AidData: „სარტყლისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში ქვეყნებს ჩინეთის $385 მილიარდი ვალი აქვთ

AidData: „სარტყლისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში ქვეყნებს ჩინეთის $385 მილიარდი ვალი აქვთ

უახლესი კვლევის თანახმად, ჩინეთის „სარტყლისა და გზის“ ინიციატივამ მსოფლიოს რიგ დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყანას მილიარდობით დოლარის მოცულობის „ფარული ვალი“ დაუტოვა. ქვეყნების ფინანსური ვალდებულებები, რომლებიც სი ძინპინის საგარეო პოლიტიკის ინიციატივას უკავშირდება, საერთო ჯამში $385 მილიარდს შეადგენს.

კვლევის შედეგები საერთაშორისო განვითარების კვლევითი ლაბორატორიის, AidData-ს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის ნაწილია. ანგარიშში განხილულია 2000-2017 წლებში, 165 ქვეყანაში „სარტყლისა და გზის ინიტიატივის“ ფარგლებში განხორციელებული 13,000-ზე მეტი პროექტი, რომელთა საერთო ღირებულება $843 მილიარდს აჭარბებს. ჩინეთის მხრიდან ინიციატივის ფარგლებში პროექტები მხარდაჭერილი იყო როგორც ფულადი დახმარებებით, ასევე ვალის საშუალებით.

AidData-ს ოთხწლიანი კვლევის თანახმად, მსოფლიოს 42 დაბალი და საშუალო შემოსვლის ქვეყნის ვალი ჩინეთის მიმართ ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტის 10%-ს შეადგენს. ჩინეთის მევალეებს შორის არიან ლაოსი, პაპუ-ახალი გვინეა, მალდივები, ბრუნეი, კამბოჯა და მიანმარი. აღსანიშნავია, რომ ანგარიშის თანახმად, ჩინეთ-ლაოსის რკინიგზის პროექტი სრულად არაოფიციალური ვალითაა დაფინანსებული, რაც ლაოსის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით მესამედს უტოლდება.

თუ სი ძინპინის ინიციატივამდე ჩინური დაკრედიტება უმეტესწილად მიმართული იყო დამოუკიდებელ მსესხებლებზე, მათ შორის ცენტრალურ ბანკზე, ამ ეტაპისთვის, ჩინეთის საგარეო გასესხების 70% სახელმწიფო კომპანიებზე, სახელმწიფო ბანკებსა და კერძო სექტორის ინსტიტუტებზე მოდის. ამან გამოიწვია დაფარვის ვალდებულების ვრცელი ანგარიშგება – დაახლოებით $385 მილიარდამდე – რადგან პირველადი მსესხებლები აღარ არიან ცენტრალური მთავრობის დაწესებულებები, რომელთაც ანგარიშგების მკაცრი მოთხოვნები აქვთ. ამ ვალების დიდი ნაწილი არ ჩანს დაბალი და საშუალო შემოსვლის მქონე ქვეყნების მთავრობების საბალანსო ანგარიშზე, თუმცა მათი დიდი ნაწილი სარგებელს იღებს მასპინძელი მთავრობის პასუხისმგებლობის დაცვით, რომელიც ბუნდოვანს ხდის განსხვავებას კერძო და საჯარო ვალებს შორის. AidData-ს განცხადებით, მათ მიერ ანგარიშის გამოქვეყნებამდეც, გლობალურ ორგანიზაციებს, მათ შორის მსოფლიო ბანკსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს ჰქონდათ ინფორმაცია არსებული პრობლემის შესახებ.

ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ჩინეთისადმი ქვეყნების ვალით გამოწვეულ შეშფოთებას უფრო მეტად სი ძინპინის ამბიცია ამძაფრებს, ქვეყნის საზღვრებს გარეთ ჩინეთის ინტერესების გაძლიერებასთან დაკავშირებით. ამას გარდა კი, AidData-ს ანგარიშის გამოქვეყნების შემდგომ ბევრი ვარაუდობს, რომ ჩინეთის მიზანს სხვადასხვა პროექტიდან აქციების მიღება წარმოადგენს, მას შემდეგ, რაც დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნები ჩინეთისადმი დაგროვებული „დაფარული ვალის“ გადახდას ვერ მოახერხებენ.

შეგახსენებთ, რომ  „სარტყლისა და გზის“ ინიციატივა, ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის საერთაშორისო საინვესტიციო პროგრამა 2013 წელს დაარსდა. მასიური ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ასობით, ძირითადად დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყანამ მიიღო ჩინეთის სესხი. თუმცა ახლახან სი ძინპინის ინიციატივას G7-ის ინფრასტრუქტურული ინიციატივის “Built back better World”-ის სახით ახალი და ძლიერი კონკურენტი გამოუჩნდა.