამოავლინა გამორჩეული კომპანიები, რომლებიც აქ და ახლა ბიზნესსოციუმს აყალიბებენ. ღონისძიებაზე 400 კომპანია დარეგისტრირდა, რჩეულებს კი ადაპტაციის საუკეთესო მაგალითის, გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობის, საუკეთესო სტარტაპის, საუკეთესო ინოვაციებისა და საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის განსაკუთრებული ჯილდოები გადაეცათ.
ჟუჟუნა — ბიზნესი, რომელმაც ადაპტაციის საუკეთესო მაგალითი აჩვენა
2020 წლის ბიზნესდაჯილდოებაზე ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ვიხილეთ — ახალი ნომინაცია, რომელშიც ბიზნესი შექმნილ ვითარებასთან ადაპტაციის საუკეთესო მაგალითისთვის დააჯილდოვეს. ასეთი გასულ წელს ნახევრად ცქრიალა ღვინის კომპანია — ჟუჟუნა აღმოჩნდა.
„თავდაპირველად ჩვენი ღვინო ჩამოსასხმელი ფორმით იყიდებოდა, ძირითადად — ჰორეკა სექტორში და ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ პანდემია არ დაიწყო. მერე კი, როცა თითქმის ყველა ობიექტი დაიხურა, ახალი ბაზრების ათვისება გადავწყვიტეთ — დამატებითი ინვესტიცია თიბისი ბანკისა და თიბისი ლიზინგისგან მოვიზიდეთ, შევიძინეთ დანადგარები, სასმელი ბოთლებში ჩამოვასხით და განახლებული ფორმით დავუბრუნდით ინდუსტრიას“, — გვიყვება ვასკა ჩუბინიძე, ჟუჟუნას თანადამფუძნებელი.
ამ ნომინაციით თიბისის სურდა დაეფასებინათ ბიზნესის მიერ გაწეული ძალისხმევა, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, ბიზნესის გადარჩენისა და თანამშრომლების შენარჩუნებისთვის იყო გაწეული.
ბილიკი — 2020 წლის საუკეთესო სტარტაპი
იმისათვის, რომ საუკეთესო სტარტაპის ნომინაციაში გაიმარჯვოთ, მაქსიმალურად უნდა იყენებდეთ თანამედროვე ტექნოლოგიებს, თქვენს ბრენდს გამორჩეული მახასიათებლები და მომხმარებელთან კომუნიკაციის ეფექტური სტრატეგია უნდა ჰქონდეს და რაც მთავარია, ჟიურიმ სტარტაპში ზრდის განსაკუთრებული პოტენციალი უნდა დაინახოს. 2020 წელს ასეთი კომპანია ბილიკი იყო.
ბილიკი მომხმარებელს ტურის დაგეგმვას სთავაზობს და უსაფრთხო მოგზაურობაში ეხმარება. სპეციალური ფუნქციონალის მეშვეობით, აპლიკაცია ტურისტებს მათი ინტერესებისა და ადგილმდებარეობის მიხედვით მარშრუტებს სთავაზობს.
„ბილიკი ქართველ მოგზაურებს კულტურისა თუ ბუნების ძეგლებს აცნობს“, — ამბობს თორნიკე ცირამუა, სტარტაპის დამფუძნებელი და ხაზს უსვამს აპლიკაციის პოტენციალს — დამატებითი შემოსავლის წყარო გაუჩინოს ტურების შემქმნელებს და ხელი შეუწყოს ქართული ტურიზმის განვითარებას.
ჩიკატაი — ბიზნესი გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობით
„ჩიკატაი არის წერო, რომელსაც სჯერა, რომ ყველაფერი გენიალური მუსიკით იწყება და სწორედ ამიტომ, პირველ ჰანგებს ჩვენს ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა აქვს“, — კომპანია, რომელიც ხელნაკეთ მუსიკალურ სათამაშოებს გია ყანჩელის მელოდიით ქმნის, გარემოსდაცვითი მისიით გამოირჩევა.
ორგანული პროდუქტები, მდგრადი წარმოება და ნარჩენების მინიმუმამდე დაყვანა ჩიკატაის მთავარ ღირებულებებს შორისაა. რაც მთავარია, მათი საქმიანობა საქველმოქმედო მიმართულებითაც შთამბეჭდავია — მაგალითად, მათ შექმნეს სათამაშო ქურციკი, რომლის გაყიდვიდან შემოსული თანხა ვაშლოვანის ნაკრძალში ქურციკებისთვის მონიტორინგის საყელურების შეძენას ხმარდება. მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამო ჩიკატაი გასულ წელს თიბისის ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი, შემდეგ კი ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა.
BioCure — კომპანია, რომელიც საუკეთესო ინოვაციას გვთავაზობს
კომპანია ბაიოქიურის ინოვაციური ტექნოლოგია გარემოსდაცვითი პრობლემის გადაჭრას ემსახურება. საგულისხმოა, რომ ნავთობის მცირე რაოდენობაც კი განსაკუთრებით საზიანოა გარემოსთვის, სწორედ ამიტომ კომპანიამ ბიორემედიაციის განსაკუთრებულ მეთოდს მიაგნო.
კომპანიის დამფუძნებლები ხსნიან, რომ ეკოლოგიური გაწმენდის საუკეთესო მეთოდი ბუნებრივი დეგრადაციაა, მათ კი ნავთობის მჭამელი ბაქტერიების სწრაფი გამოყოფის მეთოდი აღმოაჩინეს. ისინი ბაქტერიებს ბიორეაქტორებში ამრავლებენ და თხევადი სახით დაბინძურებულ ადგილზე ასხამენ. შედეგად კი, ნავთობი გარემოში ათწლეულების ნაცვლად, რამდენიმე თვესა თუ კვირაში იშლება.
ამ სამეცნიერო-ტექნოლოგიური მიღწევის გამო, BioCure-ს ბიზნესდაჯილდოებაზე გასულ წელს საუკეთესო ინოვაციის მქონე კომპანიის სტატუსი მიენიჭა.
ალტერსოქსი — სტარტაპი საუკეთესო პროდუქტითა და მომსახურებით
ამ ნომინაციაში გამარჯვებისთვის ის კომპანიები იბრძვიან, რომლებმაც გააუმჯობესეს პროდუქტებისა და მომსახურების ხარისხი ან ეფექტური რებრენდინგისა თუ მარკეტინგული კამპანიის შედეგად, შეძლეს ცნობადობის, მომხმარებლების რაოდენობისა და გაყიდვების ზრდა. 2020 წელს ამ ნომინაციაში ალტერსოქსმა გაიმარჯვა.
ალტერსოქსი 6 წელია მომხმარებლებს ფერად წინდებსა და აქსესუარებს სთავაზობს. მათ გასულ წელს საქართველოში წინდების ვენდინგ მანქანით გაყიდვის პრაქტიკა წარმატებით დანერგეს, ამასთან გაააქტიურეს სოციალური მედიის არხები და საზღვარგარეთ ახალი ბაზრების ათვისება შეძლეს, მათ შორის პროდუქტი ამაზონზე განათავსეს.
ბიზნესდაჯილდოება 2021 და ახალი ნომინაციები
წელს, ისევე, როგორც შარშან, ბიზნესები საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების, ინოვაციური სტარტაპისა და გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობის ნომინაციებში დაჯილდოვდებიან. თუმცა, გარდა ამ სამი მიმართულებისა, წელს ბიზნესდაჯილდოება წარმოდგენილია ორი ახალი ნომინაციით საუკეთესო ბიზნეს თანამშრომლობისა და გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში.
თუ თქვენ გყავთ საუკეთესო ბიზნეს პარტნიორი, რომელთან ერთად განახორციელეთ ბიზნესისთვის ღირებული პროექტი და უკეთესი ბიზნესშედეგი მიიღეთ, ნომინაცია საუკეთესო ბიზნეს თანამშრომლობისთვის სწორედ თქვენთვისაა. აქ, გამარჯვებისთვის რამდენიმე დეტალია გასათვალისწინებელი: გაყიდვების ზრდა, ცნობადობის ამაღლება, პროცესების გამარტივება, შესაძლო ფინანსური ან იმიჯური ზიანის არიდება, ერთობლივი პროექტით ჯილდოს მოპოვება და ა.შ.
მეორე გამარჯვებული კი, ახალ ნომინაციაში გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში გამოვლინდება. თუ ფიქრობთ, რომ თქვენმა პროდუქტმა ან მომსახურებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს რომელიმე რეგიონის განვითარებაში, შექმენით განსხვავებული გარემო, განავითარეთ ტურიზმი, ხელი შეუწყვეთ ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, გააჩინეთ მეტი ინტერესი თქვენი რეგიონის მიმართ ან განავითარეთ ინფრასტრუქტურა, მაშინ დროა, ბიზნესდაჯილდოებაზე განაცხადი შემოიტანოთ.
თიბისი ბიზნესისთვის და ჟიურისთვის მნიშვნელოვანია თითოეულ ნომინაციაში აღმოაჩინონ ბიზნესები, რომლებიც თავიანთი საქმიანობით საზოგადოებაზე დადებით გავლენას ახდენენ, არიან შთამაგონებლები სხვებისთვის და უკეთესობისკენ ცვლიან მომხმარებლის ქცევას.
აქ.ახლა ბიზნესდაჯილდოება 2021 დაიწყო!
გამარჯვებამდე სულ რამდენიმე ეტაპია გასავლელი, ჯილდოდ კი თიბისისგან, საჭიროების მიხედვით: ახალ ვებგვერდს, ბრენდინგს ან მედია მხარდაჭერას მიიღებთ.
გაინტერესებთ მონაწილეობის წესები და პირობები? — ეწვიეთ ვებგვერდს www.businessaward.ge და შეაბიჯეთ ბიზნესსამყაროში, რომლის დახმარებით თქვენს მიღწევებზე მალე მთელი საქართველო შეიტყობს.
ბიზნესდაჯილდოების პარტნიორები არიან EFSE Entrepreneurship Academy და Forbes Georgia.